წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.11.2014
ძალის დაკარგვა 02.08.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №82
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქარველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადებისთვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისთვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს განცხადებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორის სტატუსი
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირებაზე მიიღება:
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 4🔗.
სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ გამგეობის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ით.
2. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 10 სთ-დან 16 სთ-მდე.
4. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის, შესაძლებელია, აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების უწყვეტობა
1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად.
2. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
მუხლი 6🔗.
სტაჟირების გავლის წესი
1. გამგეობაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების (GPA, მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით, მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) მიხედვით, განაწილება, შესაბამის საჯარო დაწესებულებებში, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
3. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, გაივლიან სტაჟირებას, შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
4. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
5. გამგეობა ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია გამგეობაში არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე, ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
6. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია გამგეობაში. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამგეობა ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით., წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მუხლი 7🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში, ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს გამგებელს:
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები -შესაბამისი გამგეობის შინაგანაწესიდან.
მუხლი 8🔗.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ
1. გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, გამგეობა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. გამგეობა ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, გამგებლის გადაწყვეტილებით
კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი, პირადად, აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
5. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს გამგეობის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს, ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის შინაგანაწესის ან/და გამგეობასა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი გამგებელი და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებს საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 11🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, გამგებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.