ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.11.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №28დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების,ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების შესაბამისად.
4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
7. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
თავი II. სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა,კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა შესაბამის სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებასთან ერთად;
გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;
ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;
ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია, ანალიზი და გავრცელება;
ზ) მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მონაცემების შეგროვება და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ი) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე - დევნილებზე, ეკომიგრანტებზე საინფორმაციო ბანკის შექმნა, ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებათა პაკეტის შემუშავება;
ლ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
მ) მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ნ) ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ,უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა აღრიცხვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის სხვა სამსახურებთან ერთად სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება;
პ) საბრძოლო დიდების მემორიალების, ძმათა სასაფლაოების, ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;
ჟ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. მათი რეგისტრაცია და შესაბამისი ბაზის შექმნა;
რ) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ს) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗.
თავისი ფუნქციები სშეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურს უფლება აქვს:
ა) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;
გ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები,რაც პირდაპირ,ან არაპირდაპირ ემსახურება სამსახურის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 4🔗.
სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტები;
გ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს წინადადებები და პროგრამების პროექტები;
ე) განახორციელოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა შესრულებაზე კონტროლი;
ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗.
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი (შემდგომ -სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, გამგეობის დებულებისა და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურეობრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის.
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, პროგრამებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ამზადებს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის სხვა დოკუმენტაციიის პროექტებს;
თ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ი) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
კ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ლ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს;
3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე.
4.სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განისაზღვრება კანონით.
6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 6🔗
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტები;
გ) წამყვანი სპეციალისტები.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
თავი V. სხვა დებულებები
მუხლი 7🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.