ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.11.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14-26
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისა“ და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14-26
2014 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდება (დებულება) დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდება (დებულება)
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ფონდის სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება: სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით (დებულებით).
4. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, კოსტავას პირველი შესახვევი #33ა.
მუხლი 2🔗.
ფონდის მიზნები
ფონდის მიზნებია:
ა) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება;
ბ) პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) თბილისის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება.
მუხლი 3🔗.
ფონდის ფუნქციები და საქმიანობის სფერო
1. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) თვითმმართველობის მართვის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;
გ) მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
დ) ინოვაციების სფეროში კვლევითი, ანალიტიკური და ქსელური პროექტების განხორციელება;
ე) ბიზნეს ინოვაციების ხელშეწყობა;
ვ) რეკომენდაციების მომზადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სხვადასხვა ინოვაციური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით;
ზ) პროფესიული განვითარების პროექტების განხორციელება;
თ) ფონდის ინსტიტუციონალური განვითარება.
2. ფონდი უფლებამოსილია, ამ წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ საქმიანობასთან ერთად, ასევე განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. ფონდი უზრუნველყოფს თანამშრომლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან.
მუხლი 4🔗.
ფონდის ხელმძღვანელობა
1. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის უფროსი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის უფროსი.
3. ფონდის პირველი მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება ფონდის უფროსის ბრძანებით.
4. ფონდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ფონდის უფროსის ბრძანებით, ახორციელებს უფროსის (პირველი) მოადგილე.
მუხლი 5🔗.
ფონდის უფროსი
1. ფონდის უფროსი:
ა) წარმოადგენს ფონდს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
ლ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ფონდის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) ხელს აწერს ფონდის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) წარმოადგენს ფონდს (ან ანიჭებს ფონდის წარმომადგენლობას თანამშრომლებს) და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ფონდის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეებს.
მუხლი 6🔗.
ფონდის სტრუქტურა
1. ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ეკონომიკური სამსახური;
გ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამსახური;
დ) პროფესიული განვითარების სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
3. ადმინისტრაციულ სამსახურს მიეკუთვნება:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) სამეურნეო განყოფილება;
დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
4. ეკონომიკურ სამსახურს მიეკუთვნება:
ა) შესყიდვების განყოფილება;
ბ) საფინანსო განყოფილება;
5.ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მრჩეველი/მრჩევლები და აგრეთვე თანაშემწე, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ფონდის უფროსს და ასრულებს მის დავალებებს.
6. ფონდის უფროსის პირველ მოადგილეს ყავს თანაშემწე.
მუხლი 7🔗.
ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახური:
ა) შეიმუშავებს ფონდის შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის უფროსს;
ბ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
გ) უზრუნველყოფს ფონდზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას და დაცვას;
დ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
ე) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ფონდის ბალანსზე რიცხული აქტივების კაპიტალისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას;
თ) ფონდის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ფონდის უფროსის ბრძანებების პროექტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ცნობებს;
კ) ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;
ლ) უზრუნველყოფს ფონდში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას;
მ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ო) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
პ) უზრუნველყოფს ფონდის თანამშრომლებზე ფონდის უფროსის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის გაცნობას და აკონტროლებს მის შესრულებას;
ჟ) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
რ) უზრუნველყოფს ფონდის სამართლებრივ მომსახურებას;
ს) მონაწილეობს ფონდის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას;
უ) უზრუნველყოფს ფონდის წარმომადგენლობას სასამართლოსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ფ) პროექტების პიარ გეგმის შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
ქ) ურთიერთობს მედიასთან, დაინტერესებულ კერძო პირებთან, ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებასთან, უზრუნველყოფს მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
ღ) უზრუნველყოფს პრეს-რელიზის შედგენას და მედია გაშუქების ორგანიზებას;
ყ) უზრუნველყოფს საერთაშორის ურთიერთობების კოორდინაციას;
შ) ამზადებს ფონდის ყოველთვიური და წლიური ანგარიშებს;
ჩ) ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას;
ძ) უზრუნველყოფს ფონდის საინფორმაციო ტექნოლოგიებით მხარდაჭერას;
წ) ფონდის უფროსის ბრძანებების, დავალებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაცემული დავალებების კონტროლი.
მუხლი 8🔗.
ეკონომიკური სამსახური
ეკონომიკური სამსახური:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას:
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
გ) შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციების დადგენილ ვადებში წარდგენას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფონდის უფროსთან შეთანხმებით ფონდის თანამშრომლებზე ახდენს ხელფასების, პრემიების და სხვა განაცემების დარიცხვას;
თ) ატარებს შიდა აუდიტს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
კ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ლ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
მ) შესყიდვების ხელშეკრულების მომზადების ორგანიზებას;
ნ) აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას.
მუხლი 9🔗.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამსახური
ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამსახური:
ა) ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების მომზადება-შემუშავება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების ხარისხის ამაღლების მიმართულებით;
ბ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროექტების მომზადება და განხორციელება;
გ) რეკომენდაციების მომზადება ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების დანერგვის კუთხით თბილისის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით;
დ) ფონდის ინსტიტუციონალური განვითარებისათვის საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
ე) ფონდის დონორების მოძიების სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
ვ) სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ ანგარიშების, პრეზენტაციების წარდგენა;
ზ) ფონდის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და საფრთხების ანალიზი; გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 10🔗.
პროფესიული განვითარების სამსახური
პროფესიული განვითარების სამსახური:
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეებისათვის და მისი სტრუქტურული ერთეულების და ქვეუწყებების თანამშრომლებისთვის პროფესიული და კარიერული განვითარების პროექტების განხორციელება;
ბ) საგანმანათლებლო პროექტების გახორციელება;
გ) პროფესიული განვითარების პროექტების განხორციელება;
დ) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
ე) სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური პროექტების განხორციელება.
მუხლი 11🔗.
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
ბ) თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
გ) ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად კვლევითი და საპროექტო საქმიანობა.
დ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი.
მუხლი 12🔗.
ფონდის ქონება
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია ფონდის მიერ.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 13🔗.
ფონდის ფინანსები
ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფონდის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 14🔗.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით ფონდმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 15🔗.
ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗.
ფონდის სახელმწიფო კონტროლი
ფონდის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗.
ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 18🔗.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.