აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი"-ის გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16492-14 (330210314600721)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2014 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი” (ს/კ 232539385)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და განმარტა, რომ შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი” წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუქნციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება 35 083 ლარის საბაზრო ღირებულების მქონე 58 დასახელების მოძრავი ნივთი. შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” სახელზე ირიცხება ასევე სატრანსპორტო საშუალება „ვაზ 21063”, რომელიც 2014 წლის 14 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონზე შეძენილ იქნა გივი რთველიაშვილის მიერ. შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი (მოთხოვნის ოდენობა 81 789,84 ლარია). სხვა კრედიტორი საწარმოს არ ყავს. საწარმოს გახსნილი აქვს ანგარიში სს „ლიბერთი ბანკში”, თუმცა ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.
მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოითხოვა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” გაკოტრება.
სამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიიჩნია, რომ შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულია, რომ ორგანიზაციის ბალანსზე დღეისათვის ირიცხება 58 დასახელების მოძრავი ნივთი, რომელთა სავარაუდო საბაზრო ღირებულება შეადგენს 35 083 (ოცდათხუთმეტი ათას ოთხმოცდასამი) ლარს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ საპროცესო ხარჯების დაფარვასთან ერთად მოვალის ქონება უზრუნველყოფს კრედიტორული მოთხოვნის ნაწილის დაფარვასაც.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” (ს/კ 232539385) განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და წარმოების დაწყების გარეშე მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების საფუძველი.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-19-21-ე, 24-27-ე, 29-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” (ს/კ 232539385) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;
2. შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” (ს/კ 232539385) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;
3. აეკრძალოს შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” დირექტორს
შპს „რეაბილიტაციას” (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე), რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი)
დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 12 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23).
10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2014 წლის 8 ოქტომბრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე