ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2014 წლის 21 ნოემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 მარტის №14 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №32; 23.03.10; ს.კ№010.250.050.35.134.002.107) .
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
2.
სამსახურს აქვს ბეჭედი და იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი სახელწოდებით.
3.
სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, კოსტავას ქ.№3.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები
და მოვალეობები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა და კოორდინაცია;
ბ)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
გ)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;
დ)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი;
ე)
მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;
ვ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ზ)
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა;
თ)
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი წინადადებათა პაკეტის შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება;
ი)
მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;
კ)
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავასუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ)
სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა საფლავების მოძიება და აღრიცხვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ)
საბრძოლო დიდების მემორიალების, ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;
ნ)
მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ო)
მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
1. თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურს უფლება აქვს:
ა) შეიმუშავოს წინადადებები მის კომპენტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
ბ) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;
დ) გამართოს თათბირები, სემინარები მის კომპენტენციაში შემავალ საკითხზე;
ე) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტები;
გ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს წინადადებები და პროგრამების პროექტები;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატიური ურთიერთობა საზოგადოებასთან;
ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 5🔗
1. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის და მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
თავი IV
სხვა დებულებანი
მუხლი 6🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 7🔗
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 8🔗
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.