შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ"
მიღების თარიღი 18.11.2013
ძალაში შესვლა 14.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №31/11
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2014
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
| საქართველოსთვის | ისრაელის სახელმწიფოსთვის |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS | סודי ביותר |
| სრულიად საიდუმლო SRULIAD SAIDUMLO | סודי |
| საიდუმლო SAIDUMLO | שמור |
| შეზღუდული სარგებლობისთვის SHEZGHUDULI SARGEBLOBISTVIS | מוגבל |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ"
შეთანხმება
"საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ"
საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც `მხარეები~);
სურთ რა, განავითარონ და გააძლიერონ თავიანთ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები;
აღიარებენ რა თავიანთი თანამშრომლობის საერთო ინტერესს თავიანთი მოსახლეობის, ფასეულობებისა და ინტერესების საფრთხეებისაგან დაცვის მიზნით;
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ დანაშაულმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობას, თავიანთი ქვეყნების მართლწესრიგს, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი შეუშალოს ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას;
ხაზს უსვამენ რა თავიანთ საერთო ინტერესს დანაშაულთან ბრძოლაში და საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;
აღიარებენ რა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა წევრებსაც მათი სახელმწიფოები წარმოადგენენ და რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმების სფეროს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თანამშრომლობის სფეროები
თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
a) ორგანიზებული დანაშაულის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება), კორუფციის, ტერორიზმის (მე-3 მუხლით დადგენილი განმახორციელებელი ორგანოების კომპეტენციის ფარგლების შესაბამისად) და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამართალდაცვითი ღონისძიებები;
b) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვა;
c) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო ბრუნვა, დამზადება, ხელშეწყობა, ფლობა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და მათით ვაჭრობა;
d) ადამიანებით ვაჭრობა;
e) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
f) კულტურისა და ხელოვნების მოპარული ნივთებისა და საგნების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები;
g) ფულის, ფასიანი ქაღალდების, უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებებისა და ოფიციალური დოკუმენტების, განსაკუთრებით სამგზავრო დოკუმენტების, გაყალბება და შეცვლა, მათი გავრცელება და გამოყენება;
h) კიბერინფრასტრუქტურის გამოყენებით ხელშეწყობილი დანაშაულები;
i) სხვა ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო დანაშაულები;
j) დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან აცილება;
k) საჯარო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა;
l) მეცნიერება და ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის;
m) საგანგებო სიტუაციების მართვა;
n) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა;
o) საექსპერტო-კრიმინალისტიკური ანალიზი (მე-3 მუხლით დადგენილი განმახორციელებელი ორგანოების კომპეტენციის ფარგლების შესაბამისად).
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის ფორმები
1. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით განსაზღვრული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგი ფორმებით:
a)ინფორმაციის გაცვლა;
b) ძებნილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, მოპარული ნივთებისა და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა საგნების ძებნაში თანამშრომლობა.
2. მხარეებს აგრეთვე შეუძლიათ ითანამშრომლონ შემდეგი ფორმებით:
a) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;
b) ერთობლივი სემინარების ჩატარება;
c) პროფესიონალი კადრების ტრენინგში დახმარება;
d) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაცვლა;
e) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული კვლევის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა.
3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და იგი უნდა განხორციელდეს მხარეებისათვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.
4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა არ მოიცავს სისხლის სამართლის საკითხებში სამართლებრივ ურთიერთდახმარებას და მან არ უნდა გადაუხვიოს ან/და გავლენა არ უნდა მოახდინოს მხარეების შესაძლებლობაზე, მოითხოვონ და აღმოაჩინონ სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამართლებრივი ურთიერთდახმარების მარეგულირებელი შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე, ან ინტერპოლის არხებით და ინტერპოლის წესებითა და რეგულაციების თანახმად განხორციელებულ მხარეთა თანამშრომლობაზე.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეების კომპეტენტური ორგანოები არიან:
საქართველოს მთავრობისთვის:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში წოდებული როგორც „შსს").
ისრაელის სახელმწიფოს მთავრობისთვის:
საჯარო უსაფრთხოების სამინისტრო (შემდგომში წოდებული როგორც „სუს").
2. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეებმა წერილობით უნდა გაცვალონ თავიანთი საკონტაქტო პუნქტების საკონტაქტო დეტალები წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.
3. მხარეებმა წერილობით უნდა აცნობონ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დასახელებების, კომპეტენციების ან საკონტაქტო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 4🔗
ერთობლივი სამუშაო ჯგუფები
1. მხარეებმა უნდა შექმნან ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში წოდებული როგორც „ესჯ"), რომელიც, მათ შორის:
a. შეაფასებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მდგომარეობას;
b) განიხილავს თანამშრომლობის შემდგომ სფეროებსა და ფაზებს;
c) განავითარებს და დაამტკიცებს თანამშრომლობის პროგრამებს;
d) შეთანხმდება დელეგაციების გაცვლასთან დაკავშირებით;
e) განახორციელებს წინამდებარე შეთანხმების დებულებების, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ფარგლებში შესაბამის ორგანიზაციებს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლს.
2. „ესჯ"-ს შეუძლია თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით შექმნას ქვეკომიტეტები, რომლებიც მხარეების შეთანხმებით იმოქმედებენ მუდმივ ან დროებით საფუძველზე.
3. „ესჯ" უნდა შეიკრიბოს დრო და დრო, მონაცვლეობით თბილისში და იერუსალიმში, ისე როგორც მხარეები შეთანხმდებიან.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) მომთხოვნი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
b) მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
c) მოთხოვნის საგანს;
d) მოთხოვნის მიზეზს;
e) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.
3. მოთხოვნები და პასუხები შედგნილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და ინგლისურ ენაზე.
4. გადაუდებელ შემთხვევებში, მხარეებს შეუძლიათ ზეპირი ფორმით მიმართონ ერთმანეთს. ასეთი მიმართვა უნდა დადასტურდეს წერილობით 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
პერსონალური მონაცემების გადაცემა და გამოყენება
1. „პერსონალური მონაცემები" წინამდებარე შეთანხმებაში ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს: იდენტიფიცირებადი პირი არის პირი, რომლის იდენტიფიცირება შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან მისი ერთი ან მეტი მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ფაქტორით.
2. პერსონალური მონაცემების (შემდგომში წოდებული როგორც „მონაცემები") გაცვლისთვის და გადაცემულ მონაცემებთან მოპყრობისთვის გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დებულებები:
a) პერსონალური მონაცემები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად უნდა გადაიცეს მხოლოდ იმ მიზნებით, რომლებიც განეკუთვნება მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციას;
b) მიმღებ მხარეს შეუძლია მონაცემების გამოყენება მხოლოდ თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნაში მითითებული მიზნებით და მონაცემების გადამცემი მხარის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ასეთი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებით, მხოლოდ მონაცემების გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით და ორივე მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით;
c) მონაცემების გადამცემი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მიმღებმა მხარემ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია გადაცემული მონაცემების გამოყენებისა და მისგან მიღწეული შედეგების შესახებ;
d) მონაცემების გადამცემმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გადაცემულ მონაცემთა სისწორე და უნდა შეამოწმოს გადაცემის აუცილებლობა და განზრახულ მიზანთან მისი შესაბამისობა. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პატივისცემა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს მონაცემთა გადაცემა. იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში დადასტურდება, რომ გადაცემული მონაცემები იყო არასწორი ან რომ ისინი არ უნდა გადაცემულიყო, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებ მხარეს. მან უნდა გაასწოროს შეცდომითი მონაცემები და უნდა გაანადგუროს ის მონაცემები, რომლებიც არ უნდა გადაცემულიყო;
e) მხარეებმა უნდა აწარმოონ მონაცემების გადაცემის, მიღებისა და განადგურების აღრიცხვა. აღრიცხულ ჩანაწერებში კერძოდ უნდა მიეთითოს გადაცემის მიზანი, მონაცემთა შინაარსი, ჩართული ორგანოები და განადგურების მიზეზები;
f) წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული პერსონალური მონაცემები შემდგომში არ უნდა გადაეცეს მესამე ორგანოებს ან სახელმწიფოებს;
g) მხარეებმა ეფექტურად უნდა დაიცვან გადაცემული მონაცემები შემთხვევითი ან უნებართვო შეღწევისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, შემთხვევითი ან უნებართვო ცვლილებისგან, შემთხვევითი ან უნებართვო გადაცემისგან, ან შემთხვევითი ან უნებართვო გამჟღავნებისგან.
მუხლი 7🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. მხარეები თანხმდებიან:
a) უზრუნველყონ ერთმანეთს შორის გაცვლილი ყველა საიდუმლო ინფორმაციის, ცოდნისა და ექსპერტიზის სათანადო დაცვა ნებისმიერი უნებართვო შეღწევისგან, შეცვლისგან, გამოქვეყნებისგან ან გავრცელებისგან;
b) დაიცვან ერთმანეთს შორის გაცვლილი ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, ცოდნა და ექსპერტიზა ნებისმიერი მესამე მხარისათვის გამჟღავნებისგან დაცვის ისეთივე ხარისხის შესაბამისად, რა ხარისხითაც თითოეული მათგანი ახორციელებს თავისი მსგავსი ხასიათის საიდუმლო ინფორმაციის, ცოდნისა და ექსპერტიზის დაცვას.
2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გადაცემული საიდუმლო ინფორმაცია და დოკუმენტები შეიძლება მიეწოდოს მესამე სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხოლოდ გადამცემი მხარის წერილობითი თანხმობით.
3. მიმღებმა მხარემ გამგზავნი მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია უნდა უზრუნველყოს დაცვის ისეთი დონით, რომელიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების დანართით მოცემულ ეკვივალენტობის ცხრილს. აღნიშნული დანართი შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
უარის თქმა მოთხოვნის შესრულებაზე
1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ თქვას უარი მოთხოვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ მოთხოვნის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ ინტერესებს, ან თუ იგი ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულებაზე სრულად ან ნაწილობრივ ითქვა უარი, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ დროულად და წერილობით უნდა აცნობოს მომთხოვნ მხარეს უარის თქმის მიზეზების შესახებ.
მუხლი 9🔗
ხარჯები
თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული თავისი საკუთარი ყველა ხარჯი, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ერთობლივად სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 10🔗
დამოკიდებულება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენეს მხარეების მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებზე და მათთვის მინიჭებულ უფლებებზე.
მუხლი 11🔗
დავების გადაწყვეტა
1. მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ან გამოყენებისას ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში:
a) მხარეებმა, პირველ რიგში, უნდა განახორციელონ ყველა გონივრული ძალისხმევა მეგობრული გადაწყვეტის მიღწევისთვის მე-3 მუხლში მითითებული საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით;
b) ამგვარი გადაწყვეტის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს „სუს"-ის გენერალურ დირექტორსა და „შსს"-ს შორის პირდაპირი კონსულტაციების გზით ან, უკიდურეს შემთხვევაში, დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკებების გზით.
2. დავის გადაწყვეტის მიმდინარეობისას ორივე მხარემ უნდა განაგრძოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თავიანთი ყველა ვალდებულების შესრულება.
მუხლი 12🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასეთი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 13🔗
კომუნიკაციის ენა
თითოეული მხარის მიერ წარმოებული ყველა კომუნიკაცია უნდა შესრულდეს წერილობით და ინგლისურ ენაზე.
მუხლი 14🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე (30-ე) დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე წერილობით დიპლომატიური არხებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. იგი წყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ.
3. ასეთი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა დაიწყონ კონსულტაციები იმ მიზნით, რათა სრულად შეაფასონ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტით გამოწვეული შედეგები და მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია მოქმედების შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი შესაძლო პრობლემების შესამსუბუქებლად.
4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მისი მოქმედების შეწყვეტამდე უკვე ინიციირებული თანამშრომლობის ღონისძიებები (საიმპლემენტაციო შეთანხმებები, კონტრაქტები და სხვა ინსტრუმენტები) უნდა გაგრძელდეს მათ დასრულებამდე.
შესრულებულია ქ. ____________, 20__ წლის ____________, რომელიც შეესაბამება 577__ წლის ____________, ორ დედნად, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დანართი
საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე
საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოების გრიფები და მათი ეკვივალენტობა
საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-7 (3) მუხლის გათვალისწინებით, მხარეები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენენ, რომ საიდუმლო ინფორმაციის შემდეგი საიდუმლოების გრიფები არის ეკვივალენტური:
საქართველოსთვის
ისრაელის სახელმწიფოსთვის
ეკვივალენტი
ინგლისურ ენაზე
განსაკუთრებული მნიშვნელობის
GANSAKUTREBULI
MNISHVNELOBIS
סודי ביותר
TOP SECRET
სრულიად
საიდუმლო
SRULIAD SAIDUMLO
סודי
SECRET
საიდუმლო
SAIDUMLO
שמור
CONFIDENTIAL
შეზღუდული სარგებლობისთვის SHEZGHUDULI SARGEBLOBISTVIS
מוגבל
RESTRICTED