განჩინება შპს „ქეთ ივენთსი“-ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/17398-14 (330210314613359)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014წლის 9 ოქტომბერი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ქეთ ივენთსი” (ს/კ 404379392)
წარმომადგენელი: ინგა გაბრიელიანი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის7 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „ქეთ ივენთსის” წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და ითხოვა შპს „ქეთ ივენთსის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ ორგანიზაციას უზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს. საწარმოს ერთადერთ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება 29 442,58 (ოცდაცხრა ათას ოთხას ორმოცდაორი მთელი ორმოცდათვრამეტი მეასედი) ლარის ოდენობით. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „ქეთ ივენთსის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ქეთ ივენთსს” (ს/კ 404379392) უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „ქეთ ივენთსს” მისი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა სს „ბანკი რესპუბლიკიდან”, რომლის თანახმადაც 2014 წლის 04 სექტემბრის მდგომარეობით შპს „ქეთ ივენთსს” ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე წარდგენილია საინკასო დავალება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც შპს „ქეთ ივენთსის” სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს ”ქეთ ივენთსი” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს _ გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ქეთ ივენთსს” აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის _ მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქეთ ივენთსს” (ს/კ 404379392) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ქეთ ივენთსის” (ს/კ 404379392) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს „ქეთ ივენთსი” (ს/კ 404379392) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს „ქეთ ივენთსის” (ს/კ 404379392) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 16 ოქტომბრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ქეთ ივენთსმა” (ს/კ 404379392).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე