განჩინება შპს „პალმი“-ს განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18619-14 ( 330213114628518)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „პალმი” (ს/ნ 202437611)
წარმომადგენელი: ინგა გაბრიელიანი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „პალმის” (ს/ნ 202437611) წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და მოითხოვა შპს „პალმის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ შპს „პალმი” (ს/ნ 202437611) წარმოადგენს გულნარა რასულლუს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და ბალანსზე და საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. საწარმოს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორს კი წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახური. საწარმოს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 5802.26 (ხუთი ათას რვაას ორი მთელი ოცდაექვსი მეასედი) ლარს. შპს „პალმის” სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა კრედიტორი არ ჰყავს.
განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევდა უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. კერძოდ, შპს „პალმს” დაევალა შემდეგი სახის დოკუმენტების წარმოდგენა: ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შპს „პალმის” საბანკო ანგარიშების შესახებ; ბ) თანხების უქონლობის თაობაზე იმ ბანკების მიერ გაცემული ცნობები, სადაც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიშები; გ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა, შპს „პალმი” ფლობს თუ არა წილს სხვა რაიმე საწარმოში; ხარვეზების შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
2014 წლის 7 ნოემბერს, განჩინებით დადგენილ 5 (ხუთი)-დღიან ვადაში სასამართლოს მომართა შპს „პალმის” წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა. მან წარმოადგინა სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც საწარმოს ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკსა” და სს „კორ სტანდარტ ბანკში”, ამასთან, არცერთ მითითებულ ბანკში არსებულ ანგარიშზე საწარმოს თანხა არ ერიცხება; ინგა გაბრიელიანის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „პალმი” არ არის რეგისტრირებული რაიმე სხვა საწარმოს პარტნიორად.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „პალმს” (ს/ნ 202437611) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე განჩინებაში სასამართლო უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს. აღნიშნული კი საწარმოს მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „პალმის” წარმომადგენელს საწარმოს ქონების სიმცირისა და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „კორ სტანდარტ ბანკში” და სს „საქართველოს ბანკში”. მითითებული ბანკებიდან წარმოდგენილი ცნობებით საბანკო ანგარიშების შესახებ დასტურდება, რომ
შპს „პალმის” საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით თანხა არ ირიცხება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც შპს „პალმის” (ს/ნ 202437611) სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „პალმის” საკუთრების უფლება არ აქვს რეგისტრირებული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივ კოლეჯს” აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პალმის” (ს/ნ 202437611) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „პალმის” (ს/ნ 202437611) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ”პალმი” (ს/ნ 202437611) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც, თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „პალმი ” (ს/ნ 202437611) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 18 ნოემბრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „პალმიმ” (ს/ნ 202437611).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე