ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8/33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,549 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2014 მიღება
01.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №8/33 2014 წლის 29 სექტემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანახმად დანართი 1-ისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/55 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა დანართი №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც   მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია:  ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის  ქუჩა №12. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება; გ) იურიდიული განყოფილება; დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ვ) საგარეო ურთიერთობათა და პროტოკოლის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და  სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს და მუნიციპალურ სამსახურებს შორის; დ) საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ე) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ვ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ზ) საკრებულოსა და  მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; თ) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერის,  მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და   საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან; გ) საქმისწარმოების განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის პირველად დახარისხებაზე ზედამხედველობას; დ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვას; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება სამსახურის ადამიანური რესურსების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;  მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;  მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; გ)  მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს  მერიის  თანამდებობის პირების მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;  მერიის მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; დ)  მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ე) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ვ)  მერიის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ზ)  მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; თ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ლ)  მერიის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის)  ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ნ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; დ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. საგარეო ურთიერთობათა და პროტოკოლის განყოფილების ფუნქციები საგარეო ურთიერთობათა და პროტოკოლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური, საზოგადო, მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის საგარეო ურთიერთობების განვითარებას და კოორდინაციას; გ) უცხოეთში გასაგზავნი ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრასა და სამუშაო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას; დ)  ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავების ხელშეწყობას; ე)  მერიის თანამდებობის პირების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების, ასევე მივლინებების ორგანიზებას; ვ)  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზებას; ზ)  მერიის სამახსოვრო ალბომის წარმოებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფას; თ) უცხოეთის ქვეყნების მეგობარი ქალაქების ხელმძღვანელებზე გასაგზავნი წერილების, შეტყობინების მომზადებას და გაგზავნის ორგანიზებას; ი) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის მეგობარი ქალაქების, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევის ორგანიზებას; კ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ქალაქში და საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზებას; ლ)  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილებასთან ერთად  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოსული უცხო ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებებით; მ) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის დებულებით დამუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეების ფუნქციები 1. აწარმოებენ შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსული კორესპონდენციების ანალიზს და სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებენ შესაბამის კორესპონდენციებს; 2. ახორციელებენ კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე; 3. უზრუნველყოფენ დაწესებულებების, ორგანიზაციების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაციას; 4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების, სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗. სამსახურის ქონება სამსახურის მთელი ქონება შეადგენს  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. მუხლი 12🔗. დასკვნითი ნაწილი სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.