გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მიღების თარიღი 20.12.1988
ძალაში შესვლა 08.04.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1919/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2014
matsne.gov.ge 9,472 სიტყვა · ~47 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.1988 მიღება
08.04.1998 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 23.04.2015 შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 15.04.1994 სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 22.01.1993 ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 24.06.2025 საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 91% 28.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიღებული კონფერენციის მიერ მის მე-6 პლენარულ სხდომაზე, 1988 წლის 19 დეკემბერს მოცემული კონვენციის მხარეები, ღრმად შეშფოთებულნი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოების, მათზე მოთხოვნისა და მათი ბრუნვის დიდი მასშტაბებითა და ზრდის ტენდენციით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებზე, ღრმად შეშფოთებულნი აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის სულ უფრო მეტად შეღწევით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში და კერძოდ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს მრავალ კუთხეში ბავშვებს იყენებენ უკანონო ნარკოტიკულ საშუალებათა სამომხმარებლო ბაზრად და აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოების, გავრცელებისა და მათით ვაჭრობის მიზნით, რაც განუზომლად დიდი საფრთხის შემცველია, აღიარებენ რა კავშირს უკანონო ბრუნვასა და ორგანიზებული დანაშაულის მასთან დაკავშირებულ სხვა ფორმებს შორის, რომლებიც ძირს უთხრიან ლეგალურ ეკონომიკასა და სახელმწიფოთა სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენობას, აღიარებენ რა აგრეთვე, რომ უკანონო ბრუნვა წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულებრივ საქმიანობას, რომლის აღმოფხვრაც გადაუდებელ ყურადღებასა და ამ პრობლემისთვის უდიდესი პრიორიტეტის მინიჭებას მოითხოვს, აცნობიერებენ რა, რომ უკანონო ბრუნვას მოაქვს დიდი ფინანსური მოგება და სიმდიდრე, რაც ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს სამთავრობო სტრუქტურებში, ლეგალურ კომერციულ და საფინანსო ბიზნესში და საზოგადოების ყველა დონეზე შეღწევის, მათი გახრწნისა და კორუმპირების საშუალებას აძლევს, მტკიცედ აქვთ რა გადაწყვეტილი, ჩამოართვან უკანონო ბრუნვაში ჩაბმულ პირებს მათ მიერ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი და ამით მოუსპონ მათ ამგვარი ქმედების მთავარი სტიმული, მოწადინებულნი არიან რა, აღმოფხვრან ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ძირეული მიზეზები, ამგვარ საშუალებებსა და ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნისა და უკანონო ბრუნვის შედეგად მიღებული უზარმაზარი მოგების ჩათვლით, მიაჩნიათ რა, რომ საჭიროა ზომების მიღება, რათა მოხდეს მონიტორინგი ზოგიერთი ნივთიერებისა, იმ პრეკურსორების, ქიმიური პრეპარატებისა და გამხსნელების ჩათვლით, რომელთა გამოყენებითაც მზადდება ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომელთა ადვილმა ხელმისაწვდომობამაც გამოიწვია ამგვარ საშუალებათა და ნივთიერებათა ფარული დამზადების ზრდა, მტკიცედ აქვთ რა გადაწყვეტილი, გააუმჯობესონ საერთაშორისო თანამშრომლობა უკანონო ბრუნვის აღმოსაფხვრელად ზღვაზე, აღიარებენ რა, რომ უკანონო ბრუნვის ამოძირკვა ყველა სახელმწიფოს კოლექტიური მოვალეობაა, და რომ ამ მიზნით აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომპეტენციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლის დარგში და მოწადინებულნი არიან რა, რომ ამგვარი კონტროლით დაკავებულმა საერთაშორისო ორგანოებმა ამ ორგანიზაციის სტრუქტურის ფარგლებში იმოქმედონ, კვლავ ადასტურებენ რა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სფეროში არსებულ ხელშეკრულებათა სახელმძღვანელო პრინციპებსა და კონტროლის სისტემებს, რომელთაც ისინი შეიცავს, აღიარებენ რა საჭიროებას, გააძლიერონ და შეავსონ ზომები, გათვალისწინებული 1961 წლის „ერთიან კონვენციაში ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ“, ამავე კონვენციაში, შესწორებულში 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“ და 1971 წლის „კონვენციაში ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“, იმისთვის, რათა წინ აღუდგნენ უკანონო ბრუნვის მასშტაბისა და მოცულობის ზრდას და მის მძიმე შედეგებს, აღიარებენ რა აგრეთვე უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დანაშაულებრივ ქმედებათა აღმოსაფხვრელად სისხლისსამართლებრივ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ლეგალურ საშუალებათა გაძლიერებისა და განმტკიცების მნიშვნელობას, მოწადინებულნი არიან რა, დადონ ყოვლისმომცველი, ეფექტიანი და ქმედითი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულად უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და რომელიც განიხილავს მთლიანობაში აღებული პრობლემის სხვადასხვა ასპექტს, კერძოდ იმ ასპექტებს, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების დარგში არსებული ხელშეკრულებებით, ამგვარად, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრები გარდა შემთხვევებისა, როდესაც პირდაპირ არის სხვაგვარად მითითებული, ანდა კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ამ კონვენციაში გამოიყენება შემდეგი განსაზღვრები: a) „კომიტეტი“ ნიშნავს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს, დაარსებულს თანახმად 1961 წლის „ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიანი კონვენციისა“ და ამავე კონვენციისა, შესწორებულისა 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“; b)  „კანაფის მცენარე“ ნიშნავს ნებისმიერ მცენარეს, რომელიც ეკუთვნის გვარს ჩანნაბის; c)  „კოკაინის ბუჩქი“ ნიშნავს მცენარეს ნებისმიერი სახეობისა, რომელიც ეკუთვნის გვარს ჶრყტჰროხყლონ; d) „კომერციული გადამზიდავი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს ან ნებისმიერ სახელმწიფო, კერძო ან სხვა სახის ორგანიზაციას, დაკავებულს პირების, საქონლის ან ფოსტის ტრანსპორტირებით ანაზღაურების, ქირის ან რაიმე სხვა სარგებლის სანაცვლოდ; e)  „კომისია“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ნარკოტიკულ საშუალებათა კომისიას; f)  „კონფისკაცია“, რომელიც შესაბამის შემთხვევებში მოიცავს ამოღებასაც, ნიშნავს საკუთრების სამუდამო ჩამორთმევას სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს დადგენილების თანახმად; g)  „კონტროლირებული მიწოდება“ ნიშნავს მეთოდს, რომლის დროსაც უშვებენ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ამ კონვენციისთვის დართულ i ცხრილსა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების, ან მათი შემცვლელი ნივთიერებების უკანონო ან საეჭვო პარტიის გამოსვლას, გავლას ან შესვლას ერთი ან მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ კომპეტენტურ ორგანოთა მხრიდან ამის ცოდნითა და მეთვალყურეობით, იმ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც კონვენციის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევად ცნობილ ქმედებათა ჩადენაში მონაწილეობენ; h)  „1961 წლის კონვენცია“ ნიშნავს 1961 წლის „ერთიან კონვენციას ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ“; i)   „1961 წლის შესწორებული კონვენცია“ ნიშნავს 1961 წლის „ერთიან კონვენციას ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ“, შესწორებულს 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“; j)  „1971 წლის კონვენცია“ ნიშნავს 1971 წლის „კონვენციას ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“; k)  „საბჭო“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს; l)   „გაყინვა“ ან „დაყადაღება“ ნიშნავს საკუთრების გადაცემის, კონვერსიის, განკარგვის ან გადატანის დროებით აკრძალვას, ანდა მის დროებით შესანახად მიღებას ან კონტროლის ქვეშ აყვანას სასამართლოს ან კომპეტენტური ორგანოს დადგენილების საფუძველზე; m)  „უკანონო ბრუნვა“ ნიშნავს ამ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოყვანილ სამართალდარღვევებს; n)   „ნარკოტიკული საშუალება“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, ბუნებრივსა თუ სინთეზურს, შეტანილს 1961 წლის „ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიანი კონვენციისა“ და 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“ შესწორებული ამავე კონვენციის i და ii სიაში; o)  „ოპიუმის ყაყაჩო“ ნიშნავს მცენარეს სახეობისა Papaver somniferum L; p)    „შემოსავალი“ ნიშნავს ნებისმიერ საკუთრებას, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულს ან მოპოვებულს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედების ჩადენის გზით; q)   „საკუთრება“ ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას, მატერიალურსა თუ არამატერიალურს, მოძრავსა თუ უძრავს, ხელშესახებსა თუ არახელშესახებს, და ამგვარი ქონების ფლობის ან მასში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტებსა თუ აქტებს; r)  „ფსიქოტროპული საშუალება“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, ბუნებრივსა თუ სინთეზურს, ან ნებისმიერ ბუნებრივ მასალას, შეტანილს 1971 წლის „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენციის“ i, ii, iii და iv სიაში; s)  „გენერალური მდივანი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს; t)  „i ცხრილი“ და „ii ცხრილი“ ნიშნავს შესაბამისად დანომრილ ნივთიერებების სიებს, დართულს ამ კონვენციისთვის, რომელ სიებშიც დროდადრო შესაძლებელია შესწორებათა შეტანა მე-12 მუხლის თანახმად; u)  „სატრანზიტო სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის გავლითაც გადააქვთ უკანონო ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და i ცხრილსა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებები, და რომელიც არც მათი წარმომავლობის ადგილია, და არც მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი. მუხლი 2🔗 კონვენციის მოქმედების სფერო 1.  ამ კონვენციის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა, რათა მათ უფრო ეფექტიანად შეძლონ მოგვარება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის სხვადასხვა ასპექტებისა, რომელთაც საერთაშორისო განზომილება აქვთ. კონვენციით გათვალისწინებულ თავიანთ მოვალეობათა შესასრულებლად მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების ჩათვლით, თანახმად თავთავიანთი შიდა საკანონმდებლო სისტემების ფუნდამენტური დებულებებისა. 2.  მხარეები ამ კონვენციით გათვალისწინებულ თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების თანახმად. 3.   მხარე არ მოახდენს მეორე მხარის ტერიტორიაზე ისეთი იურისდიქციის აღსრულებასა და ისეთი ფუნქციების შესრულებას, როგორიც ამ მეორე მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მხოლოდ და მხოლოდ მის ორგანოთა-თვის არის დათქმული. მუხლი 3🔗 სამართალდარღვევები და სანქციები 1.   თითოეული მხარე მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად სისხლისსამართლებრივ დანაშაულებად ცნოს შემდეგი ქმედებანი, როდესაც ისინი განზრახ არის ჩადენილი: (a)  (i) ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან ნებისმიერი ფსიქოტროპული ნივთიერების წარმოება, დამზადება, ექსტრაჰირება, შედგენა, შეთავაზება, გასაყიდად შეთავაზება, გავრცელება, გაყიდვა, მიწოდება ნებისმიერი პირობებით, გასასაღებლად შუამავლობა, გაგზავნა, ტრანზიტით გაგზავნა, იმპორტირება ან ექსპორტირება 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციის ან 1971 წლის კონვენციის დებულებათა საწინააღმდეგოდ; (ii) ოპიუმის ყაყაჩოს, კოკაინის ბუჩქის ან კანაფის მცენარის კულტივირება ნარკოტიკულ საშუალებათა წარმოების მიზნით 1961 წლის კონვენციისა და 1961 წლის შესწორებული კონვენციის დებულებათა საწინააღმდეგოდ; (iii)  ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების ფლობა ან შეძენა ზემოთ, (i) პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე საქმიანობის წარმოების მიზნით; (iv)    i ცხრილსა და ii ცხრილში ჩამოთვლილი მოწყობილობის, მასალების ან ნივთიერებების დამზადება, ტრანსპორტირება ან გავრცელება, თუკი ცნობილია, რომ განზრახულია მათი გამოყენება ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო კულტივაციის, წარმოების ან დამზადების პროცესში, ან მათი მიზნით; (v)  ზემოთ, (i), (ii), (iii) ან (iv) პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე სამართალდარღვევის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან დაფინანსება; (b)   (i) საკუთრების გადაცემა ან კონვერსია, თუკი ცნობილია, რომ ამგვარი საკუთრება მიღებულია შედეგად ამა თუ იმ სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევებისა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად, ან შედეგად ამგვარ სამართალდარღვევაში ან სამართალდარღვევებში მონაწილეობისა, საკუთრების უკანონო წარმომავლობის დაფარვის ან შენიღბვის მიზნით, ან ამგვარი სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევების ჩადენაში მონაწილე პირისთვის საკუთარ ქმედებათა სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილებაში ხელის შეწყობის მიზნით; (ii)  საკუთრების ჭეშმარიტი ხასიათის, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის გზის, გადაადგილების, მასზე უფლებების ან მისი მფლობელობის დაფარვა ან შენიღბვა, თუკი ცნობილია, რომ ამგვარი საკუთრება მიღებულია შედეგად სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევებისა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად, ან შედეგად ამგვარ სამართალდარღვევაში ან სამართალდარღვევებში მონაწილეობისა; (c)  თავისი საკონსტიტუციო პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების გათვალისწინებით: (i)  საკუთრების შეძენა, ფლობა ან გამოყენება, თუკი ცნობილია, რომ, მიღების დროისათვის, ამგვარი საკუთრება მოპოვებული იყო შედეგად სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევებისა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად, ან შედეგად ამგვარ სამართალდარღვევაში ან სამართალდარღვევებში მონაწილეობისა; (ii)   i ცხრილსა და ii ცხრილში ჩამოთვლილი მოწყობილობის, მასალების ან ნივთიერებების ფლობა, თუკი ცნობილია, რომ ისინი გამოიყენება, ან გამოყენებული უნდა იქნეს ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო კულტივირების, წარმოების ან დამზადებისათვის; (iii)  სხვების ნებისმიერი საშუალებებით საჯაროდ წაქეზება ან დარწმუნება, ჩაიდინონ ესა თუ ის სამართალდარღვევა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ მუხლის თანახმად, ანდა უკანონოდ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუა-ლებები ან ფსიქოტროპული ნივთიერებები; (iv)  ნებისმიერ სამართალდარღვევაში, რომელიც ასეთად ამ მუხლის თანახმად არის ცნობილი, მონაწილეობა, მისი ჩადენის მიზნით გაერთიანების ან შეთქმულების მოწყობა, მისი ჩადენის მცდელობანი და ხელშეწყობა, წაქეზება, გაადვილება ან რჩევების მიცემა მის ჩასადენად. 2.  თავისი საკონსტიტუციო პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების გათვალისწინებით, თითოეული მხარე მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა თავისი შინასახელმწი-ფოებრივი კანონმდებლობის თანახმად სისხლისსამართლებრივ დანაშაულად ცნოს, როდესაც ისინი განზრახ არის ჩადენილი, ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობა, შეძენა ან კულტივირება პირადი მოხმა-რების მიზნით, 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციის ან 1971 წლის კონვენციის დებულებათა საწინააღმდეგოდ. 3. ცოდნა, განზრახვა ან მიზანი, რომლებიც აუცილებელია, როგორც ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული სამართალდარღვევის ელემენტი, შეიძლება გამოყვანილი იქნეს ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებიდან. 4.  (a) თითოეული მხარე ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა ჩადენისათვის დააწესებს ისეთ სანქციებს, რომლებიც მხედველობაში მიიღებს ამ სამართალდარღვევათა მძიმე ხასიათს, როგორებიცაა ციხეში ჩასმა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმები, ფულადი სანქციები და კონფისკაცია. (b)   ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედებისათვის მსჯავრის დადების ან დასჯის გარდა, მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ სამართალდამრღვევისთვის ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორებიცაა მკურნალობა, აღმზრდელობითი მუშაობა, შემდგომი დაკვირვება, რეაბილიტაცია ან სოციალური რეინტეგრაცია. (c)   წინა ქვეპუნქტების მიუხედავად, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხასიათის შესაბამის შემთხვევებში, მხარეებს შეუძლიათ, მსჯავრის დადების ან დასჯის ალტერნატივის სახით, გაითვალისწინონ ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა აღმზრდელობითი მუშაობა, რეაბილიტაცია ან სოციალური ინტეგრაცია, და აგრეთვე, როდესაც სამართალდამრღვევი ნარკომანია, მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება. (d)   მხარეებს შეუძლიათ, მსჯავრის დადების ან დასჯის ალტერნატივის სახით, ანდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედებისათვის მსჯავრის დადებასთან ან დასჯასთან ერთად, გაითვალისწინონ სამართალდამრღვევის მკურნალობისთვის, აღზრდისთვის, მასზე შემდგომი დაკვირვებისთვის, მისი რეაბილიტაციისთვის ან სოციალური ინტეგრაციისთვის განკუთვნილი ღონისძიებანი. 5.  მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მათმა სასამართლოებმა და სხვა კომპეტენ-ტურმა ორგანოებმა, რომელთაც იურისდიქცია აქვთ, მხედველობაში მიიღონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც განსაკუთრებით სერიოზულ ხასიათსა სძენს იმ სამართალდარღვევების ჩადენას, რომლებიც ასეთად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, სახელდობრ: (a) სამართალდარღვევაში მონაწილეობა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომლის წევრიც არის სამართალდამრღვევი; (b)სამართალდამრღვევის მონაწილეობა სხვა სახის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში; (c)  სამართალდამრღვევის მონაწილეობა სხვა უკანონო საქმიანობაში, რომელსაც ხელი შეუწყო მოცემული სამართალდარღვევის ჩადენამ; (d) სამართალდამრღვევის მიერ ძალადობის ან იარაღის გამოყენება; (e)    ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევს სახელმწიფო თანამდებობა უკავია და რომ სამართალდარღვევა აღნიშნულ თანამდებობასთან არის დაკავშირებული; (f)  არასრულწლოვანთა ვიქტიმიზაცია ან გამოყენება; (g)    ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილია პენიტენციურ დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ან მათს უშუალო სიახლოვეში, ან სხვა ისეთ ადგილებში, რომელთაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საგანმანათლებლო, სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის იყენებენ; (h)  ადრე ნასამართლობა, განსაკუთრებით ანალოგიურ სამართალდარღვევათათვის, ჩადენილთათვის საზღვარგარეთ თუ საკუთარ ქვეყანაში, იმდენად, რამდენადაც ეს ნებადართულია კონკრეტული მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. 6.  მხარეები ეცდებიან უზრუნველყონ, რომ მათი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი დისკრეციული იურიდიული უფლებამოსილება, დაკავშირებული პირთა სასამართლო დევნასთან ამ მუხლის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა გამო, გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ მოახდინოს სამართალაღმასრულებელი ზომების მაქსიმიზაცია აღნიშნულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში და ამგვარი სამართალდარღვე-ვების ჩადენისთვის ხელის შეშლის აუცილებლობის ჯეროვნად გათვალისწინებით. 7.   მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მათ სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მხედველობაში ექნებათ ამ მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილ სამართალდარღვევათა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ გარემოებათა სერიოზული ხასიათი, როდესაც ამგვარი სამართალდარღვევებისთვის მსჯავრდებულ პირთა ვადამდელი ან პირობითი განთავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ. 8.  თითოეული მხარე, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, დააკანონებს ხანდაზმულობის გრძელ ვადას სასამართლო დევნის დასაწყებად ნებისმიერ იმ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ასეთად ცნობილია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, და უფრო გრძელ ვადას, როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი მართლმსაჯულების აღსრულებას თავს არიდებდა. 9.    თითოეული მხარე მიიღებს თავისი სამართლებრივი სისტემის შესაბამის სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედებისთვის ბრალდებული ან მსჯავრდებული პირის დასწრება აუცილებელ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაზე. 10.   ამ კონვენციის მიხედვით მხარეთა შორის თანამშრომლობის მიზნით, მათ შორის, კერძოდ, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 მუხლების მიხედვით თანამშრომლობის მიზნით, ამ მუხლის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილი ქმედებანი არ ჩაითვლება ფინანსურ სამართალდარღვევებად ან პოლიტიკურ სამართალდარღვევებად და მიჩნეული არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალდარღვევებად, მხარეთა საკონსტიტუციო შეზღუდვებისა და ფუნდამენტური შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისთვის ზიანის მიუყენებლად. 11.  არაფერი, შემავალი ამ მუხლში, ზეგავლენას არ ახდენს პრინციპზე, რომლის თანახმადაც სამართალდარღვევების, რომელსაც იგი შეეხება, და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი დაცვის ზომების აღწერა შედის თითოეული მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კომპეტენციაში, და რომლის თანახმადაც ამგვარი სამართალდარღვევებისთვის სასამართლო დევნა და დასჯა უნდა მოხდეს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 იურისდიქცია 1.  თითოეული მხარე: (a)   მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც: (i)  სამართალდარღვევა ჩადენილია მის ტერიტორიაზე; (ii)   სამართალდარღვევა ჩადენილია იმ მცურავი საშუალების ბორტზე, რომელიც მისი დროშის ქვეშ დაცურავს, ან იმ საფრენი აპარატის ბორტზე, რომელიც მისი კანონების მიხედვით არის რეგისტრირებული სამართალდარღვევის ჩადენის დროს; (b)  უფლებამოსილია, მიიღოს იმგვარი ზომები, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც: (i)  სამართალდარღვევა ჩადენილია მისი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ, ან იმ პირის მიერ, ვინც, ჩვეულებრივ, მის ტერიტორიაზე ცხოვრობს; (ii)  სამართალდარღვევა ჩადენილია იმ მცურავი საშუალების ბორტზე, რომელთან მიმართებაშიც ამ მხარეს ნებართვა აქვს მიღებული, განახორცი-ელოს შესაბამისი ქმედება მე-17 მუხლის თანახმად, იმ პირობით, რომ ამგვარი იურისდიქცია განხორციელდება მხოლოდ აღნიშნულ მუხლში მოხსენიებული შეთანხმებებისა და მორიგებების საფუძველზე; (iii)  სამართალდარღვევა წარმოადგენს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) (iv) ქვეპუნქტის თანახმად ასეთად ცნობილ ერთ-ერთ სამართალდარღვევას და ჩადენილია მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იმ მიზნით, რათა მისი ტერიტორიის ფარგლებში ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა, რომელიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. 2. თითოეული მხარე: (a)  მიიღებს აგრეთვე იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი მის ტერიტორიაზე იმყოფება და იგი არ ახდენს მის ექსტრადიციას მეორე მხარისათვის იმის საფუძველზე: (i)  რომ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა იმ მცურავი საშუალების ბორტზე, რომელიც მისი დროშის ქვეშ დაცურავდა, ან იმ საფრენი აპარატის ბორტზე, რომელიც მისი კანონის მიხედვით იყო რეგისტრირებული სამართალდარღვევის ჩადენის დროს; (ii) რომ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ერთ-ერთი მისი მოქალაქის მიერ; (b)  უფლებამოსილია აგრეთვე, მიიღოს იმგვარი ზომები, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს, რათა დაამყაროს საკუთარი იურისდიქცია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მან ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ცნო, როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი მის ტერიტორიაზე იმყოფება და იგი არ ახდენს მის ექსტრადიციას მეორე მხარისათვის. 3.  ეს კონვენცია არ გამორიცხავს განხორციელებას რომელიმე სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისა, რომელიც დამყარებულია ამა თუ იმ მხარის მიერ თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 5🔗 კონფისკაცია 1.  თითოეული მხარე მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ კონფისკებულ იქნეს: (a)   შემოსავალი, რომელიც მიღებულია იმ სამართალდარღვევათა ჩადენის შედეგად, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, ან საკუთრება, რომლის ღირებულებაც შეესაბამება ამგვარი შემოსავლის ღირებულებას; (b)   ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მასალები და მოწყობილობა ან სხვა საშუალებები, რომლებიც რაიმენაირად გამოიყენება, ან რომელთა რაიმენაირად გამოყენებაც განზრახულია იმ სამართალდარღვევათა ჩადენისას, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. 2.  თითოეული მხარე მიიღებს აგრეთვე იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა მის კომპეტენტურ ორგანოთათვის შესაძლებელი გახდეს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული შემოსავლის, საკუთრების, საშუა-ლებების ან ნებისმიერი სხვა საგნების გამოვლენა, კვალის მიგნება და გაყინვა ან დაყადაღება მათი შემდგომი კონფისკაციის მიზნით. 3.  ამ მუხლში მოხსენიებული ზომების განსახორციელებლად, თითეული მხარე თავის სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს აღჭურავს უფლებამოსილებით, გასცენ განკარგულება საბანკო, ფინანსური ან კომერციული დოკუმენტების ხელმისაწვდომად გახდის ან დაყადაღების თაობაზე. მხარემ უარი არ უნდა თქვას ამ პუნქტის დებულებათა თანახმად მოქმედებაზე საბანკო საიდუმლოს შენახვის აუცილებლობის მიზეზით. 4.   (ა) თანახმად მოთხოვნისა, გაკეთებულისა ამ მუხლის მიხედვით მეორე მხარის მიერ, რომელსაც იურისდიქცია აქვს სამართალდარღვევაზე, რომელიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს შემოსავალი, საკუთრება, საშუალებები ან ნებისმიერი სხვა საგნები, მოხსენიებული ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, უნდა: (i)   წარუდგინოს მოთხოვნა თავის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის თაობაზე განკარგულების მიღების მიზნით და, თუკი ამგვარი განკარ-გულება გაცემული იქნა, აღასრულოს იგი; ან (ii)   წარუდგინოს თავის კომპეტენტურ ორგანოებს, მოთხოვნილი ზომა-ხარისხით მისი აღსრულების მიზნით, კონფისკაციის თაობაზე განკარგულება, გაცემული მომთხოვნი მხარის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმდენად რამდენადაც იგი შეეხება 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ შემოსავალს, საკუთრებას, საშუალებებს ან ნებისმიერ სხვა საგნებს, მდებარეს მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე. (b)    თანახმად მოთხოვნისა, გაკეთებულისა ამ მუხლის მიხედვით მეორე მხარის მიერ, რომელსაც იურისდიქცია აქვს სამართალდარღვევაზე, რომელიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, მოთხოვნის მიმღები მხარე მიიღებს ზომებს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული შემოსავლის, საკუთრების, საშუალებების ან ნებისმიერი სხვა საგნების გამოსავლენად, კვალის მისაგნებად და გასაყინად ან დასაყადაღებლად იმ  მიზნით, რათა განკარგულება მათი შემდგომი კონფისკაციის თაობაზე გაიცეს ან მომთხოვნი მხარის მიერ, ან, ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის თანახმად, მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ. (c)  ამ მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში გათვალისწინებული გადაწყვეტილებები და ზომები მიიღება მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ, თანახმად და საფუძველზე მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებებისა და საპროცედურო ნორმებისა ან ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებისა, შეთანხმებისა ან მორიგებისა, რომელსაც სავალდებულო ძალა შეიძლება ჰქონდეს მისთვის მომთხოვნ მხარესთან მიმართებაში. (d)  მე-7 მუხლის 6-19 პუნქტები გამოიყენება მუტატის მუტანდის.  მე-7 მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, ამ მუხლის თანახმად გაკეთებულ მოთხოვნაში უნდა შევიდეს: (i)   ამ პუნქტის (a) (i) ქვეპუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნის შემთხვევაში, აღწერა საკუთრებისა, რომლის კონფისკაციაც უნდა მოხდეს, და იმ ფაქტების ჩამონათვალი, რომელთაც მომთხოვნი მხარე ეყრდნობა და რომლებიც საკმარისია იმისთვის, რომ მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეეძლოს, ეცადოს მიაღწიოს განკარგულების გამოტანას მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად; (ii)   (a) (ii) ქვეპუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნის შემთხვევაში, იურიდი-ულად მისაღები ასლი მომთხოვნი მხარის მიერ გაცემული კონფისკაციის თაობაზე განკარგულებისა, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება, ფაქტების ჩამონათვალი და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ზომა-ხარისხით არის მოთხოვნილი განკარგულების აღსრულება; (iii)  (b) ქვეპუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნის შემთხვევაში, იმ ფაქტების ჩამონათვალი, რომელთაც მომთხოვნი მხარე ეყრდნობა, და მოთხოვნილ ქმედებათა აღწერა. (e)    თითოეული მხარე გენერალურ მდივანს მიაწვდის ტექსტს ნებისმიერი მისი კანონისა და სამართლებრივი ნორმისა, რომლის ძალითაც ეს პუნქტი მოქმედებაში შედის, და ამგვარი კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ნებისმიერი შემდგომი ცვლილებების ტექსტს. (f)   თუ რომელიმე მხარე ამჯობინებს, ამ პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებში მოხსენიებული ზომების მიღება განაპირობოს შესაბამისი ხელშეკრულების არსებობით, ამ მხარემ მოცემული კონვენცია უნდა მიიჩნიოს აუცილებელ და საკმარის სახელშეკრულებო ბაზად. (g) მხარეები ეცდებიან დადონ ორმხრივი, და მრავალმხრივი ხელშეკრულებები, შეთანხმებები ან მორიგებები, რათა გაზარდონ ამ მუხლის თანახმად განხორცი-ელებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობა. 5.  (a) ამა თუ იმ მხარის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ან მე-4 პუნქტის მიხედვით კონფისკებულ შემოსავალს ან საკუთრებას განკარგავს ეს მხარე თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების თანახმად. (b)  მეორე მხარის მოთხოვნით ამ მუხლის თანახმად მოქმედებისას, მხარეს შეუძ-ლია განსაკუთრებით განიხილოს ისეთ შეთანხმებათა დადება, რომლებიც შეეხება: (i)  ამგვარი შემოსავლისა და საკუთრების ღირებულების, ან ამგვარი შემოსავლის ან საკუთრების გაყიდვით მიღებული სახსრების, ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას სამთავრობათაშორისო ორგანოთათვის, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან და ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლაზე არიან სპეციალიზებულნი; (ii)  სხვა მხარეებისთვის გაზიარებას, რეგულარულად ან ცალკეულ შემთხვევებში, ამგვარი შემოსავლისა ან საკუთრებისა, ან სახსრებისა, რომლებიც მიღებულია ამგვარი შემოსავლის ან საკუთრების გაყიდვით, თანახმად მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა, ადმინისტრაციული პროცედურებისა, ან ამ მიზნით დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებისა. 6.  (a) თუ შემოსავალი გარდაიქმნა ან კონვერტირდა სხვაგვარ საკუთრებად, მაშინ ამ მუხლში მოხსენიებული ზომები გამოიყენება ამგვარი საკუთრების, და არა შემოსავლის მიმართ. (b)  თუ შემოსავალი შეერია კანონიერი გზით შეძენილ საკუთრებას, ამგვარი საკუთრება, დაყადაღებასთან ან გაყინვასთან დაკავშირებული ამა თუ იმ უფლებამოსილებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფისკაციას ექვემდებარება იმ მოცულობით, რომელიც ამ შერეული შემოსავლის ღირებულების ტოლია. (c)  შემოსული მოგება ან სხვა სარგებელი, რომელიც მიღებულია: (i)  შემოსავლისგან; (ii)   საკუთრებისგან, რომლადაც გარდაიქმნა ან კონვერტირდა შემოსავალი; ან (iii)  საკუთრებისგან, რომელსაც შემოსავალი შეერია, აგრეთვე ექვემდებარება ამ მუხლში მოხსენიებულ ზომებს, ისეთნაირადვე და ისეთივე ზომა-ხარისხით, როგორც შემოსავალი. 7.  თითოეულ მხარეს შეუძლია განიხილოს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მტკიცების ტვირთის გადატანა იმ სავარაუდო შემოსავლის ან სხვა საკუთრების კანო-ნიერ წარმომავლობასთან მიმართებაში, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, იმდენად რამდენადაც ამგვარი ქმედება შეესაბამება მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლო და სხვა პროცედურების ხასიათს. 8. ამ მუხლის დებულებანი ინტერპრეტირებული არ უნდა იქნეს, როგორც კეთილსინდისიერ მესამე მხარეთა უფლებათათვის ზიანის მიმყენებელი. 9.  არაფერი, შემავალი ამ მუხლში, ზეგავლენას არ ახდენს პრინციპზე, რომლის თანახმადაც ზომები, რომელთაც იგი შეეხება, უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს ამა თუ იმ მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებათა თანახმად და საფუძველზე. მუხლი 6🔗 ექსტრადიცია 1.  ეს მუხლი გამოიყენება იმ სამართალდარღვევათა მიმართ, რომლებიც მხარეთა მიერ ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. 2.   ყოველი სამართალდარღვევა, რომლის მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება, უნდა ჩაითვალოს შესულად მხარეთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, როგორც სამართალდარღვევა, რომელსაც დამნაშავის ექსტრადიცია მოსდევს. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შეიტანონ ამგვარი სამართალდარღვევები მათ შორის დასადებ ყოველ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, როგორც სამართალდარღვევები, რომელთაც დამნაშავის ექსტრადიცია მოსდევს. 3.   თუ ესა თუ ის მხარე, რომელიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით განაპირობებს, მიიღებს ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნას მეორე მხარისაგან, რომელთანაც მას დადებული არა აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, მას შეუძლია ეს კონვენცია განიხილოს ექსტრადიციის სამართლებრივ ბაზად ნებისმიერ იმ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, რომლის მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება. მხარეები, რომელთაც ამ კონვენციის ექსტრადიციის სამართლებრივ ბაზად გამოსაყენებლად დეტალური საკანონმდებლო აქტი ესაჭიროებათ, განიხილავენ იმგვარი საკანონმდებლო აქტის მიღების შესაძლებლობას, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს. 4.   მხარეები, რომლებიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით არ განაპირობებენ, სამართალდარღვევებს, რომელთა მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება, აღიარებენ სამართალდარღვევებად, რომელთაც მოსდევს ექსტრადიცია მათ შორის. 5. ექსტრადიცია ხდება თანახმად პირობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობით, ან გამოყენებადი ხელშეკრულებებით ექსტრადიციის შესახებ, იმ მიზეზების ჩათვლით, რომელთა გამოც მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს ექსტრადიციაზე. 6.  ამ მუხლის თანახმად გაკეთებული მოთხოვნების განხილვისას, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს ამგვარი მოთხოვნების შესრულებაზე, თუკი არსებობს სერიოზული საფუძველი, რომელიც მის სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს აფიქრებინებს, რომ ამ მოთხოვნათა შესრულება გააადვილებს ამა თუ იმ პირის სასამართლო დევნას ან დასჯას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან რომელიმე ამ მიზეზით ზიანს მიაყენებს ამა თუ იმ პირს, რომელსაც ეს მოთხოვნა შეეხება. 7.  მხარეები ეცდებიან, დააჩქარონ საექსტრადიციო პროცედურები და გაამარტივონ მათთან დაკავშირებული მოთხოვნები მტკიცებულებათა წარდგენის თაობაზე ნებისმიერ იმ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, რომლის მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება. 8.  თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ექსტრადიციის შესახებ თავისი ხელშეკრულებების დებულებათა მიხედვით, მოთხოვნის მიმღებ მხარეს, თუ იგი დარწმუნდება, რომ გარემოებები ამის საფუძველს იძლევა და ისინი გადაუდებელ ხასიათს ატარებს, შეუძლია, მომთხოვნი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, პატიმრობაში აიყვანოს პირი, ვის ექსტრადიციასაც მას სთხოვენ და რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება, ანდა მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები საექსტრადიციო პროცედურებზე მისი დასწრების უზრუნველსაყოფად. 9. მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად დამყარებული ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც აღმოჩენილი იქნება სავარაუდო სამართალდამრღვევი: (a) თუ იგი არ ახდენს მის ექსტრადირებას მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილ ქმედებასთან მიმართებაში, იმ მიზეზების გამო, რომლებიც მოყვანილია მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტში, საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა გადასცეს სასამართლო დევნის მიზნით, თუკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მომთხოვნ მხარესთან; (b) თუ იგი არ ახდენს მის ექსტრადირებას ამგვარ სამართალდარღვევასთან მიმართებაში და დამყარებული აქვს საკუთარი იურისდიქცია ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით თანახმად მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტისა, საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა გადასცეს სასამართლო დევნის მიზნით, თუკი მომთხოვნი მხარის მიერ სხვაგვარად არ იქნა მოთხოვნილი მისი კანონიერი იურისდიქციის შენარჩუნების მიზნით. 10.  თუ ექსტრადიციაზე, რომელიც განაჩენის აღსრულების მიზნით არის მოთხოვნილი, უარი იქნა განცხადებული იმის გამო, რომ პირი, ვის ექსტრადიციასაც ითხოვენ, არის მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქე, მაშინ მოთხოვნის მიმღები მხარე, თუკი მისი კანონმდებლობა ამის უფლებას იძლევა და ამგვარი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მომთხოვნი მხარის განაცხადის საფუძველზე განიხილავს შესაძლებლობას, აღასრულოს მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის მიხედვით გამოტანილი განაჩენი, ან მისი ნაწილი. 11. მხარეები ეცდებიან, დადონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები ექსტრადიციის განხორციელების, ან მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. 12. მხარეებს შეუძლიათ განიხილონ შესაძლებლობა, დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები, იქნება ეს სპეციალური თუ ზოგადი ხასიათის შეთანხმებები, რომლებიც შეეხება მათს ქვეყანაში გადაგზავნას იმ პირებისა, რომელთაც მისჯილი აქვთ ციხეში პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმები ისეთ სამართალდარღვევათათვის, რომელთა მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება, იმისთვის რათა მათ შეეძლოთ, თავისი განაჩენი ბოლომდე იქ მოიხადონ. მუხლი 7🔗 სამართლებრივი ურთიერთდახმარება 1.  მხარეები, ამ მუხლის მიხედვით, ერთმანეთს აღმოუჩენენ მაქსიმალურად ფართო სამართლებრივ ურთიერთდახმარებას გამოძიებათა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვათა ჩატარებაში იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. 2.  ამ მუხლის თანახმად აღმოსაჩენი სამართლებრივი ურთიერთდახმარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რომელიმე ქვემოჩამოთვლილი მიზნით, როგორიცაა სახელდობრ: a) პირთათვის ჩვენებათა ჩამორთმევა; b)   სასამართლო დოკუმენტების გადაცემის განხორციელება; c)   ჩხრეკებისა და დაყადაღების წარმოება; d)  საგნებისა და ადგილების დათვალიერება; e)  ინფორმაციისა და მტკიცებულებითი ერთეულების გადაცემა; f)   შესაბამისი დოკუმენტებისა და ჩანაწერების, საბანკო, ფინანსური, კორპორაციული ან საქმიანი დოკუმენტების ათვლით, დედნების ან დამოწმებული ასლების გადაცემა; g)   შემოსავლის, საკუთრების, საშუალებების ან სხვა საგნების გამოვლენა ან კვალის მიგნება მტკიცებულებითი მიზნებისათვის. 3.  მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს აღმოუჩინონ ნებისმიერი სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთდახმარება, რომელიც ნებადართულია მოთხოვნის მიმღები მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. 4.  მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები გააადვილებენ ან წაახალისებენ, იმდენად რამდენადაც ეს შეესაბამება მათს შინასახელმწიფოებრივ სამართალსა და მიღე-ბულ პრაქტიკას, დასწრებას და ხელმისაწვდომობას პირებისა, პატიმრობაში მყოფ პირთა ჩათვლით, რომლებიც დათანხმდებიან გამოძიებისთვის დახმარების გაწევაზე ან სასამართლო განხილვებში მონაწილეობაზე. 5. მხარემ უარი არ უნდა თქვას ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევაზე საბანკო საიდუმლოს შენახვის აუცილებლობის მიზეზით. 6.    ამ მუხლის დებულებები ზეგავლენას არ ახდენს ვალდებულებებზე, ნაკისრზე რომელიმე სხვა ხელშეკრულების მიხედვით, იქნება ის ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ამჟამად არეგულირებს ან მომავალში დაარეგულირებს, მთლიანად თუ ნაწილობრივ, სამართლებრივ ურთიერთდახმარებას სისხლისსამართლებრივ საკითხებში. 7.    ამ მუხლის 8-19 პუნქტები გამოიყენება ამ მუხლის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნების მიმართ, თუკი შესაბამისი მხარეები დავალდებულებულნი არ არიან ხელშეკრულებით სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ. თუ ეს მხარეები დავალდებულებულნი არიან ამგვარი ხელშეკრულებით, მაშინ გამოიყენება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, თუკი მხარეები არ შეთანხმდებიან, მათ ნაცვლად გამოიყენონ ამ მუხლის 8-19 პუნქტები. 8.  მხარეები დანიშნავენ ორგანოს ან, თუ ეს აუცილებელი იქნა, ორგანოებს, რომლებიც მოვალენი და უფლებამოსილნი იქნებიან, აღასრულონ სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნები, ან აღსასრულებლად გადაუგზავნონ ისინი კომპეტენტურ ორგანოებს. ამ მიზნით დანიშნული ორგანოს ან ორგანოების შესახებ უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნებისა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გადაგზავნა უნდა მოხდეს მხარეთა მიერ დანიშნულ ორგანოთა შორის; ეს აუცილებელი პირობა ზიანს არ აყენებს ამა თუ იმ მხარის უფლებას მოითხოვოს, რომ მას ამგვარი მოთხოვნები და შეტყობინებები გაეგზავნოს დიპლომატიური არხებით და, საგანგებო ვითარებაში, როდესაც მხარეები ამის თაობაზე შეთანხმდებიან, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის არხებით, თუკი ეს შესაძლებელი იქნა. 9.  მოთხოვნა უნდა გაკეთდეს წერილობით, მოთხოვნის მიმღები მხარისათვის მისაღებ ენაზე. თითოეული მხარისათვის მისაღები ენის ან ენების თაობაზე უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. საგანგებო ვითარებაში, და როდესაც მხარეები ამის თაობაზე შეთანხმდებიან, მოთხოვნები შეიძლება გაკეთდეს სიტყვიერად, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს წერილობით. 10. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნაში უნდა შევიდეს: ინფორმაცია იმ ორგანოს შესახებ, რომელიც მოთხოვნას აკეთებს; a)  შინაარსი და ხასიათი გამოძიებისა, სისხლისსამართლებრივი დევნისა ან სასამართლო განხილვისა, რომელსაც მოთხოვნა შეეხება, და იმ ორგანოს სახელწოდება და ფუნქციები, რომელიც ამგვარ გამოძიებას, სისხლისსამართლებ-რივ დევნას ან სასამართლო განხილვას ატარებს; b) შესაბამისი ფაქტების მოკლე შეჯამება, იმ ფაქტების გამოკლებით, რომლებიც სასამართლო დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეეხება; c) მოთხოვნილი დახმარების აღწერა და ცალკეული დეტალები ამა თუ იმ პროცედურისა, რომელიც მომთხოვნ მხარეს სურს, რომ შესრულდეს; d)  როდესაც ეს შესაძლებელია, ვინაობა, ადგილსამყოფელი და მოქალაქეობა ნებისმიერი პირისა, ვისაც საქმე შეეხება; e) მტკიცებულებათა, ინფორმაციის ან ქმედების მოთხოვნის მიზანი. 11. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, როდესაც იგი აუცილებელი ჩანს მოთხოვნის შესასრულებლად ამ მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ან როდესაც მას ამგვარი შესრულების გაადვილება შეუძლია. 12. მოთხოვნა უნდა შესრულდეს მოთხოვნის მიმღები მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად და, იმდენად რამდენადაც ეს მოთხოვნის მიმღები მხარის შინასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება და როდესაც ეს შესაძლებელია, მოთხოვნაში კონკრეტულად დასახელებული პროცედურების თანახმად. 13.  მომთხოვნმა მხარემ სხვას არ უნდა გადასცეს და არ უნდა გამოიყენოს მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ან მტკიცებულებები სხვა გამოძიებებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნისთვის ან სასამართლო განხილვებისთვის გარდა იმ მათგანისა, რომლებიც მოთხოვნაშია მოყვანილია, თუკი არ იქნა მოთხოვნის მიმღები მხარის წინასწარი თანხმობა ამაზე. 14.  მომთხოვნმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა მხარემ კონფიდენციალურად შეინახოს მოთხოვნის გაკეთების ფაქტი და მისი შინაარსი, იმის გამოკლებით, რაც მოთხოვნის შესასრულებლად არის აუცილებელი. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს კონფიდენციალურობის მოთხოვნის შესრულება არ ძალუძს, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომთხოვნ მხარეს. 15.  სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი: a) თუ მოთხოვნა ამ მუხლის დებულებათა თანახმად არ არის გაკეთებული; b)თუ მოთხოვნის მიმღები მხარე თვლის, რომ მოთხოვნის შესრულებამ ზიანი შეიძლება მიაყენოს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესებს; c)  თუ მოთხოვნის მიმღები მხარის ორგანოთათვის, მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, აკრძალული იქნებოდა მოთხოვნილი ქმედების განხორციელება რომელიმე ანალოგიურ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, იგი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო განხილვის საგანი რომ გამხდარიყო მათი საკუთარი იურისდიქციის მიხედვით; d)  თუ მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სამართლებრივი სისტემის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივ ურთიერთდახმარებას შეეხება. 16. უნდა დასახელდეს სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე ნებისმიერი უარის მიზეზები. 17.   სამართლებრივი ურთიერთდახმარება შეიძლება გადაიდოს მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ იმ მიზეზით, რომ იგი ხელს უშლის მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო განხილვას. ამგვარ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე კონსულტაციას გამართავს მომთხოვნ მხარესთან, რათა გაარკვიოს, შესაძლოა თუ არა, დახმარება მაინც იქნეს აღმოჩენილი ისეთ ვადებში და ისეთი პირობებით, როგორსაც მოთხოვნის მიმღები მხარე ჩათვლის აუცილებლად. 18.  მოწმე, ექსპერტი ან სხვა პირი, რომელიც დათანხმდება, ჩვენება მისცეს სასამართლო განხილვისას, ან დაეხმაროს გამოძიებას მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე, არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, დაკავებას, დასჯას ან მისი პირადი თავისუფლების რაიმე სხვაგვარ შეზღუდვას ამ ტერიტორიაზე რომელიმე იმ ქმედებასთან, უმოქმედობასთან ან მსჯავრის დადებასთან დაკავშირებით, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიიდან მის გამომგზავრებამდე. ამგვარი ხელშეუხებლობის გარანტია მოქმედებას შეწყვეტს, როდესაც მოწმე, ექსპერტი ან სხვა პირი, რომელსაც ზედიზედ თხუთმეტი დღის განმავლობაში, ან მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი ვადის განმავლობაში, დაწყებული იმ თარიღიდან, როდესაც მას ოფიციალურად აცნობეს, რომ მისი ყოფნა საჭირო აღარ არის სასამართლო ორგანოთათვის, ჰქონდა გამგზავრების შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა, ნებაყოფლობით დარჩება ტერიტორიაზე ან, მისი დატოვების შემდეგ, საკუთარი ნებით დაბრუნდება იქ. 19.   მოთხოვნის შესრულების ჩვეულებრივ ხარჯებს გასწევს მოთხოვნის მიმღები მხარე, თუკი დაინტერესებული მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. თუ მოთხოვნის შესასრულებლად საჭიროა ან საჭირო იქნება ექსტრაორდინარული ხასიათის ხარჯები, მხარეები გამართავენ კონსულტაციას, რათა დაადგინონ მოთხოვნის შესრულების ვადები და პირობები, და აგრეთვე ხარჯების გაღების მეთოდი. 20.   აუცილებლობისდა მიხედვით, მხარეები განიხილავენ შესაძლებლობას, დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ან მორიგებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის დებულებათა მიზნების მიღწევას, ამ დებულებათა რეალურად ამოქმედებას და მათი მოქმედების გაძლიერებას. მუხლი 8🔗 სასამართლო განხილვათა მასალების გადაცემა მხარეები განიხილავენ შესაძლებლობას, გადასცენ ერთმანეთს მასალები, საჭირო იმ სამართალდარღვევათა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, იმ შემთხვევებში, როდესაც მიიჩნევა, რომ ამგვარი გადაცემა მართლმსაჯულების ჯეროვნად აღსრულების ინტერესებს ემსახურება. მუხლი 9🔗 თანამშრომლობისა და ტრენინგის სხვა ფორმები 1. მხარეები, თავ-თავიანთი შინასახელმწიფოებრივი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისად, მჭიდროდ ითანამშრომლებენ ურთიერთთან სამართალაღსრულებითი ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზრდელად, რათა აღკვეთონ ჩადენა სამართალდარღვევებისა, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. კერძოდ ისინი, ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ან მორიგებების საფუძველზე: (a)  შექმნიან და იქონიებენ კავშირის არხებს თავიანთ კომპეტენტურ უწყებებსა და სამსახურებს შორის, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას ინფორმაციისა, რომელიც შეეხება მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა ყველა ასპექტს, მათ შორის, თუკი დაინტერესებული მხარეები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, კავშირებს დანაშაულებრივი საქმიანობის სხვა სახეებთან; (b)  ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გამოძიებათა ჩატარებაში იმ სამართალდარღვევებთან მიმართებაში, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, და რომელთაც საერთაშორისო ხასიათი აქვს, რათა დადგინდეს: (i)   მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობა, ადგილსამყო-ფელი და საქმიანობა; (ii)  ამგვარ სამართალდარღვევათა ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლის ან საკუთრების გადაადგილება; (iii)  გადაადგილება ნარკოტიკული საშუალებებისა, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა, ამ კონვენციის ჳ ცხრილსა და ჳჳ ცხრილში შეტანილი ნივთიერებებისა და იმ საშუალებებისა, რომლებიც გამოიყენება ან რომელთა გამოყენებაც განზრახულია ამგვარ სამართალდარღვევათა ჩასადენად; (c)   შესაბამის შემთხვევებში, და თუ ეს შინასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, შექმნიან ერთობლივ გუნდებს, პირებისა და ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, ამ პუნქტის დებულებათა განსახორციელებლად. ნებისმიერი მხარის ოფიციალური პირები, რომლებიც ამგვარ გუნდებში შევლენ, იმოქმედებენ იმ მხარის შესაბამის ორგანოთა სანქციით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს ოპერაცია; ყველა ამგვარ შემთხვევაში, მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ სრული პატივისცემა იმ მხარის სუვერენიტეტისა, რომლის ტერიტორიაზეც ოპერაცია უნდა ჩატარდეს; (d)  გამოყოფენ, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, ნივთიერებათა აუცილებელ რაოდენობებს ანალიზის ან გამოძიების ჩატარების მიზნით; (e) გააადვილებენ ქმედით კოორდინაციას თავიანთ კომპეტენტურ უწყებებსა და სამსახურებს შორის და ხელს შეუწყობენ პერსონალისა და სხვა ექსპერტების გაცვლას, კავშირის დარგში თანამშრომელთა განლაგების ჩათვლით. 2.  თითოეული მხარე, იმდენად რამდენადაც ეს აუცილებელი იქნება, წამოიწყებს, შეიმუშავებს ან გააუმჯობესებს ტრენინგის სპეციალურ პროგრამებს თავისი სამართალაღმასრულებელი და სხვა პერსონალისთვის, საბაჟო პერსონალის ჩათვლით, რომელსაც ევალება აღკვეთა სამართალდარღვევებისა, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. ამგვარი პროგრამების მოქმედების სფეროში, კერძოდ, შედის: a)  მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა აღმოჩენისა და მონიტორინგისას გამოყენებული მეთოდები; b) მარშრუტები და ტექნიკა, რომელთაც იყენებენ პირები, რომლებიც მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, განსაკუთრებით სატრანზიტო სახელმწიფოებში, და სათანადო კონტრზომები; c)  ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის მონიტორინგი; d)  მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა შედეგად მიღებული შემოსავლის ან საკუთრების, ამგვარ სამართალდარღვევათა ჩასადენად გამოყენებული ან გამოყენებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების, და დამხმარე საშუალებების გადაადგილების აღმოჩენა და მონიტორინგი; e)  მეთოდები, რომლებიც ამგვარი შემოსავლის, საკუთრებისა და საშუალებების გადაცემის, დაფარვის ან შენიღბვის მიზნით გამოიყენება; f) მტკიცებულებათა შეგროვება; g) თავისუფალი ვაჭრობის ზონებსა და თავისუფალ პორტებში კონტროლის წარმოების მეთოდები; h)  თანამედროვე სამართალაღსრულებითი მეთოდები. 3.  მხარეები ერთმანეთს დაეხმარებიან იმ კვლევითი და ტრენინგის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელთა დანიშნულებაცაა გამოცდილების გაზიარება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ სფეროებში და, ამ მიზნით, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გამოიყენებენ აგრეთვე რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და მოახდინონ იმ პრობლემათა განხილვის სტიმულირება, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს, სატრანზიტო სახელმწიფოების განსაკუთ¬რებულ პრობლემათა და საჭიროებათა ჩათვლით. მუხლი 10🔗 საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება სატრანზიტო სახელმწიფოთათვის 1.  მხარეები ითანამშრომლებენ, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით, რათა, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ სატრანზიტო სახელმწიფოებს და, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც ამგვარი დახმარება ესაჭიროებათ, უკანონო ბრუნვის აკრძალვისა და სხვა მსგავსი ღონისძიებებისადმი მიძღვნილი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამათა მეშვეობით. 2. მხარეებს შეუძლიათ, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით, ივალდებულონ ფინანსური დახმარების აღმოჩენა ამგვარი სატრანზიტო სახელმწიფოებისთვის, იმ მიზნით, რათა გაზარდონ და გააძლიერონ უკანონო ბრუნვის ეფექტიანი კონტროლისა და პრევენციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 3. მხარეებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ან მორიგებები, რათა გაზარდონ ამ მუხლის თანახმად წარმოებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობა და, ამ თვალსაზრისით, შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ ფინანსური მორიგებები. მუხლი 11🔗 კონტროლირებული მიწოდება 1.  თუ ამის უფლებას მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემების ძირითადი პრინციპები იძლევა, მხარეები, თავიანთ შესაძლებლობათა ფარგლებში, მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა შესაძლებელი გახდეს კონტროლირებული მიწოდების სათანადო გამოყენება საერთაშორისო დონეზე, ურთიერთმისაღები შეთანხმებების ან მორიგებების საფუძველზე, რათა გამოვლინდნენ პირები, მონაწილენი სამართალდარღვევებში, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, და მათ წინააღმდეგ აღიძრას სასამართლო საქმე. 2.  გადაწყვეტილებები კონტროლირებული მიწოდების შესახებ ცალკე მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და შეუძლია, აუცილებლობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ფინანსური მორიგებები და მიღწეული შეთანხმებები დაინტერესებულ მხარეთა მიერ იურისდიქციის აღსრულების თაობაზე. 3. უკანონო პარტიები, რომელთა კონტროლირებული მიწოდებაც შეთანხმებულია, შეიძლება, დაინტერესებულ მხარეთა ნებართვით, დანიშნულების ადგილას მისვლამდე იქნეს შეპყრობილი, შემდგომ კი ამ პარტიებს მოძრაობის გაგრძელების უფლება მიეცეს ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ხელუხლებლად დატოვებით, ან მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლით. მუხლი 12🔗 ნივთიერებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისას 1.  მხარეები მიიღებენ ზომებს, რომელთაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, რათა არ დაუშვან გადინება i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებებისა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ დასამზადებლად გამოიყენება, და ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ამ მიზნით. 2.  თუ მხარეს ან კომიტეტს აქვს ინფორმაცია, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება მოითხოვდეს ამა თუ იმ ნივთიერების შეტანას i-სა ან ii ცხრილში, იგი ამის შესახებ შეატყობინებს გენერალურ მდივანს და მიაწვდის მას ამ შეტყობინების დამადასტურებელ ინფორმაციას. ამ მუხლის 2-7 პუნქტებში აღწერილი პროცედურა გამოიყენება აგრეთვე, როდესაც მხარეს ან კომიტეტს აქვს ინფორმაცია, რომელიც ამართლებს ამა თუ იმ ნივთიერების ამოღებას i ან ii ცხრილიდან, ანდა ამა თუ იმ ნივთიერების გადატანას ერთი ცხრილიდან მეორეში. 3. გენერალური მდივანი ამგვარ შეტყობინებას და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც იგი მნიშვნელოვნად ჩათვლის, გადაუგზავნის მხარეებს, კომისიას და, როდესაც შეტყობინება ამა თუ იმ მხარის მიერ არის გაკეთებული – კომიტეტს. მხარეები გენერალურ მდივანს მიაწვდიან თავიანთ შენიშვნებს შეტყობინების თაობაზე, მთელ იმ დამატებით ინფორმაციასთან ერთად, რომელიც შეიძლება კომიტეტს შეფასების მომზადებაში დაეხმაროს, ხოლო კომისიას – გადაწყვეტილების მიღებაში. 4.   თუ კომიტეტი, გაითვალისწინებს რა ნივთიერების კანონიერი გამოყენების მასშტაბს, მნიშვნელობასა და სხვადასხვაგვარობას და ალტერნატიული ნივთიერებების როგორც კანონიერი მიზნებით, ასევე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ დასამზადებლად გამოყენების შესაძლებლობასა და სიადვილეს, მიიჩნევს: (ა)   რომ ნივთიერება ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას; (ბ)  რომ ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადების მოცულობა და მასშტაბი სერიოზულ საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სოციალურ პრობლემებსა ქმნის, რაც საერთაშორისო დონის ზომების მიღების საფუძველს იძლევა, იგი კომისიას მიაწვდის ნივთიერების შეფასებას, რაშიც შევა ნივთიერების i-სა ან ii ცხრილში შეტანის სავარაუდო ზეგავლენა როგორც კანონიერ გამოყენებაზე, ასევე უკანონო დამზადებაზე, და აგრეთვე რეკომენდაციებს სამონიტორინგო ზომების თაობაზე, თუკი ასეთი საჭირო იქნა, რომლებიც მიზანშეწონილი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შეფასების გათვალისწინებით. 5. კომისიას, მხედველობაში მიიღებს რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და კომიტეტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლის მიერ მომზადებულ შეფასებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო საკითხებთან მიმართებაში, და აგრეთვე სხვა შესაბამისი ფაქტების ჯეროვნად გათვალისწინებით, შეუძლია თავისი წევრების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით გადაწყვიტოს, შეიტანოს ნივთიერება i-სა ან ii ცხრილში. 6. კომისიის მიერ ამ მუხლის თანახმად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ გენერალური მდივანი შეატყობინებს ყველა სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზაციას, რომლებიც არიან, ან რომელთაც უფლება აქვთ გახდნენ, ამ კონვენციის მხარეები, და კომიტეტს. ამგვარი გადაწყვეტილება თითოეული მხარისათვის სრულად შევა ძალაში ამგვარი შეტყობინების თარიღიდან ას ოთხმოცი დღის შემდეგ. 7.    (a) კომისიის მიერ ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საბჭოს მიერ გადასინჯვას თანახმად ნებისმიერი მხარის მოთხოვნისა, შეტანილისა ას ოთხმოცი დღის განმავლობაში გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინების თარიღიდან. გადასინჯვის მოთხოვნა გაეგზავნება გენერალურ მდივანს მთელ იმ შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც ეფუძნება გადასინჯვის მოთხოვნა; (b)  გენერალური მდივანი გადასინჯვის მოთხოვნის ასლებსა და შესაბამის ინფორმაციას გადაუგზავნის კომისიას, კომიტეტსა და ყველა მხარეს და შესთავაზებს მათ, ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები. ყველა მიღებული შენიშვნა განსახილველად წარედგინება საბჭოს. (c)   საბჭოს შეუძლია დაამტკიცოს ან გააუქმოს კომისიის გადაწყვეტილება. შეტყობინება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ გადაეგზავნება ყველა სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზაციას, რომლებიც არიან, ან რომელთაც უფლება აქვთ გახდნენ, ამ კონვენციის მხარეები, კომისიასა და კომიტეტს. 8.   (a) ამ მუხლის 1-ლ პუნქტში შემავალ დებულებათა და 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციისა და 1971 წლის კონვენციის დებულებათა ზოგადი ხასიათისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები მიიღებენ ისეთ ზომებს, როგორსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რათა აწარმოონ მონიტორინგი i-სა და ii ცხრილში შემავალ ნივთიერებათა დამზადებისა და გავრცელებისა, რომელიც მათი ტერიტორიის ფარგლებში ხდება. (b)  ამ მიზნით, მხარეებს შეუძლიათ: (i)  გააკონტროლონ ამგვარ ნივთიერებათა დამზადებასა და გავრცელებაში ჩაბმული ყველა პირი და საწარმო; (ii)   სპეციალური ნებართვის საფუძველზე, გააკონტროლონ ის საწარმოები და სათავსები, სადაც ამგვარი დამზადება ან გავრცელება შეიძლება ხდებოდეს; (iii)  მოსთხოვონ ლიცენზიანტებს ნებართვის აღება ზემოხსენებული ოპერაციების საწარმოებლად; (iv)  ხელი შეუშალონ დამამზადებელთა და გამავრცელებელთა ხელში ამგვარ ნივთიერებათა ისეთი რაოდენობის დაგროვებას, როგორიც აღემატება რაოდენობას, რომელსაც კომერციული საქმიანობის ნორმალური წარმოება და საბაზრო კონიუნქტურა მოითხოვს. 9.  თითოეული მხარე i-სა და ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებებთან მიმართებაში მიიღებს შემდეგ ზომებს: (ა)   შექმნის და იქონიებს i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის სისტემას, რათა გააადვილოს საეჭვო გარიგებათა გამოვლენა. ამგვარი მონიტორინგის სისტემების გამოყენება მოხდება მჭიდრო თანამშრომლობით დამამზადებლებთან, იმპორტიორებთან, ექსპორტიორებთან, ბითუმად მოვაჭრეებთან და ცალობით მოვაჭრეებთან, რომლებიც კომპეტენტურ ორგანოებს საეჭვო შეკვეთებისა და გარიგებების შესახებ აცნობებენ. (ბ)  უზრუნველყოფს i ცხრილში ან ii ცხრილში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების დაყადაღებას, თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. (c)  შეატყობინებს, რაც კი შეიძლება მალე, დაინტერესებულ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებსა და სამსახურებს, თუკი არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ i-სა ან ii ცხრილში შეტანილი ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადების მიზნით, კერძოდ, გადახდის საშუალებებთან და სხვა არსებით ელემენტებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელმაც ამგვარ ვარაუდამდე მიიყვანა იგი. (d)  მოითხოვს, რომ საიმპორტო და საექსპორტო საგნები სათანადოდ იყოს მარკირებული და დოკუმენტირებული. კომერციული დოკუმენტები, როგორიცაა ანგარიშ-ფაქტურები, ტვირთის დეკლარაციები, საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა სატვირთო დოკუმენტები, უნდა შეიცავდეს i ან ii ცხრილში მითითებულ სახელწოდებებს იმპორტირებული ან ექსპორტირებული ნივთიერებებისა, იმპორტირებულ ან ექსპორტირებულ რაოდენობებს და ექსპორტიორის, იმპორტიორის და, როდესაც ეს შესაძლებელია, ტვირთის მიმღების, სახელსა და მისამართს. (e)   უზრუნველყოფს, რომ ამ პუნქტის (d) ქვეპუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები ინახებოდეს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში და კომპეტენტურ ორგანოთათვის შესაძლებელი იყოს მათთან გაცნობა შემოწმების ჩასატარებლად. 10. (a) მე-9 მუხლის პუნქტის დებულებათა დამატების სახით, და დაინტერესებული მხარის მიერ გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე, თითოეული მხარე, რომლის ტერიტორიიდანაც უნდა მოხდეს i ცხრილში შეტანილი ნივთიერების ექსპორტი, უზრუნველყოფს, რომ ამგვარ ექსპორტამდე მისი კომპეტენ¬ტური ორგანოების მიერ იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია: (i)  ექსპორტიორისა და იმპორტიორის და, როდესაც ეს შესაძლებელია, ტვირთის მიმღების, სახელი და მისამართი; (ii)   i ცხრილში შეტანილი ნივთიერების სახელწოდება; (iii)  საექსპორტო ნივთიერების რაოდენობა; (iv)  შესვლის სავარაუდო პუნქტი და გაგზავნის სავარაუდო თარიღი; (v)   მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. (b)  მხარეს შეუძლია მიიღოს ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი ან ხისტი ზომები, თუ, მისი აზრით, ამგვარი ზომები სასურველი ან აუცილებელია. 11.   როდესაც ერთ-ერთი მხარე მიაწვდის ინფორმაციას მეორე მხარეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, ამგვარი ინფორმაციის მიმწოდებელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მისმა მიმღებმა მხარემ კონფიდენციალურად შეინახოს ნებისმიერი სავაჭრო, საქმიანი, კომერციული ან პროფესიული საიდუმლო ან სავაჭრო პროცესი. 12.  თითოეული მხარე ყოველწლიურად მიაწვდის კომიტეტს, მის მიერ გათვალისწინებული ფორმითა და სახით და მის მიერ მოწოდებულ ბლანკებზე, ინფორმაციას, რომელიც შეეხება: a)  i-სა და ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებათა რაოდენობებს, რომლებიც დაყადაღებულია, და მათს წარმომავლობას, როდესაც იგი ცნობილია; b)  ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც შეტანილი არ არის i  ან ii ცხრილში და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლინდება, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო დამზადებისას გამოიყენება, და რომელსაც ეს მხარე საკმარისად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმისთვის, რათა კომიტეტს მასზე ყურადღება გაამახვილებინოს. c)  გადინებისა გზებსა და უკანონო დამზადების ხერხებს. 13.  კომიტეტი ყოველწლიურად ჩააბარებს კომისიას ანგარიშს ამ მუხლის რეალიზაციის შესახებ, ხოლო კომისია პერიოდულად განიხილავს i-სა და ii ცხრილის ადეკვატურობასა და სისწორეს. 14. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება ფარმაცევტული პრეპარატების მიმართ, და არც i  ან ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებათა შემცველ იმ სხვა პრეპარატების მიმართ, რომლებიც ისეთნაირად არის შედგენილი, რომ შეუძლებელია ამგვარ ნივთიერებათა ადვილად გამოყენება ან გამოყოფა ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი საშუალებებით. მუხლი 13🔗 მასალები და მოწყობილობა მხარეები მიიღებენ იმგვარ ზომებს, რომელთაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, რათა არ დაუშვან მასალებითა და მოწყობილობით ვაჭრობა და მათი გადინება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ საწარმოებლად ან დასამზადებლად, და ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ამ მიზნით. მუხლი 14🔗 ნარკოტიკულ მცენარეთა უკანონო კულტივაციის აღმოსაფხვრელი და ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის სალიკვიდაციო ზომები 1.  მხარეთა მიერ ამ კონვენციის მიხედვით მიღებული ნებისმიერი ზომა უნდა იყოს არანაკლებ მკაცრი, ვიდრე დებულებანი, რომლებიც შეეხება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შემცველი მცენარეების უკანონო კულტივაციის აღმოფხვრასა და ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის ლიკვიდაციას, გათვალისწინებულნი 1961 წლის კონვენციით, 1961 წლის შესწორებული კონვენციითაა და 1971 წლის კონვენციით. 2.  თითოეული მხარე მიიღებს სათანადო ზომებს ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შემცველი იმგვარი მცენარეების კულტივაციის აღკვეთისა და მათი განადგურების მიზნით, როგორებიცაა ოპიუმის ყაყაჩო, კოკაინის ბუჩქი და კანაფის მცენარეები, უკანონოდ კულტივირებული მის ტერიტორიაზე. ზომების მიღებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და ჯეროვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონიერი გამოყენების ტრადიციები, როდესაც ამგვარი გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, და აგრეთვე გარემოს დაცვა. 3. (a) მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ უკანონო კულტივაციის აღმოფხვრისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ეფექტიანობის გასაზრდელად. სხვა ზომებთან ერთად, თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, როდესაც ეს მიზანშეწონილია, ინტეგრირებული სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდაჭერას, რამაც შედეგად უკანონო კულტივაციის ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივების შექმნა უნდა მოიტანოს. სასოფლო-სამეურნეო განვითარების ამგვარ პროგრამათა რეალიზაციამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ბაზრებზე შეღწევის სიადვილე, რესურსების ხელმისაწვდომობა და ძირითადი სოციალურ-ეკოომიკური პირობები. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა შესაფერისი ზომების თაობაზე. (b)მხარეები ხელს შეუწყობენ აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლასა და უკანონო კულტივაციის აღმოფხვრის დარგში გამოკვლევათა ჩატარებას. (c) მხარეები, როდესაც მათ საერთო საზღვრები აქვთ, ეცდებიან ითანამშრომლონ უკანონო კულტივაციის აღმოფხვრის პროგრამების ფარგლებში, აღნიშნული საზღვრების მიმდებარე თავიანთ რაიონებში. 4. მხარეები მიიღებენ სათანადო ზომებს, რომელთა მიზანიცაა ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის ლიკვიდაცია ან შემცირება, იმისთვის რათა შეამცირონ ადამიანების ტანჯვა და მოსპონ უკანონო ბრუნვის ფინანსური სტიმულები. ეს ზომები, სხვასთან ერთად, შეიძლება ეფუძნებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული უწყებების, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და 1987 წელს გამართულ „ნარკოტიკულ საშუალებათა ბოროტად გამოყენებასთან და მათ უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე“ მიღებულ „ყოვლისმომცველ მრავალდისციპლინარულ გეგმას“, იმდენად რამდენადაც იგი შეეხება სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს და კერძო ძალისხმევას პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის დარგებში. მხარეებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ან მორიგებები, რომელთა მიზანიცაა ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის ლიკვიდაცია ან შემცირება. 5. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ადრეულ სტადიაზევე გაანადგურონ ან კანონიერი მიზნებისთვის გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებები, რომლებიც დაყადაღებული ან კონფისკებული იქნა, და რათა უზრუნველყონ ამგვარ ნივთიერებათა სათანადოდ დამოწმებული აუცილებელი რაოდენობების მისაღებობა მტკიცებულების სახით. მუხლი 15🔗 კომერციული გადამზიდავები 1.  მხარეები მიიღებენ სათანადო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებითაც კომერციული გადამზიდავები სარგებლობენ, გამოყენებული არ იქნეს იმ სამართალდარღვევათა ჩადენისას, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი; ამგვარი ზომები შეიძლება მოიცავდეს სპეციალურ მორიგებებს კომერციულ გადამზიდავებთან. 2.თითოეული მხარე მოსთხოვს კომერციულ გადამზიდავებს, მიიღონ სიფრთხილის გონივრული წინასწარი ზომები, რათა არ დაუშვან მათი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, იმ სამართალდარღვევათა ჩადენისას, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. ამგვარ სიფრთხილის წინასწარ ზომათა რიცხვში შეიძლება შედიოდეს: (a) თუ კომერციული გადამზიდავის ძირითადი ოფისი მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს: (i)  საეჭვო პარტიების ან პირების გამოვლენის სწავლება პერსონალისთვის; (ii)   პერსონალის კეთილსინდისიერების გაზრდა და ხელშეწყობა; (b)  თუ კომერციული გადამზიდავი მხარის ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებს: (i)   ტვირთის დეკლარაციების წინასწარ წარდგენა, როდესაც ეს შესაძლებელია; (ii)   კონტეინერებზე გამძლე, ინდივიდუალურად შემოწმებადი პლომბების გამოყენება; (iii)   სათანადო ორგანოთათვის პირველივე შესაძლებლობისთანავე შეტყობინება ყველა იმ საეჭვო გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩადენას სამართალდარღვევებისა, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი. 3.   თითოეული მხარე ეცდება უზრუნველყოს თანამშრომლობა კომერციულ გადამზიდავებსა და შესვლისა და გასვლის პუნქტებზე და საბაჟო კონტროლის სხვა ზონებში მოქმედ სათანადო ორგანოებს შორის, იმისთვის რათა აღკვეთოს უნებართვო დაშვება სატრანსპორტო საშუალებებთან და ტვირთთან, და გაატაროს სათანადო უსაფრთხოების ზომები. მუხლი 16🔗 საექსპორტო საგნების კომერციული დოკუმენტები და მარკირება 1. თითოეული მხარე მოითხოვს, რომ კანონიერი ექსპორტისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადოდ იყოს მარკირებული და დოკუმენტირებული. 1961 წლის კონვენციის 31-ე მუხლით, 1961 წლის შესწორებული კონვენციის 31-ე მუხლითა და 1971 წლის კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა გარდა, ისეთი კომერციული დოკუმენტები, როგორიცაა ანგარიშ-ფაქტურები, ტვირთის დეკლარაციები, საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა სატვირთო დოკუმენ-ტები, უნდა შეიცავდეს ექსპორტირებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელწოდებებს, მოყვანილს 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციისა და 1971 წლის კონვენციის შესაბამის სიებში, ექსპორტირებულ რაოდენობას და ექსპორტიორის, იმპორტიორის და, როდესაც ეს შესაძლებელია, ტვირთის მიმღების, სახელსა და მისამართს. 2. თითოეული მხარე მოითხოვს, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპორტირებული პარტიები არ იყოს არასწორად მარკირებული. მუხლი 17🔗 უკანონო ბრუნვა ზღვაზე 1. მხარეები რაც შეიძლება ფართოდ ითანამშრომლებენ ზღვაზე უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად, თანახმად საერთაშორისო საზღვაო სამართლისა. 2. მხარეს, რომელსაც გონივრული საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მცურავი საშუალება, რომელიც დროშის ქვეშ დაცურავს, ან გამოფენილი არა აქვს დროშა ან მისი რეგისტრაციის მაჩვენებელი ნიშნები, უკანონო ბრუნვაშია ჩაბმული, შეუძლია სხვა მხარეებს მოსთხოვოს დახმარება მისი ამ მიზნით გამოყენების აღსაკვეთად. ასეთი მოთხოვნის მიმღები მხარეები გასწევენ ამგვარ დახმარებას მათ ხელთ არსებულ საშუალებათა ფარგლებში. 3. მხარეს, რომელსაც გონივრული საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მცურავი საშუალება, რომელიც სარგებლობს ნავიგაციის თავისუფლებით თანახმად საერ-თაშორისო სამართლისა, და რომელიც დაცურავს მეორე მხარის დროშის ქვეშ, ან გამოფენილი აქვს მისი რეგისტრაციის ნიშნები, უკანონო ბრუნვაშია ჩაბმული, შეუძლია ამის შესახებ აცნობოს დროშის სახელმწიფოს, მოსთხოვოს მას რეგისტრაციის დადასტურება და, თუ იგი დადასტურდა, მოსთხოვოს დროშის სახელმწიფოს აღნიშნული მცურავი საშუალების მიმართ შესაბამისი ზომების გატარების ნებართვა. 4. თანახმად მე-3 მუხლისა, ან თანახმად მათ შორის მოქმედი ხელშეკრულებებისა, ანდა თანახმად ამ მხარეთა შორის სხვაგვარად მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების ან მორიგებისა, დროშის სახელმწიფოს შეუძლია მომთხოვნ სახელმწიფოს, სხვა ქმედებებთან ერთად, ნება დართოს: (a)ავიდეს მცურავი საშუალების ბორტზე; (b)გაჩხრიკოს მცურავი საშუალება; (c)  თუკი უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის მტკიცებულება აღმოჩნდა, განახორციელოს შესაბამისი ქმედება მცურავი საშუალებისა და მის ბორტზე მყოფი პირებისა და ტვირთის მიმართ. 5.  როდესაც ქმედება ამ მუხლის მიხედვით ხორციელდება, დაინტერესებულმა მხარეებმა ჯეროვნად უნდა გაითვალისწინონ იმის აუცილებლობა, რომ საფრთხე არ შეუქმნან ზღვაზე ადამიანების სიცოცხლეს, მცურავი საშუალებისა და ტვირთის დაცულობას, და რომ ზიანი არ მიაყენონ დროშის სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული სახელმწიფოს კომერციულ და სამართლებრივ ინტერესებს. 6.   დროშის სახელწიფოს შეუძლია, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებათა შესაბამისად, მის მიერ ნებართვის გაცემა დაუკავშიროს მასსა და მომთხოვნ მხარეს შორის ურთიერთშესათანხმებელ პირობებს, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პირობების ჩათვლით. 7.  ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, მხარემ სწრაფად უნდა უპასუხოს მეორე მხარის მოთხოვნას, გაარკვიოს, აქვს თუ არა მცურავ საშუალებას, რომელიც მისი დროშის ქვეშ ცურავს, ამის უფლება და ნებართვის გაცემის მოთხოვნებს, გაკეთებულს  მე-3 პუნქტის თანახმად. ამ კონვენციის მხარედ გახდომის დროისათვის, თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს ორგანო ან, როდესაც ეს აუცილებელი იქნება, ორგანოები, რომლებიც ამგვარ მოთხოვნებს მიიღებენ და უპასუხებენ. ამგვარი დანიშვნის შესახებ გენერალური მდივნის მეშვეობით, დანიშვნიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა ეცნობოს ყველა სხვა მხარეს. 8.  მხარემ, რომელსაც განხორციელებული აქვს რაიმე ქმედება ამ მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დროშის სახელმწიფოს ამ ქმედების შედეგების შესახებ. 9.   მხარეები განიხილავენ ორმხრივი ან რეგიონალური შეთანხმებების დადების შესაძლებლობას ამ მუხლის დებულებათა განხორციელების, ან მათი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. 10.   ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება მხოლოდ სამხედრო ხომალდებისა და სამხედრო საფრენი აპარატების მიერ, ან სხვა ისეთი გემების ან საფრენი აპარატების მიერ, რომლებიც მკაფიოდ მარკირებულნი და იდენტიფიცირებადნი არიან, როგორც სამთავრობო სამსახურში მყოფნი, და უფლებამოსილნი არიან ამ მიზნით. 11.   ამ მუხლის თანახმად ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, ჯეროვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული აუცილებლობა, ხელი არ შეეშალოს და ზიანი არ მიადგეს სანაპირო სახელმწიფოთა უფლებებსა და მოვალეობებს, და მათი იურის¬დიქციის აღსრულებას თანახმად საერთაშორისო საზღვაო სამართლისა. მუხლი 18🔗 თავისუფალი ვაჭრობის ზონები და თავისუფალი პორტები 1.  მხარეები თავისუფალი ვაჭრობის ზონებსა და თავისუფალ პორტებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ჳ ცხრილსა და ჳჳ ცხრილში შეტანილი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად მიიღებენ ზომებს, რომლებიც არანაკლებ მკაცრი იქნება, ვიდრე მათი ტერიტორიების სხვა ნაწილებში გამოყენებული ზომები. 2.  მხარეები ეცდებიან: (a) მოახდინონ საქონლისა და პირების მოძრაობის მონიტორინგი თავისუფალი ვაჭრობის ზონებსა და თავისუფალ პორტებში და ამ მიზნით აღჭურავენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს უფლებამოსილებით, გაჩხრიკონ ტვირთები და შემომავა-ლი და გამავალი მცურავი საშუალებები, სასეირნო ნავების ან გემებისა და თევზსაჭერი გემების ჩათვლით, ისევე როგორც საფრენი აპარატები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გაჩხრიკონ ეკიპაჟის წევრები, მგზავრები და მათი ბარგი; (b)  შექმნან და იქონიონ სისტემა თავისუფალ სავაჭრო ზონებსა და თავისუფალ პორტებში შემავალი და იქიდან გამავალი ტვირთების იმ პარტიათა აღმოსაჩენად, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი შეიცავენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და i-სა და ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებებს; (c) შექმნან და იქონიონ დაკვირვების სისტემები ნავსადგურებისა და დოკების რაიონებში და აეროპორტებსა და სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში თავისუფალ სავაჭრო ზონებსა და თავისუფალ პორტებში. მუხლი 19🔗 საფოსტო გზავნილების გამოყენება 1.   „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ კონვენციათა ფარგლებში თავიანთი ვალდებულებების შესაბამისად და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემების ძირითადი პრინციპების თანახმად, მხარეები მიიღებენ ზომებს, რათა აღკვეთონ საფოსტო გზავნილების გამოყენება უკანონო ბრუნვისათვის და ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ამ მიზნით. 2.  ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ ზომებში, კერძოდ, შედის: (a)  კოორდინირებული მოქმედება უკანონო ბრუნვისათვის საფოსტო გზავნილების გამოყენების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; (b)   უფლებამოსილი სამართალაღმასრულებელი პერსონალის მიერ დანერგვა და გამოყენება საგამოძიებო და საკონტროლო მეთოდიკებისა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების უკანონო პარტიების აღმოსაჩენად არის განკუთვნილი (c)    საკანონმდებლო ზომები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სათანადო საშუალებათა გამოყენებას სასამართლო პროცედურებისთვის საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას. მუხლი 20🔗 მხარეთა მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია 1.  მხარეებმა, გენერალური მდივნის მეშვეობით, კომისიას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ კონვენციის მოქმედების შესახებ მათს ტერიტორიებზე და, კერძოდ: (a) ამ კონვენციის რეალიზაციის მიზნით გამოქვეყნებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ტექსტები; (b) კერძო დეტალები მათს იურისდიქციაში შემავალი საქმეებისა, რომლებიც უკანონო ბრუნვას უკავშირდება, რომელთაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან გამოვლენილი ახალი ტენდენციების, ამგვარ ბრუნვაში ჩაბმული რაოდენობების, ნივთიერებათა მოპოვების წყაროების, ანდა ამგვარ საქმიანობაში მონაწილე პირთა მიერ გამოყენებული მეთოდების გამო. 2. მხარეებმა უნდა მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია, ისეთნაირად და ისეთი თარიღებისთვის, როგორიც კომისიამ შეიძლება მოითხოვოს. მუხლი 21🔗 კომისიის ფუნქციები კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ამ კონვენციის მიზნებთან დაკავშირებული ყველა საქმე და, კერძოდ: (a)კომისია, მხარეთა მიერ მე-20 მუხლის თანახმად წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განიხილავს ამ კონვენციის მოქმედებას; (b)   მხარეთაგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, კომისიას შეუძლია გამოთქვას წინადადებები და ზოგადი რეკომენდაციები; (c)    კომისიას შეუძლია ყურადღება მიაქცევინოს კომიტეტს ნებისმიერი ისეთი საკითხისათვის, რომელსაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს კომიტეტის ფუნქციებთან; (d)   კომისია, მისთვის კომიტეტის მიერ 22-ე მუხლის 1 (b) პუნქტის თანახმად წარდგენილ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, განახორციელებს ისეთ ქმედებას, როგორსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს; (e)    კომისიას შეუძლია, მე-12 მუხლში მოყვანილ პროცედურათა შესაბამისად, შესწორებები შეიტანოს i-სა და ii ცხრილში; (f)    კომისიას შეუძლია არამხარეთა ყურადღება გაამახვილოს გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებსაც იგი ამ კონვენციის მიხედვით იღებს, რათა მათ განიხილონ ამ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა თანახმად ზომების მიღების შესაძლებლობა. მუხლი 22🔗 კომიტეტის ფუნქციები 1.   21-ე მუხლით გათვალისწინებულ კომისიის ფუნქციათათვის ზიანის მიუყენებლად და ზიანის მიუყენებლად 1961 წლის კონვენციით, 1961 წლის შესწორებული კონვენციითა და 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებულ კომიტეტისა და კომისიის ფუნქციათათვის: (a) თუ, მის ხელთ არსებული ინფორმაციის, გენერალური მდივნის ან კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციის, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, კომიტეტს საფუძველი ექნა იფიქროს, რომ ამ კონვენციის მიზნები მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებში არ შესრულებულა, კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ შესაბამისი ინფორმაცია; (b)  მე-12, მე-13 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში: (i)  ამ მუხლის (a) ქვეპუნქტის მიხედვით ქმედების განხორციელების შემდეგ, კომიტეტს, თუ იგი დარწმუნდება, რომ ამის გაკეთება აუცილებელია, შეუძ¬ლია მოუწოდოს შესაბამის მხარეს, მიიღოს იმგვარი ზომები, როგორიც არსებულ ვითარებაში აუცილებელი გამოჩნდება მე-12, მე-13 და მე-16 მუხლების დებულებათა შესასრულებლად; (ii)  ქვემოთ, (iii) პარაგრაფის მიხედვით ქმედების განხორციელებამდე, კომიტეტი კონფიდენციალურად მიიჩნევს შესაბამის მხარესთან თავის კავშირურთიერთობებს წინამავალი ქვეპუნქტების მიხედვით; (iii) თუ კომიტეტი დაადგენს, რომ შესაბამის მხარეს არ მიუღია ზომები, რომლებიც მას მოუწოდეს მიეღო, მას შეუძლია ყურადღება მიაქცევინოს მხარეებს, საბჭოსა და კომისიას ამ საკითხისადმი. კომიტეტის მიერ ამ ქვეპუნქტის მიხედვით გამოქვეყნებული ნებისმიერი ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე შეხედულებებს შესაბამისი მხარისა, თუკი ეს უკანასკნელი ამას მოითხოვს. 2.  ნებისმიერ მხარეს შესთავაზებენ, წარმოდგენილი იყოს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მისთვის უშუალო ინტერესის საგნის წარმომადგენელი საკითხი უნდა იქნეს განხილული ამ მუხლის მიხედვით. 3. თუ, ამა თუ იმ შემთხვევაში, კომიტეტის გადაწყვეტილება, მიღებული ამ მუხლის მიხედვით, ერთსულოვანი არ არის, უმცირესობის შეხედულებები უნდა დაფიქსირდეს. 4.  ამ მუხლის მიხედვით კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიიღება კომიტეტის წევრთა მთელი რაოდენობის ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით. 5.   ამ მუხლის 1 (a) ქვეპუნქტის მიხედვით საკუთარ ფუნქციათა შესრულებისას, კომიტეტი უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას მთელი იმ ინფორმაციისა, რომელიც მის ხელთ შეიძლება აღმოჩნდეს. 6.  კომიტეტის პასუხისმგებლობა, გათვალისწინებული ამ მუხლით, არ ვრცელდება მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა თანახმად დადებული ხელშეკრულებების ან შეთანხმებების რეალიზაციაზე. 7.  ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება მხარეთა შორის დავებზე, რომლებიც 32-ე მუხლის დებულებათა მოქმედების ფარგლებში შედის. მუხლი 23🔗 კომიტეტის ანგარიშები 1.   კომიტეტი მოამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი მუშაობის შესახებ, რომელშიც შევა მის განკარგულებაში არსებული ინფორმაციის ანალიზი და, შესაფერის შემთხვევებში, მოხსენება მხარეთა მიერ წარმოდგენილ, ან მხარეთა-თვის მოთხოვნილ ახსნა-განმარტებათა, თუკი ასეთი იქნა, შესახებ, ნებისმიერ იმ შენიშვნებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელთა გაკეთებასაც კომიტეტი მოისურვებს. კომიტეტს შეუძლია წარადგინოს იმგვარი დამატებითი ანგარიშები, როგორსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს. ანგარიშები საბჭოს წარედგინება კომისიის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია გააკეთოს იმგვარი კომენტარები, როგორსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის. 2 .  კომიტეტის ანგარიშები გასაცნობად გადაეგზავნება მხარეებს, შემდეგ კი გამოქვეყნდება გენერალური მდივნის მიერ. მხარეებმა უნდა დაუშვან მათი დაუბრკოლებელი გავრცელება. მუხლი 24🔗 იმაზე უფრო მკაცრი ზომების გამოყენება, ვიდრე ამას მოცემული კონვენცია მოითხოვს მხარეს შეუძლია მიიღოს იმაზე უფრო მკაცრი ან სასტიკი ზომები, ვიდრე ამ კონვენციით გათვალისწინებული ზომებია, თუკი ამგვარი ზომები სასურველი ან აუცილებელია უკანონო ბრუნვის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად. მუხლი 25🔗 ადრინდელი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ძალაში დარჩენა ამ კონვენციის დებულებები არ აუქმებს რაიმე უფლებებს, რომლებითაც ამ კონვენციის მხარეები სარგებლობენ, ან მოვალეობებს, რომლებიც მათ ნაკისრი აქვთ 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციისა და 1971 წლის კონვენციის მიხედვით. მუხლი 26🔗 ხელმოწერა ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის ოფისში, 1988 წლის 20 დეკემბრიდან 1989 წლის 28 თებერვლამდე, ხოლო ამის შემდგომ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, 1989 წლის 20 დეკემბრამდე: (a) ყველა სახელმწიფოს მიერ; (b)  ნამიბიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში; (c)  ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ, რომელთაც კომპეტენცია აქვთ ამ კონვენციით მოცულ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებისა, ამგვარი შეთანხმებების დადებისა და გამოყენებისა, რის დროსაც მითითებები, გაკეთებული ამ კონვენციის ფარგლებში, მხარეებზე, სახელმწიფოებზე ან ეროვნულ სამსახურებზე, ამ ორგანიზაციათა მიმართ გამოყენებადია მათი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 27🔗 რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან ოფიციალურის დადასტურების აქტი 1.  ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას სახელმწიფოთა მიერ და ნამიბიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში, და 26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მოხსენიებულ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციათა მიერ ოფიციალური დადასტურების აქტებს. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ და ოფიციალური დადასტურების აქტებთან დაკავშირებული დოკუმენტები შესანახად ჰბარდება გენერალურ მდივანს. 2.  ოფიციალური დადასტურების თავიანთ დოკუმენტებში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ორგანიზაციებმა აგრეთვე უნდა აცნობონ გენერალურ მდივანს ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 28🔗 შეერთება 1. ეს კონვენცია მასთან შესაერთებლად ღია რჩება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ნამიბიისთვის, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში, და 26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მოხსენიებულ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციათათვის. შეერთება განხორციელდება გენერალური მდივნისთვის შეერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარებით. 2.  თავიანთ დოკუმენტებში შეერთების შესახებ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ორგანიზაციებმა აგრეთვე უნდა აცნობონ გენერალურ მდივანს ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 29🔗 ძალაში შესვლა 1. ეს კონვენცია ძალაში შედის გენერალური მდივნისთვის სახელმწიფოების მიერ, ან ნამიბიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭო ნამიბიის საკითხებში, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის ჩაბარების თარიღიდან მეოცე დღეს. 2. თითოეული სახელმწიფოსთვის ან ნამიბიისთვის, წარმოდგენილისთვის ნამიბიის საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭოს მიერ, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას, ან შეუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მისი დოკუმენტის ჩაბარების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს. 3.  26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მოხსენიებული ეკონომიკური ინტეგრაციის თითოეული რეგიონალური ორგანიზაცისთვის, რომელიც ჩააბარებს ოფიციალური დადასტურების აქტთან დაკავშირებულ დოკუმენტს, ან დოკუმენტს შეერთების შესახებ, ეს კონვენცია ძალაში შედის ამგვარი ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს, ან იმ თარიღისთვის, როდესაც კონვენცია ძალაში შევა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმისდა მიხედვით, თუ რომელი თარიღია უფრო გვიანდელი. მუხლი 30🔗 დენონსაცია 1.  მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. 2.  ამგვარი დენონსაცია აღნიშნული მხარისთვის ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ. მუხლი 31🔗 შესწორებები 1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ კონვენციაში შესატანი შესწორების შეთავაზება. ნებისმიერი ამგვარი შესწორების ტექსტი და მისი მიზეზები გასაცნობად უნდა გაეგზავნოს გენერალურ მდივანს, რომელიც მას გასაცნობად გადაუგზავნის სხვა მხარეებს და ჰკითხავს მათ, ღებულობენ თუ არა ისინი შემოთავაზებულ შესწორებას. თუ შემოთავაზებული შესწორება, დაგზავნილი ამგვარი წესით, არც ერთი მხარის მიერ არ იქნება უარყოფილი მისი დაგზავნიდან ოცდაოთხი თვის განმავლობაში, იგი მიღებულად ჩაითვლება და მხარისთვის ძალაში შევა ოთხმოცდაათი დღის შემდეგ ამ მხარის მიერ გენერალური მდივნისთვის იმ დოკუმენტის ჩაბარებიდან, რომელშიც გამოხატულია მისი თანხმობა იმაზე, რომ აღნიშნულ შესწორებას მისთვის სავალდებულო ძალა ჰქონდეს. 2.თუ შემოთავაზებული შესწორება უარყოფილი იქნა რომელიმე მხარის მიერ, გენერალური მდივანი მოეთათბირება მხარეებს და, თუ უმრავლესობა ამას მოითხოვს, საკითხს, მხარეთა მიერ გაკეთებულ ნებისმიერ შენიშვნებთან ერთად, წარუდგენს საბჭოს, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, მოიწვიოს კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. ამგვარი კონფერენციის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი შესწორება შეტანილი უნდა იქნეს პროტოკოლში შესწორების შესახებ. მხარის თანხმობა, ამგვარ პროტოკოლს მისთვის სავალდებულო ძალა ჰქონდეს, სპეციალურად უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. მუხლი 32🔗 დავების მოგვარება 1. თუ ორ ან მეტ მხარეს შორის წარმოიქნება ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, მხარეები კონსულტაციას გამართავენ ერთმანეთთან, რათა მოაგვარონ დავა მოლაპარაკების, გამოძიების, შუამავლობის, სამომრიგებლო პროცედურის, არბიტრაჟის, რეგიონალური ორგანოებისადმი მიმართვის ან სასამართლო პროცესის მეშვეობით, ანდა მათ მიერვე არჩეული სხვა მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით. 2. ნებისმიერი ამგვარი დავა, რომელიც ვერ მოგვარდება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში დაწესებული გზით, დავის მხარე რომელიმე სახელმწიფოს მოთხოვნით, გადაწყვეტილების გამოსატანად გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს. 3. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის ესა თუ ის რეგიონალური ორგანიზაცია, მოხსენიებული 26-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში, არის მხარე დავისა, რომლის მოგვარებაც ვერ ხერხდება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში დაწესებული გზით, მას შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მეშვეობით, მოსთხოვოს საბჭოს, მოითხოვოს საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა თანახმად სასამართლოს წესდების 65-ე მუხლისა, რომელი დასკვნაც ჩაითვლება გადამწყვეტად. 4. თითოეულ სახელმწიფოს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების, ამ მასთან შეერთების დროს, ან ეკონომიკური ინტეგრაციის თითოეულ რეგიონალურ ორანიზაციას ხელმოწერის დროს ან ოფიციალური დადასტურების ან შეერთების აქტის ჩაბარების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ თვლის თავს ვალდებულად ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით. სხვა მხარეები არ არიან ვალდებულნი მე-2 და მე-3 პუნქტებით რომელიმე იმ მხარის მიმართ, რომელსაც ამგვარი განცხადება აქვს გაკეთებული. 5.  ნებისმიერ მხარეს, რომელსაც გაკეთებული აქვს განცხადება ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია ამ განცხადების გაუქმება გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გზით. მუხლი 33🔗 ავთენტიკური ტექსტები ამ კონვენციის არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური  ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია. მუხლი 34🔗 დეპოზიტარი ამ კონვენციის დეპოზიტარია გენერალური მდივანი. რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას შესრულებულია ვენაში, ერთ ეგზემპლარად, ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წლის 20 დეკემბერს. დანართი i ცხრილი      ii ცხრილი ერგომეტრინი          ანთრანილმჟავა ერგოტამინი აცეტონი 1-ფენილ-2-პროპანონი       ეთილის ეთერი ეფედრინი     პიპერიდინი ლიზერგინის მჟავა  ფენილძმარმჟავა ფსევდოეფედრინი  ძმარმჟავას ანჰიდრიდი ამ ცხრილში ჩამოთვლილ ნივთიერებათა მარილები, როდესაც ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია.        ამ ცხრილში ჩამოთვლილ ნივთიერებათა მარილები, როდესაც ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია.