„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შესაბამისი სამსახური – სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. რეგისტრაციის წესი
1. საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭება ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებს საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული ან გაცემულია რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ.
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას;
ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს;
გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;
ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს.
4. განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღებას სარეგისტრაციო სამსახური ადასტურებს გან-ცხადების რეგისტრაციის წიგნში განცხადების რეგისტრაციითა და განცხადების მიღების ბარათის გაცემით.
5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციას რეგისტრატორი ახორციელებს განცხადების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. დაჩქარებული რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ერთი, სამი ან ხუთი დღის ვადაში.
6. რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის შესახებ დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო სამსახური იღებს განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს.
7. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლება ეთქვას უარი, თუ:
ა) ვერ წარადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთები;
ბ) არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაა.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთანავე, მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით, არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2636–რს