„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და საერთო წონა – 44 ტონას, გატარებული იქნებიან მხოლოდ აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას, მათი გატარება დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 19 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
№2516-რს