ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1711
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლი ს 2 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’ ( ს/ კ 219998475).
დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’
წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე.
მოთხოვნა - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’ - ის ( წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გამოარკვია
2014 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’- ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება, საზოგადოების სახელზე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს წერილის თანახმად რეგისტრირებულია 2 სატრანსპორტო საშუალება: უაზ 39629 (VIN XTT39629080440929, სახ. სანომრე ნიშანი TDT-701) და უაზ 39629 (VIN: XTT39629080437723, სახ. სანომრე ნიშანი TDT-699), თუმცა 2011 წლის 7 სექტემბერს მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. საზოგადოებას უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი მარინე წულეისკირი თანხით 6800 ლარი ( სახელფასო დავალიანება). განმცხადებლის განმარტებით საზოგადოებას ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 5632,03 ლარი, სხვა დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. საბანკო ანგარიშზე ერიცხება 37,74 ლარი, ხოლო სალაროში თანხა არ გააჩნია. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვა ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’- ის გაკოტრება.
2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’- ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’- ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 20 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’- ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1- ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე, 285- ე მუხლებით,
დაადგინა
1. შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’ ( ს/ ნ 219998475) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’- ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე