ფინანსური პროტოკოლი საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
მიღების თარიღი 13.05.2014
ძალაში შესვლა 19.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/32
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტექსტი
ფინანსური პროტოკოლი საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ფინანსური პროტოკოლი საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
ურთიერთმეგობრობის, თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას გააგრძელონ ბრძოლა საერთაშორისო კომერციულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული კორუფციის წინააღმდეგ,
შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:
მუხლი1. ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა და მიზანი
საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა საქართველოს მთავრობას გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლებას.
აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, არაუმეტეს 13 200 000 (ცამეტი მილიონ ორასი ათასი) ევროს ოდენობით, განკუთვნილია ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის,
– ფრანგული საქონლისა და მომსახურების საფრანგეთში შესყიდვის დასაფინანსებლად;
– გამონაკლისის სახით და ყოველი დაფინანსებული კონტრაქტისათვის ქართული ან უცხოური საქონლის და მომსახურების შესყიდვის დასაფინანსებლად, თითოეული ფინანსური მხარდაჭერის 30%-ის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსებული კონტრაქტის განხორციელება მოხდება ფრანგი მომწოდებლების პასუხისმგებლობით.
მუხლი 2🔗. ფინანსური მხარდაჭერის შემადგენლობა და პროექტის დაფინანსების ფორმები
პირველ მუხლში მოხსენიებული ფინანსური მხარდაჭერა მოიაზრებს საფრანგეთის ხაზინის სესხს, რომელიც არ აღემატება 13 200 000 (ცამეტი მილიონ ორასი ათასი) ევროს და განკუთვნილია შესწავლის, აღჭურვილობისა და ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების მშენებლობის და ამოქმედების ტექნიკური დახმარების დასაფინანსებლად.
ყოველი დაფინანსებული კონტრაქტის პირველი საავანსო გადასახდელი შეადგენს დაფინანსებული კონტრაქტის ღირებულების 10%-დან და 20%-მდე, ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯების გარეშე.
მუხლი 3🔗. ფინანსური მხარდაჭერის ფორმები და პირობები
საფრანგეთის ხაზინის სესხის ხანგრძლივობაა 20 წელი, 6-წლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,17%-ს. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა მოხდება 28 თანაბარი და თანამიმდევრული ნახევარწლიანი გადახდების სახით. პირველი ამგვარი გადახდა მოხდება იმ კალენდარული კვარტალის დასრულებიდან 78 თვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც მოხდა თანხების ჩამორიცხვა.
პროცენტი გამოითვლება სესხის ათვისებულ და დაუფარავ ნაწილზე, მისი დარიცხვა იწყება საფრანგეთის ხაზინის სესხის ყოველი ჩამორიცხვის თარიღიდან და გადაიხდება ნახევარწლიანი ინტერვალით.
იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი თანხის ან საპროცენტო გადასახდელების გადახდის თარიღი საფრანგეთში არ არის საბანკო დღე (უქმე დღე), გადახდა ხორციელდება მომდევნო საბანკო (სამუშაო) დღეს. ძირითადი თანხის ან საპროცენტო გადასახდელების დანიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ადგილი ექნება ვადის გადაცილების პროცენტების დარიცხვას, რომლებიც იანგარიშება გადახდის მოთხოვნის დღიდან განხორციელებული გადახდის მომენტამდე. ვადაგადაცილებულ გადასახდელზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ ევროთი შეწონილ საშუალო ევროპულ პროცენტულ განაკვეთს (TEMPE) დამატებული 4%. თუმცა ეს განაკვეთი წელიწადში 5%-ზე ნაკლები ვერ იქნება. თუ ვადის გადაცილების პროცენტების გადახდა არ მოხდება მთელი წლის განმავლობაში, მას, თავის მხრივ, დაერიცხება ზემოხსენებული პროცენტი.
განხორციელების ხელშეკრულება გაფორმდება Natixis–ს (ინსტიტუციური ღონისძიებების დირექცია), რომელიც მოქმედებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით და მის ინტერესებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის, რომელიც მოქმედებს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით და მის ინტერესებში. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს საფრანგეთის ხაზინის სესხის გამოყენებისა და მისი დაფარვის წესებს.
მუხლი 4🔗. ანგარიშისწორების და გადახდის ვალუტა
ანგარიშისწორების და გადახდის ვალუტა წინამდებარე პროტოკოლის თანახმად არის ევრო.
მუხლი 5🔗.
კონტრაქტების რეგისტრაცია
წინამდებარე პროტოკოლის პრეამბულაში მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას გააგრძელონ ბრძოლა საერთაშორისო კომერციულ ტრანსაქციებთან დაკავშირებული კორუფციის წინააღმდეგ. წინამდებარე პროტოკოლის ფარგლებში დადებული კონტრაქტების მონაწილე მხარეებს არ შეუძლიათ შესთავაზონ ან მისცენ მესამე პირს, სთხოვონ, დაეთანხმონ, შეიპირონ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, თავიანთ ან სხვის სასარგებლოდ ნებისმიერი შეუსაბამო სარგებელი, ფულადი ან სხვა სახის, რომელიც უკავშირდება, ან შეიძლება უკავშირდებოდეს არაკანონიერ ქმედებას ან კორუფციას.
პირველ მუხლში აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეული დაფინანსებული კონტრაქტის დადების პირობაა:
– დაფინანსებული კონტრაქტის შესაბამისობა იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც განსაზღვრულია პროექტის წინასწარი შეფასების დოკუმენტში;
– პროექტის შესაბამისობის შემოწმება სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებული ექსპორტის კრედიტების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დადგენილ წესებთან.
– საქართველოს მიერ საფრანგეთის მთავრობის მიმართ სესხების ფარგლებში გადაუხდელი ან ვადაგადაცილებული თანხების არარსებობა.
– საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ფრანგული სადაზღვევო კომპანია COFACE-ის მიერ გარანტირებული და გაცემული, საქართველოსთვის ან მისი სახელმწიფო სექტორისათვის ან საქართველოს გარანტიებით, საბანკო სესხის სახით ვადაგადაცილებული თანხების გადამოწმება.
პირველ მუხლში მოხსენიებულ პროექტთან დაკავშირებული თითოეულ დაფინანსებულ კონტრაქტთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოები აღიარებენ, რომ პირობები ჯეროვნადაა შესრულებული, მოხდება მისი რეგისტრაცია წინამდებარე პროტოკოლის ფარგლებში, რაც განხორციელდება წერილების გაცვლის გზით საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებით აღჭურვილ, სამხრეთ კავკასიის და თურქმენეთში ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელსა (მდებარეობს ბაქოში) და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის.
მუხლი 6🔗. საფრანგეთის მთავრობის სესხის მოქმედების ვადა
ზემოხსენებულ პირველ მუხლში განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ფრანგ მომწოდებელსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაცია უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.
წინამდებარე პროტოკოლით განსაზღვრული საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში თანხების გამოთხოვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა.
ეს ვადები არ შეიძლება გაგრძელდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ორმხრივი შეთანხმების შედეგად მხარეებს შორის წერილების გაცვლის საფუძველზე.
მუხლი 7🔗. გადასახადები
საფრანგეთის ხაზინის ფინანსური მხარდაჭერის თანხებიდან არ დაფინანსდება არანაირი პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადები, საბაჟო გადასახადები, სავალდებულო მოსაკრებლები ან ადმინისტრაციული ხარჯები საქართველოში.
იმ მიზნით, რომ წინამდებარე პროტოკოლით გათვალისწინებული ფინანსური სახსრები სრულად მოხმარდეს საქართველოს განვითარებას, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პროტოკოლის ფარგლებში დარეგისტრირებული კონტრაქტებისათვის საქონლისა და მომსახურების მიწოდება, ფრანგული საწარმოების ტექნიკური დახმარების ჩათვლით, ასევე იმპორტი/ექსპორტი, შესყიდვა, გამოყენება ან ფლობა პროტოკოლით გათვალისწინებული მიწოდებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურეობის, თუ დაექვემდებარება საქართველოში რაიმე სახის საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს, საბაჟო გადასახადებს ან საქართველოში სავალდებულო მოსაკრებლების გადახდას, მიუხედავად მათი ბუნებისა და შინაარსისა, მათი გადახდა დაეკისრება ქართველ მყიდველს.
ამასთან, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა და წინამდებარე პროტოკოლის განხორციელებასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდა მოხდება საქართველოში არსებული გადასახადების გარეშე.
მუხლი 8🔗. პროექტის შეფასება მისი დასრულების შემდეგ
იმისათვის, რომ გამოჩნდეს, მიაღწია თუ არა პროექტმა თავის მიზნებს, საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შეუძლია თავისი ხარჯით განახორციელოს წინამდებარე პროტოკოლით გათვალისწინებული პროექტის ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო შეფასება მისი დასრულების შემდეგ.
იმ ფორმების მიხედვით, რომლებიც შემდგომში იქნება განსაზღვრული, საქართველოს მთავრობა, სურვილისამებრ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნული შეფასების მომზადებაში, რათა პირდაპირ ისარგებლოს შეფასების შედეგებით. საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს მიიღოს საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში აღნიშნული შეფასების განსახორციელებლად გამოგზავნილი მისია და ხელი შეუწყოს მას პროექტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.
მუხლი 9🔗. ძალაში შესვლა
წინამდებარე პროტოკოლი ძალაში შედის ქართული მხარის მიერ ფრანგული მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების დღეს, რომლითაც ქართული მხარე შეატყობინებს ფრანგულ მხარეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინამდებარე პროტოკოლის ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დაკმაყოფილებულია.
მუხლი 10🔗. ცვლილებები პროტოკოლში
წინამდებარე პროტოკოლში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წერილობითი ფორმით. ამგვარი ცვლილება ძალაში შედის წინამდებარე პროტოკოლის მე-9 მუხლში აღნიშნული პროცედურების შესაბამისად. ნებისმიერი ასეთი ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე პროტოკოლის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 11🔗. სადავო საკითხთა გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი სადავო საკითხი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს წინამდებარე პროტოკოლის ინტერპრეტაციას თუ განხორციელებას, უნდა გადაწყდეს კონსულტაციის ან მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
რის საფუძველზეც წინამდებარე პროტოკოლი ხელმოწერილია ორი მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
თბილისი, 2014 წლის 13 მაისი
(დედანი ორ ეგზემპლარად, თითოეული ფრანგულ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა.)
საქართველოს საფრანგეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
ნოდარ ხადური ფლორ პელერენ
საქართველოს ფინანსთა სახელმწიფო მდივანი
მინისტრი საგარეო ვაჭრობის,
ტურიზმის ხელშეწყობისა და
ფრანგულ დიასპორის საკითხებში