საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 04.01.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება, დანართი №1 –ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მოხელის დახასიათების ფორმა, დანართი №2–ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საატესტაციო ფურცელის ფორმა, დანართი №3–ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ,,თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის №8 დადგენილება (ვებგვერდი 10/06/2013).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება განსაზღვრავს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესს.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს მოქმედი კანონმდებლობისა და აღნიშნული დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში კონკურსი) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელთა ატესტაცია (შემდგომში ატესტაცია) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ) კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპები:
გ.ა) კანონიერება – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარებს ამ დებულების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ.ბ) სამართლიანობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება დამკვიდრებული სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად.
გ.გ) საჯაროობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის;
გ.დ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ.ე) არადასკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის არმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;
გ.ვ) ობიექტურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური და ან პიროვნული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
გ.ზ) მიუკერძოებლობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას სამართლიანი და ობიექტური შეფასებით. დაუშვებელია უპირატესობის მინიჭება არაკეთილსინდისიერად, კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპების უგულველყოფის გზით;
გ.თ) კოლეგიულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
გ.ი) კორექტულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, არ უნდა ისახავდეს პირის შეურაცყოფას, არ უნდა ახასიათებდეს სიძულვილის ენა. საკონკურსო – საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დ) კომისია – საკონკურსო–საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია ამ დებულების საფუძველზე;
ე) დაწესებულება – თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია. გამგეობა ან საკრებულოს აპარატი.
ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი:
ვ.ა) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება მხოლოდ საკრებულოს აპარატის მოხელეებისათვის;
ვ.ბ) გამგებელი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება მხოლოდ გამგეობის მოხელეებისთვის;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე – ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52–ე მუხლში მოცემული პირებისა.
თავი II
კომისია
მუხლი 3🔗.
კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
გ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაცია დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. საკრებულო უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს გამგებელი.
3. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრი (წევრები) და დამოუკიდებელი სპეციალისტი (სპეციალისტები).
5. დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.
6. კომისიის შემადგენლობაში, შესაძლებელია, მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირები.
7. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
8. პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში.
9. კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
10. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მოხელეთა ანაზღაურების საშუალო თვიურ ოდენობას.
11. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამისილია, მოითხოოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრის და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
12. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთ შემთხევავში კომისიის წევრი, ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხევაში თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან/და ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 5🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. სპეციალიზებული კომისიის საქმიანობა ხორციელდება ამ დებულებით განსაზღვრული პრინციპებით და პროცედურებით.
მუხლი 6🔗.
კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
გ) კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;
დ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ე) შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს.
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კონკურსში მონაწილე პირების ინფორმირება და კომუნიკაცია ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მუხლი 8🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს
ა) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება საკრებულოს აპარატში;
ბ) გამგებელი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება გამგეობაში;
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეული). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმედება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 (სამი) სამუშაო დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო – საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო–სატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო–საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 9🔗.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის აპარატი (სამდივნო) (შემდგომში – აპარატი).
2. აპარატი კომისიის საქმინობის ორგანიზების და ეფექტური წარმართვის მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.
ბ) კონკურსანტების განცხადების მიღება;
გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
ვ) უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
3. აპარატის შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებლი ორგანოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
თავი III
კონკურსი
მუხლი 10🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანები:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანარად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევა და მათი თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ–ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 11🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
2. საკრებულოს თავმჯდომარის აქტის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი.
4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმებს;
5. დამატებით სხვა დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობას ადგენს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
მუხლი 12🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მოხდეს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის მეშვეობით.
2. შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა განცხადების წარსადგენად.
3. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. კანდიდატს უფლება აქვს კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
მუხლი 13🔗.
კონკურსის ჩატარების პროცუდურა და ფორმები
1. კონკურსს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს ერთ–ერთ ან რამდენიმე ეტაპს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) ტესტირება;
დ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗.
განცხადების გადარჩევა
1. განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას, კონკურსანტის მიერ შეტანილი დოკუმენტების შეფასებას.
2. კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განცხადების გადარჩევა უზრუნველყოს სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
მუხლი 15🔗.
წერითი დავალება
1. წერითი დავალება შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით. წერილობითი დავალება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგად უნარ–ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს.
2. წერითი დავალების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას კონკურსის გამოცხადებისთანავე ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 16🔗.
ტესტირება
1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ–ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტებს. ტესტირება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას.
2. ტესტირების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა როდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 17🔗.
გასაუბრება
1. კომისია კანდიდატებთან გასაუბრებით იღებს ინფორმაციას კანდიდატის უნარ–ჩვევებზე, ცოდნაზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
4. გასაუბრების დროს კანდიდატს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
მუხლი 18🔗.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1. კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
3. კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთნ დაკავშირებით იღებს ერთ–ერთ გადაწყვეტილებას:
ა) დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს;
ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
4. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
5. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
6. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობის დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით.
მუხლი 19🔗.
ჩაშლილი კონკურსი
1. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო–საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კონკურსი შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს ჩაშლილად კონკურსის მასალებში არსებითი ხასიათის უზუსტობის გამოვლენის ან კონკურსის პროცედურების არსებითი დარღვევისას.
მუხლი 20🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.
2. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არსებობის შემთხევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 21🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება :
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) კანდიდატი, მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) მოხელე, რომლესაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
გ) მოხელე რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხევავაში, ატესტაციას გადის შემდგომ წელს.
მუხლი 22🔗.
ატესტაციის მიზანი
ა)მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებლი ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის ჩატარების დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს შესაბამისი დაწესებულების სამსახური და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ატესტაციის გრაფიკი ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 24🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის სამსახურში წარადგენს დახასიათებას დანართი #1–ის მიხედვით.
3. მოხელს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების შესაბამისი სამსახური.
5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ–ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:
ა) სხვადასხვა სახის ტესტირება;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 25–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 25🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაუსწრებლად, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოქავს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვანა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას).
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
მუხლი 26🔗.
ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო–საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნად იქნას დებულების დანართი #2–ის განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები, საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს.
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოხელის პირად საქმეში ასახვით, შესაბამისად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) მოხელის დაწინაურება და დაქვეითება;
ბ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
დ) მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
5. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან (კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში.
მუხლი 27🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.
2. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არსებობის შემთხევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
თავი V
გარდამავალი დებულებები
მუხლი 28🔗.
დროებითი წესი
2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის და კონკურსის ჩატარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344–ე მუხლით დადგენილი დროებითი წესები.
დანართი №2
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადებითი და უარყოფითი ჩვევები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადებითი და უარყოფითი მხარეები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა ––––––––––––––––––
თარიღი –––––––––––––––––––––
დანართი №3
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შრომის საერთო სტაჟი (მ.შ. საჯარო სამსახურში) –––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონკუსო–საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონკურსო – საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია –––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––
კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები
.