შპს "2G" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1113-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1113-14წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2014 წლის 22 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,2 G’’ (ს/ნ 431945470).

დირექტორი: კონსტანტინე კალატოზი.

მოთხოვნა –მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,2 G’’-ს (დირექტორი კონსტანტინე კალატოზი) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   2014 წლის 18 სექტემბერს შპს ,,2 G’’-ს სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა საზოგადოების დირექტორმა კონსტანტინე კალატოზმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია დავალიანება – საზოგადოების დირექტორის კონსტანტინე კალატოზის მიმართ 400 ლარი, ბუღალტერის ოთარი ცხადაძის მიმართ 200 ლარი და საბურავების მომწოდებელი გერმანული ფირმის ,,DIKAPRO’’ -ს მიმართ 11301,5 ლარი (500 ევრო). განცხადებლის განმარტებით საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე არ ერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე და სალაროში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,2 G’’-ს გაკოტრებას.

   სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისშესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

   ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

  მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

  საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან და სსიპ – მომსახურების სააგენტოდან), საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი არ აქვს (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან), თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება საზოგადოების დირექტორის კონსტანტინე კალატოზის მიმართ თანხით 400 ლარი, საზოგადოების ბუღალტრის ოთარ ცხადაძის მიმართ თანხით 200 ლარი და საბურავების მომწოდებელი გერმანული ფირმის ,,DIKAPRO’’-ს მიმართ – თანხით 11301,5 ლარი (500 ევრო). ამასთან საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტით ირკვევა, რომ კომპანიას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნია და აქვს ზედმეტობა თანხით 1755,31 (ზედმეტობა 4941 ლარი, ნარჩენი 3185,69 ლარი) ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

  სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,2 G’’-ს დირექტორს კონსტანტინე კალატოზს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                      გენადი მაკარიძე