ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.09.2014
ძალაში შესვლა 19.09.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 19 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებას, განხორციელებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
ბ) ბუღალტერია;
გ) მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფა და შესყიდვები;
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
გ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ო) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 8-ე მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 12-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების 15-ე მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;
თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
მუნიციპალიტეტის ბუღალტერია
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბუღალტერია წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
ე) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;
დ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას, საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) საკრებულოს, და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;
ვ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;
ზ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას
თ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ი) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ეს დებულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.