ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2014 წლის 24 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–2 და და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართის N1–ის შესაბამისად. (დანართი N1 თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №11 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 06/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016011).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების (შემდგომში – შიდა აუდიტის ობიექტები) საქმიანობის შიდა კოტროლის, კანონიერებისა და ეფექტურობის მონიტორინგის განხორციელებას.
3. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
4. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.
5. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და თანამშრომლებისაგან.
6. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
7. სამსახური უშუალოდ ექვემდებარება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ფუნქციურად დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
8. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
9. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
10. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი №45.
12. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა.
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არსებული რისკების დადგენა, გამოვლენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ბ) საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მერის ან/და შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისათვის წარდგენა;
დ) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
თ) რესურსების გამოყენების შეფასება, ეკონომიურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის კუთხით და რეკომენდაციების შემუშავება, ხარჯთეფექტურობის გასაუმჯობესებლად;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შიდა კონტროლის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ლ) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
მ) შიდა აუდიტის ობიექტის კონტრაქტორების, დაფინანსებაზე მყოფი სხვა პირების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების ან/და შიდა აუდიტის ობიექტისაგან მიღებული სახსრების კანონიერად ხარჯვის მონიტორინგის/აუდიტის განხორციელება;
ნ) საქმიანობის მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ო) თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოკვლევა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების გზით, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისთვის წარდგენა;
პ) მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ჟ) საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
რ) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების შედეგების გათვალისწინებით შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ს) მერის ცალკეული დავალებების შესრულება.
2. სამსახური აწარმოებს სამუშაო დოკუმენტაციის (მიმოწერა, ანგარიშები, რეკომენდაციები, შემუშავებული პროექტები, სხვა სახის კორესპონდენცია და ა.შ.) სისტემატიზაციას (ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით, ქრონოლოგიური, თემატური ან სხვა ნიშნით) და შენახვას. დოკუმენტაციის სისტემატიზაციის მიზანია საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისა და მონიტორინგის, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების ამსახველი და სხვა ცალკეული დოკუმენტის დროული მოძიება, სამსახურებრივი ანგარიშების მომზადებისა და სტატისტიკის წარმოების გამარტივება, მონიტორინგისა და სხვა ფუნქციამოვალეობების შესრულების ხელშეწყობა და გაადვილება;
მუხლი 4🔗.
სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელება
1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით.
2. რისკების შეფასების საფუძველზე სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს მერთან შეთანხმებით:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მერს. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამსახურის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას ადგენს სამსახურის უფროსი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მერს.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, გამოსცეს ბრძანება არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ.
4. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის წინადადებით, რისკის შეფასების საფუძველზე.
7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე და ისინი (ყველა განხორციელებულ ცვლილებასთან ერთად) ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს.
8. შიდა აუდიტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ)გაცემული რეკომენდაციებისა და დამტკიცებული ინსტრუქციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი.
9. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს სამსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მერის დავალება ან/და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, შიდა აუდიტორული დავალებები ან მითითებები.
10. სამსახურის უფროსის მიერ შემუშავებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, ფარგლები, აუდიტის სახე, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდება და სხვა.
11. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
12. შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
13. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გასაცნობად წარედგინება შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელს, რომელიც პროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით წარმოადგენს თავის მოსაზრებებს. ამის შემდეგ სამსახურის უფროსი აყალიბებს საბოლოო სახით შიდა აუდიტორულ ანგარიშს, საჭიროების შემთხვევაში ინსტრუქციების პროექტებს, მათი შესრულების სამოქმედო გეგმას, გასცემს რეკომენდაციებს და წარუდგენს მერს.
14. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის შესაბამისად შემუშავებული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
15. სამსახურის უფროსი მერსა და უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს.
16. კანონიერების დაცვის მონიტორინგს სამსახური ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალების, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციების მოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის გზით.
17. შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება დასკვნა და წარედგინება შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელსა და მერს.
18. მონიტორინგი ხორციელდება ასევე აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შიდა აუდიტის ობიექტის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მეშვეობით.
19. სამსახური შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ასევე სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს მერს შესაბამისი რეაგირების მიზნით.
20. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ასევე სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.
21. შიდა აუდიტის ობიექტი (ობიექტის მოსამსახურე) ვალდებულია შიდა აუდიტის ან/და მონიტორინგის განხორციელების პროცესში წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით სამსახურს წარუდგინოს ახსნაგანმარტება.
22. სამსახური თავისი ფუნქციების შესრულების დროს უფლებამოსილია:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნაგანმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები;
გ) მონიტორინგისა და შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
დ) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სათანადო წესით დაუკვეთოს შესაბამის იურიდიულ პირებს ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება;
ვ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები.
თავი III
სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას;
დ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და მუშა ჯგუფის წევრების რაოდენობას;
ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ი) მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას;
კ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
ლ) სამსახურის თანამდებობის პირებს აძლევს შესაბამის დავალებებსა და მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
მ) დადგენილი წესით მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, სავალდებულო მითითებებს;
ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;
პ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;
ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
რ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ს) ესწრება მერის თათბირებს;
ტ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;
უ) სამსახურის ერთერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციის შესრულებას, რომელიც ასევე ახორციელებს სამსახურებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაციას.
ფ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება ერთერთ მთავარ სპეციალისტს.
6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლების (შიდა აუდიტორების) უბლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომელი (შიდა აუდიტორი) უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
2. მერიის თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან, მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის თანამშრომლებს შორის ფუნქციამოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
3. აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის შუამდგომლობითა ან/და მერის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შესაბამისი ვადითა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული იქნენ ცალკეული სპეციალისტები.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗.
სხვა დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.