საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.10.2014
ძალის დაკარგვა 30.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №606
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №606
2014 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №399 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის საფუძველი
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახური თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში.
5. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.
6. სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
თავი II
სამსახურის მიზნები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. სამსახურის მიზანი
სამსახურის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სამსახური:
ა) შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას;
ბ) განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ.) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;
დ) საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის;
ე) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ვ) მონაწილეობს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი და თავის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;
ზ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, აგზავნის შეკითხვებს და იღებს ინფორმაციას ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
თ) მიმართავს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს);
ი) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნას და ფუნქციონირებას;
კ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და თავის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;
ლ) შეისწავლის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას;
მ) ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას;
გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;
ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
5. სამსახურის უფროსის მოადგილეები ახორციელებენ სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფენ სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, აკონტროლებენ სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.
6. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს - ბრძანებას.
7. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.
9. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.
10. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
11. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ანალიტიკური სამმართველო;
ბ) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო.
12. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
თავი IV
სამსახურის დაფინანსება და ანგარიშგება, ანგარიშვალდებულება
მუხლი 5🔗. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახურის ბიუჯეტს სამსახურის უფროსის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახური დაფინანსდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 6🔗. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
სამსახური საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 7🔗. ანგარიშვალდებულება
სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
თავი V
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი
მუხლი 9🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.