„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2568
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.05.001.002.137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 31/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №№27-30, 1994-1995, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კერძო ვეტერინარული სამსახური – ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი;“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახურები

ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იგი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს კერძო ვეტერინარული სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას და საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროში, მსოფლიო ვეტერინარულ ასოციაციასა და სხვა საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციებში.

2. საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური შედგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურებისაგან.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარული სამსახურების ქვემდებარეობა

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები პროფესიულ საქმიანობაში უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს.“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები ვეტერინარიის სფეროში

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებია:

ა) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ) ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის (მცენარეული პროდუქციის) ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების განხორციელებაზე კონტროლი და აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე, სამრეწველო მაცივრებზე (მაცივარკომბინატებზე), კვების ობიექტებსა და ახალი ხორცით, თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებზე ზედამხედველობა;

გ) საქართველოში დამზადებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ხარისხის კონტროლი;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ე) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.“.

6. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები;“.

7. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებები ვეტერინარიის სფეროში

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებებს განეკუთვნება:

ა) საქართველოში სახელმწიფო ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზება;

ბ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება;

გ) ვეტერინარიის სფეროში პერსპექტიულ, პრობლემატურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების მომზადება;

დ) ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების იმპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარული ნებართვის გაცემა;

ე) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ზედამხედველობა და ამ საკითხებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობა;

ვ) ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქციის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და ვეტერინარიის სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება.“.

8. 21-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზება;

ბ) ვეტერინარიის სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული აქტების შემუშავება და სათანადო დადგენილებების, განკარგულებების მიღება, მათი გაუქმება;

გ) ცხოველების საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებებისაგან დაცვის მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ეპიზოოტიური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებების პროფილაქტიკისა და ინფექციის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ღონისძიებების შემუშავება.“.

10. 23-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების წარდგინების საფუძველზე ცხოველების საშიში სნეულებების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა;“;

ბ) „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) ხარისხზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

12. 25-ე და 26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

14. 29-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცხოველების გადაყვანა-გადარეკვა ხორციელდება ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, უფლებამოსილი სამსახურის მიერ დადგენილი და შეთანხმებული მარშრუტით.“.

15. 30-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.

4. ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზო, საფოსტო, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტსანიტარიული ნორმების დარღვევისას ხდება ტვირთების დაკავება, გაუვნებლობა ან ამოღება-მოსპობა დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 321 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის რაიონში არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. ცხოველთა განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების დროს ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულის და პროდუქტების, ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და განადგურება

ცხოველთა განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების (რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფებში) ლიკვიდაციისას, მათი გაჩენის საშიშროებისას, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტისას, ქვეყნის შიგნით გადაზიდვისას, წარმოებისას და რეალიზაციისას ვეტერინარულ-სანიტარიული პირობების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე დაინფიცირებული კერების ლიკვიდაციის დროს დადგენილი წესით ხდება ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციისა და ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და მესაკუთრის ხარჯებით განადგურება.“.

18. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე, ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებში, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), მიუხედავად მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა, სავალდებულოა შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვეტერინარი სპეციალისტით (სპეციალისტებით) დაკომპლექტებული ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) ფუნქციონირება (შესაძლებელია ხელშეკრულების საფუძვეზედაც). რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს ევალებათ უზრუნველყონ მიღებული ნედლეულის სათანადო გამოკვლევა ბრუცელოზსა და მასტიტზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) და ამ ობიექტებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები) ვალდებულნი არიან ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო პროდუქციის გამოვლენისას დადგენილი წესით ჩამოართვან და გაანადგურონ ეს პროდუქცია მესაკუთრის ხარჯებით, რის შესახებაც უნდა აცნობონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ცხოველებისა და ადამიანისათვის საერთო საშიში სნეულებებით მოსახლეობის მოწამვლა-მოშხამვისაგან დაცვის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ, ერთობლივ ღონისძიებებს.“.

19. VII კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვეტერინარულ ღონისძიებათა დაფინანსება“.

20. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

21. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება

ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში ზოონოზური, ზოოანთროპონოზური გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო გეგმური პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან (ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სნეულებების ნუსხის შესაბამისად).“.

22. IX კარი ამოღებულ იქნეს.

23. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონების პროექტები.

4. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ლიკვიდაციის დასრულება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2568–რს