განჩნება სს „გუდვილის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებლები – 1. სს „გუდვილი”
რეაბილიტაციის მმართველი გიორგი ჩუმაშვილი
2. სს „გუდვილის” მომწოდებელთა არარეგისტრირებული კავშირის –
თავმჯდომარე ნუნუ ფორჩხიძე
მოთხოვნა - სს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი ჩუმაშვილისა და სს „გუდვილის” მომწოდებელთა არარეგისტრირებული კავშირის – თავმჯდომარის ნუნუ ფორჩხიძის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცედურა. 2014 წლის 08 ივლისს კრედიტორთა კრებაზე სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა გიორგი ჩუმაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 18 სექტემბერს განცხადებით მომართეს სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველმა გიორგი ჩუმაშვილმა და კრედიტორთა 10%-ზე მეტი ხმის უფლების მქონე სს „გუდვილის” მომწოდებელთა არარეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარემ ნუნუ ფორჩხიძემ და მოითხოვეს კრების მოწვევა.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.
მეორე ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.
მეოთხე ნაწილით კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „გ” და „დ ” ქვეპუნტების მიხედვით, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს, „კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი შემადგენლობის, უფლებამოსილების ფარგლებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრისა და მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.
კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორთა კომიტეტი არის ფაკულტატური ორგანო. კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი წევრების არჩევის, გათავისუფლების და მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესს, წევრთა რაოდენობასა და უფლებამოსილების ფარგლებს კრედიტორთა კრება განსაზღვრავს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის 30-ე მუხლის თანახმად, კრედიტორთა კრებაზე ხდება აგრეთვე კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება;
2) სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის შექმნისა და მისი უფლებამოსილების შესახებ: ა) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტისა და დებულების დამტკიცება; ბ) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა; გ) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა არჩევა;
3) სს ”გუდვილის კრედიტორთა წინაშე გუდვილის რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;
4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 09 ოქტომბერს 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებით წარმოდგენილ კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება.
1.2. სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის შექმნისა და მისი უფლებამოსილების შესახებ. ა) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტისა და დებულების დამტკიცება; ბ) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა; გ) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა არჩევა.
2. სს „გუდვილის კრედიტორთა წინაშე გუდვილის რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ.
3. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე – www. tcc.gov.ge.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი