„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კერძო ვეტერინარული საქმიანობა – კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში;“.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვეტერინარული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სპეციალობაში საკვალიფიკაციო კურსის გავლა დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებებში და სხვა შესაბამის დაწესებულებებში.“.
3. მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.
4. სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე შესაძლებელია აღნიშნული საბჭოს მუშაობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის სამსახურებისა და ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობა.“.
4. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო
კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის, ვეტერინარიის სფეროში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ვეტერინარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.“.
5. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, შერჩევით აკონტროლებენ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტების მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხს და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
6. 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვეტერინარ ექიმთა (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმთა, ვეტერინარ ფარმაცევტთა) სახელმწიფო სერტიფიცირება დასრულდეს 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
3. 2007 წლის 1 იანვრიდან კერძო ვეტერინარული საქმიანობა აეკრძალოს იმ ვეტერინარ ექიმებს (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმებს, ვეტერინარ ფარმაცევტებს), რომლებსაც არ გააჩნიათ კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2567-რს