⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.12.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2014
ძალაში შესვლა 04.12.2014
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,705 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2014 მიღება
04.12.2014 ძალაში შესვლა
14.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №11 2014 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 4 დეკემბრიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 20​2 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით ნავთობპროდუქციის (საწვავის) (შემდგომში – საწვავი) სახელმწიფო შესყიდვაზე. 3. საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საწვავის შესყიდვაზე. 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას. 5. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. 6. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 7. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 2🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება 1.  კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. 3. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 4. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასზე. 5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა. მუხლი 3🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 19​1 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური). 2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. 3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. მუხლი 4🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადება ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ, ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. სატენდერო წინადადების შეფასებისას და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პრინციპები. 3. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული  პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ თანაბარი უმცირესი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ფასი. 5. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ მითითებულ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მუხლი 5🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას. 2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან. 3. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს კონსოლიდირებულად შესასყიდი შესაბამისის მარკის საწვავის ჯამური საორიენტაციო ღირებულების 1%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისაგან საწვავის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის 15 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სხვა მიმწოდებლისაგან ლოკალური აუცილებლობისათვის საჭირო მოცულობის საწვავი შეისყიდოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით, სატენდერო კომისიისადმი მიმართვის გარეშე. 5. სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტთან, რომელიც აკმაყოფილებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული პრეტენდენტის მიმართ მიმწოდებლისათვის ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვალდებულებების გავრცელების საკითხს განსაზღვრავს სატენდერო კომისია შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით. მუხლი 6🔗. საწვავის ფასის განსაზღვრა და ანგარიშსწორების პირობები 1. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი საბოლოო ფასიდან გამოითვლება Z აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი) შემდეგი ფორმულის მეშვეობით: Z=Cbid/(R*(D/1000)*(100%+18%))-P რომელშიც: Cbid – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასია 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში); R – აშშ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული; D – მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ​3); 18% – დღგ; P – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში – პლაცის ნიშნული). Z და D სიდიდეები უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით. 2. მიმწოდებელი ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის განსაზღვრავს 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ნომინალური ღირებულებას (შემდგომში – ნომინალური ღირებულება – Cnom)  შემდეგი ფორმულის მეშვეობით: Cnom =R*(P+Z)*(100%+18%)*D/1000 სადაც: P და R წარმოადგენს მიმდინარეს წინა კალენდარული თვის  შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს; Z და D – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს. 3. ვინაიდან საწვავის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P) ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე (R), მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი – C1). 4. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის პირველი თვის სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის საბოლოო ფასის (Cbid) ტოლი სიდიდით. ყოველი მომდევნო თვის სახელშეკრულებო ფასი კი განისაზღვრება 1 ლ. საწვავის ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით. მიმწოდებელი, ითვალისწინებს პლაცის ნიშნულისა და სავალუტო კურსის ცვალებადობას და ყოველი კალენდარული თვის პირველ რიცხვში, განსაზღვრავს 1 ლიტრი საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასს შემდეგი პრინციპის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამზე ნაკლები პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო  ფასი უდრის  წინა თვის სახელშეკრულებო ფასს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი საწვავის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უტოლდება  ფორმულით გაანგარიშებული მიმდინარე თვის ნომინალურ ფასს. 5. მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის (C2) მიხედვით, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 6. საანგარიშსწორებო ფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) საბარათე სისტემის ან/და ისეთი სისტემის მეშვეობით საწვავის შესყიდვის შემთხვევაში, რომელიც ფიზიკურად უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ჩასხმას მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში (შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომელიც აღჭურვილია ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის – აგაის კომპონენტებით), მიმწოდებელი ყოველთვიურად წარუდგენს  შემსყიდველ ორგანიზაციას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მიმდინარე თვის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე, თვის ბოლოს. ასეთი შესყიდვის შემთხვევაში, საანგარიშსწორებო ფასის განსაზღვრისას, მხარეები ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებას: საანგარიშსწორებო ფასი უნდა იყოს მიმდინარე თვის განმავლობაში მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასების საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე (CAV) სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები; ბ) არასაბარათე სისტემით საწვავის შესყიდვისას, საწვავის გატანის დღეს, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს საწვავის მოთხოვნის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები. 7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. არასაბარათე, საბარათე ან აგაი სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 8. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული P და R და მათ საფუძველზე გამოთვლილი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი (C1), რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. 9. მიმწოდებელმა ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მუხლი 7🔗. ხელშეკრულების შეუსრულებლობა 1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი  შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. 2. სატენდერო კომისიის მიერ  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე და გაყოფილი ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.