„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 19.03.2014
ძალაში შესვლა 24.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-56
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტრო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოთქვამენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა, რათა ორივე ქვეყანას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვით სფეროში არსებული მიზნების მიღწევაში და ორივე ქვეყანაში გააუმჯობესონ გარემოს მდგომარეობა,
ითვალისწინებენ რა ორივე ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას შავი ზღვის რეგიონში,
ითვალისწინებენ რა 1992 წელს ხელმოწერილ ,,შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის“ შესახებ კონვენციას,
ადასტურებენ რა თავიანთ საერთო ინტერესს შავი ზღვის გარემოს დაცვასთან დაკავშირებით,
მოქმედებენ რა ორივე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ და განავითარებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში, თანასწორ, ურთიერთსასარგებლო და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები დანიშნავენ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს:
საქართველოს მხარისთვის – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
ბულგარეთის მხარისთვის – გარემოსა და წყლის სამინისტრო;
ზემოაღნიშნული კომპეტენტური ორგანოების დასახელების ცვლილების შემთხვევაში მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზანია გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მიმართულებებით:
a) გარემოს დაბინძურებისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი;
b) ნარჩენების მართვა;
c) ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიების მართვა და ეკოტურიზმის განვითარება;
d) თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში;
e) თანამშრომლობა შავი ზღვის დაცვის საკითხებში.
მუხლი 4🔗
მხარეთა თანამშრომლობა იღებს შემდეგ ფორმას:
a) ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის, არსებული მექანიზმებისა და შესაძლებლობების ძიება;
b) ინფორმაციის გაცვლა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და გეგმების შესახებ;
c) ერთობლივი შეხვედრების, კონფერენციებისა და ექსპერტთა კონსულტაციების მოწყობა;
d) სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა;
e) ექსპერტთა მონაწილეობა თითოეულ ქვეყანაში მოწყობილ საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში;
f) საჯარო მოხელეთა ტრენინგი გარემოს დაცვის ძირითად სფეროებში;
g) თანამშრომლობის ორმხრივად შეთანხმებული სხვა ფორმები.
მუხლი 5🔗
1. მხარეებმა, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში, წერილობით უნდა აცნობონ ერთმანეთს იმ კოორდინატორთა დანიშვნის შესახებ, რომელნიც უფლებამოსილნი არიან აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებაზე.
2. კოორდინატორები, ერთობლივი შეხვედრების მეშვეობით და/ან სხვა საშუალებებით, დაამყარებენ და შეინარჩუნებენ მუდმივ კავშირს.
მუხლი 6🔗
თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, თითოეული მხარე საკუთარ თავზე იღებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯებს.
მუხლი 7🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ მან ზიანი მიაყენოს მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც გამომდინარეობს თითოეული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის თანახმად დადებული სხვა მოქმედი შეთანხმებებიდან.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმება დადებულია 5 წლის ვადით და ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებროვი პროცედურების დასრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, არანაკლებ 6 თვით ადრე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, აღარ გააგრძელოს შეთანხმების მოქმედება.
მუხლი 10🔗
1. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად. ზემოაღნიშნული დებულებების შესაბამისად მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 19 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. ამასთან, ინგლისური ენა წარმოადგენს საკომუნიკაციო ენას.
საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ბულგარეთის რესპუბლიკის
გარემოსა და წყლის
სამინისტრო