განჩინება შპს „ძალისი“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/19443-14
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ძალისი”
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია”, დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: შპს „ძალისის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2014 წლის 06 ნოემბერს შპს „ძალისის” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ძალისის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას ბალანსსა და საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 8 ოქტომბრის ინფორმაციის თანახმად, შპს „ძალისის” სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. ამასთან, შპს „აგროფირმა ძალისის” სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ზილ 130” სახელმწიფო სანომრე ნიშნით PZY -219; ძალისის მეთესლეობის მეურნეობის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ზილ 130” სახელმწიფო სანომრე ნიშნით „PAX - 198", ძალისის მეურნების სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „პაზ 672 M", სახელმწიფო სანომრე ნიშნით PAP 830". განმცხადებლის მითითებით, შპს „ძალისი” დაფუძნებულია „ძალისის” ყოფილი სახელმწიფო მეურნეობის ბაზაზე. შესაბამისად, შპს „აგროფირმა ძალისი” და ძალისის მეთესლეობის მეურნეობა არ წარმოადგენს მის წინამორბედ ორგანიზაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ზილ 130” სახელმწიფო სანომრე ნიშნით PZY -219 და „ზილ 130” სახელმწიფო სანომრე ნიშნით PAX _ 198 არ ირიცხება შპს „ძალისის” საკუთრებაში.
მოძრავი ქონების სახით ორგანიზაციას ერიცხება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება „პაზ 672 M" სახელმწიფო სანომრე ნიშნით _ PAP 830, რომლის ადგილსამყოფლის დადგენაც ვერ ხერხდება. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ნარჩენი ღირებულების დადგენაც.
შპს „ძალისის” უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ საწარმოს დავალიანება შეადგენს 363.08 ლარს, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი ლიკვიდატორი _ ბუხუტი ჭანკოტაძე. მის მიმართ საწარმოს გააჩნია სახელფასო დავალიანება 11813 ლარის ოდენობით. შპს „ძალისს” დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს „ძალისს” ანგარიშწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში”. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „ძალისი” გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, შპს „ძალისის” საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „ძალისს” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური, თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, განისაზღვრება გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%-ით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;
აღნიშნული ღირებულების ქონება კი შპს ,,ძალისს” არ გააჩნია და, შესაბამისად, საპროცესო ხარჯების დაფარვასას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ძალისის” (ს/ნ 236032930) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ძალისის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი