ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2014
ძალაში შესვლა 24.09.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.171.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 23.05.2011
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2014 წლის 24 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 მაისის №17 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 24 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო
სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახური
1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, დავით გურამიშვილის ქ. №13.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა და თანამდებობები
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.
თავი III
სამსახურის ამოცანები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;
გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია
1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;
2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა;
5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება;
7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება;
8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 6🔗.
სამსახურის მართვა
1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფროსი
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;
ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;
მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და მერიაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;
ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, მერის დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონის შესაბამისად.