განჩინება შპს „თბილისი 8“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/10521-2014
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს კრედიტორთა კრებაზე განიხილა შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. ს.ს. ,,საქართველოს ბანკი”-ს ინფორმაციის მიხედვით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს დახურული აქვს საბანკო ანგარიშები 2009 წლის 16 იანვრიდან.
მეურვის _ ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციის მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე არ აქვს ანგარიში საბანკო დაწესებულებებში. მოვალეს ერიცხება დებიტორული მოთხოვნები შვიდი კომპანიის მიმართ, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1065420 ლარს და 09 თეთრს, მაგრამ წარდგენილი არ არის აღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს კრედიტორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მაგრამ მოვალის ქონება მოძიებული ვერ იქნა.
ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, დებიტორების _ შ.პ.ს. ,,თბილისი 1”-ს და შ.პ.ს. ,,თბილისი 6”-ის დებიტორების შესახებ მონაცემების არქონის გამო შეფასება ვერ მოხერხდა, ხოლო შ.პ.ს. ,,თბილისი-7”-ის, შ.პ.ს. ,,თბილისი 2005”-ის, შ.პ.ს. ,,ბეტონი”-ის, შ.პ.ს. ,ლენდმარკი”-ს, შ.პ.ს. ,,ქოლორი”-ს მოთხოვნების შეფასება ვერ მოხერხდა კომპანიების ფინანსური დოკუმენტების არქონის გამო. მოვალის განცხადებით შ.პ.ს. ,,თბილისი 1”-ს, შ.პ.ს. ,,თბილისი 6”-ს შ.პ.ს. ,,თბილისი-7”-ს შეწყვეტილი აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და აღარ ფუნქციონირებენ. შ.პ.ს. ,,ბეტონი, შ.პ.ს. ,,თბილისი-7”, შ.პ.ს. ,,ქოლორი”, შ.პ.ს. ,,თბილისი 2005” რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს კრედიტორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში დავის დაწყების შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორის განმარტებები, მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შ.პ.ს. ,,თბილისი-8”-ს ქონება არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს შ.პ.ს. ,,თბილისი-8”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,,თბილისი -8”-ს მიმართ (ს/ნ 226560218) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მომართონ სასამართლოს შ.პ.ს. ,,თბილისი -8”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი