განჩინება შპს „დათა“-ს კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1246

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

 

2014 წლი ს   24 ოქტომბერი

ქ.   ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს „დათა“ (ს/ნ 445392940)

წარმომადგენელი : ინგა გაბრიელიანი

მოთხოვნა -  მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება.

    

 განმცხადებელი (კრედიტორი) - სსიპ - შემოსავლების სამსახური;

 მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი

 

გამოარკვია:

 

2014 წლის 31 ივლისს შპს „დათას“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ინგა გაბრიელიანმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით 12 678,20 ლარი. სხვა არაუზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილი კრედიტორი  საზოგადოებას არ ჰყავს, ასევე არ ერიცხება დებიტორული დავალიანება.  ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ აქვს, ასევე არ გააჩნია რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება. განმცხადებელი ითხოვს შპს „დათას“ გაკოტრებას.

2014 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „დათა“  (წარმომდაგენელი -  ინგა გაბრიელიანი) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა 2014 წლის 7 აგვისტოს.

 2014 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ -შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შპს „დათას“ ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 13 229,01 ლარის ოდენობით, შესაბამისად, განცხადების წარმოებაში მიღება და შპს „დათას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის განთავსება.

2014 წლის 29 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ - მშემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ - შემოსავლების სამსახურს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით. აღნიშნული განჩინება სსიპ - შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2014 წლის 2 ოქტომბერს, თუმცა განმცხადებელს არ მოუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების მიზნით.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში,  ხოლო მოვალე შპს „დათა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.  

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ - შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „დათა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

   სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ - შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს „დათას’’ (ს/კ 445392940) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს „დათა’’ (ს/კ 445392940) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ,,დათას’’ (ს/კ 445392940) რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე:                                          გ. მაკარიძე