1. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათი განხილვის თანმიმდევრობას. დღის წესრიგის პროექტს საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება სხდომაზე, როგორც გამონაკლისი განხილული იქნეს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხები. აგრეთვე ამ წესით შეიძლება შეიცვალოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობა ან საერთოდ მოიხსნას საკითხი საკრებულოს სხდომაზე განხილვიდან.

2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეძლევა სამწუთიანი სიტყვა. დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებაზე, დღის წესრიგში საკითხის დამატებაზე ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებაზე საკრებულო გადაწყვეტილებას ღებულობს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერით მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

3. სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დღიის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების (პროექტების) უშუალო განხილვამდე საკრებულოს წევრებს ეძლევათ უფლება გააკეთონ ,,მიმართვები და განცხადებები“, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღის წესრიგით. ასეთ საკითხებზე საკრებულოს წევრის სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და მისი გაზრდა დაუშვებელია. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს (გააკეთოს მიმართვა ან/და განცხადება) მხოლოდ ერთხელ.

4. მიმართვებისა და განცხადებების დასრულების შემდეგ საკრებულო გადადის საკითხების (პროექტების) უშუალო განხილვაზე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ყოველი პროექტის განხილვის დასრულებისთანავე ან რამდენიმე საკითხის განხილვის შემდეგ (თუ პროექტები ერთმანეთთან დაკავშირებულია დარგობრივად ან/და ამ საკითხების წარმომდგენი ერთი მომხსენებლით) მაგრამ ყველა საკითხს (პროექტს) ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად უნდა ეყაროს კენჭი.

5. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო ერთ სამუშაო დღეს, სხდომა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღეს ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ დღე