საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 30.05.2014
ძალაში შესვლა 01.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14/36
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც მხარეები,
აღიარებენ რა ორ მხარეს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას და არ იშურებენ რა ძალისხმევას, ხელი შეუწყონ საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების, აგრეთვე მათი შედეგების აღმოფხვრის სფეროში ურთიერთდახმარებას;
ითვალისწინებენ რა იმ სარგებელს, რომელიც შეიძლება მიიღონ მხარეებმა ზემოაღნიშნულ სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით;
ითვალისწინებენ რა საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შესაძლებლობასა და სიმძიმეს, როდესაც კოორდინირებული დახმარების გაწევა შეიძლება აუცილებელი გახდეს დაზარალებული მხარის რეაგირების შესაძლებლობების გასაზრდელად ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების, გარემოსა და საკუთრების დაზიანების შემცირების მიზნით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
1. „საგანგებო სიტუაციები“ ნიშნავს სიტუაციებს, რომლებიც წარმოიშვა ბუნებრივი და ტექნოგენური უბედურებების შედეგად, როგორიცაა ხანძარი, ტექნოლოგიური, რადიოლოგიური და ბუნებრივი მოვლენები, ეპიდემიები და სხვა სახის უბედურებები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ან ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და გარემოს;
2. „მომთხოვნი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც მეორე მხარეს მიმართავს მოთხოვნით დახმარების გამწევი ჯგუფების, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ;
3. „დახმარების გამწევი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც აკმაყოფილებს მეორე მხარის მოთხოვნას დახმარების გამწევი ჯგუფების, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ;
4. „დახმარების გამწევი ჯგუფები“ ნიშნავს დახმარების გამწევი მხარის სპეციალისტთა ჯგუფებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან დახმარების გასაწევად და აუცილებელი აღჭურვილობის მისაწოდებლად;
5. „აღჭურვილობა“ ნიშნავს მასალებს, ტექნიკურ საშუალებებს, სატრანსპორტო საშუალებებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას, დახმარების გამწევი ჯგუფების აღჭურვილობას და პირად აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება დახმარების გასაწევად;
6. „უზრუნველყოფის მასალები“ ნიშნავს მატერიალურ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში უფასო განაწილებისთვის;
7. „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს ორგანოებს, რომლებიც განსაზღვრულია თითოეული მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებისათვის.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის საგანი
წინამდებარე შეთანხმების მხარეები, არიან რა დარწმუნებულნი თანამშრომლობის აუცილებლობაში, ამყარებენ უწყვეტ თანამშრომლობას, რათა ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში და ორივე მხარის საჭიროებებიდან გამომდინარე გაუმკლავდნენ საგანგებო სიტუაციებს და განავითარონ ეს თანამშრომლობა სათანადო საშუალებებით.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის ფორმები
თანამშრომლობა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოიცავს შემდეგ ფორმებს:
a) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და მათი შედეგების აღმოფხვრის მიზნით ზომებისა და მეთოდების შემუშავება და სრულყოფა;
b) ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის ორგანიზება:
i. მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიაზე მომხდარი საგანგებო სიტუაციების შესახებ;
ii. ურთიერთდახმარების სფეროში მხარეების მოთხოვნებისა და წინადადებების შესახებ, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დახმარების გაწევის შესახებ;
iii. საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოფხვრაში ურთიერთდახმარების გაწევის შესახებ;
c) საერთაშორისო ორგანიზაციების მოზიდვა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებაში მხარეების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად და მათი წარმოქმნის შემთხვევაში დახმარების გასაწევად;
d) ბუნებრივ და ტექნოგენურ პროცესებზე მონიტორინგის ორგანიზება და განხორციელება;
e) საგანგებო სიტუაციების პროგნოზირება და მათი შედეგების შეფასება;
f) ექსპერტების გაცვლა;
g) კადრების მომზადება;
h) ერთობლივი კონსულტაციების ორგანიზება;
i) ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაცვლა;
j) ერთობლივი სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება;
k) კვლევითი პროექტების ერთობლივი დაგეგმარება, შემუშავება, განხორციელება და დემონსტრირება;
l) მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის კავშირის შენარჩუნება;
m) საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოფხვრა;
n) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებასთან და მათი შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც შეიძლება შეთანხმებულ იქნეს მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის.
მუხლი 4🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის მხარეების კომპეტენტური ორგანოები არიან:
a) საქართველოში:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;
b) ლატვიის რესპუბლიკაში:
სახანძრო და სამაშველო სახელმწიფო სამსახური,
სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
2. წინამდებარე შეთანხმების ორივე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით მიაწვდის ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო ინფორმაციასა და დეტალებს, აგრეთვე მათ საკონტაქტო პუნქტებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.
3. მხარეების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან დაუყოვნებლივ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას.
4. წინამდებარე შეთანხმების მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗
დახმარების შესახებ მოთხოვნა და ინფორმაციის გაცვლა
1. დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ან, უკიდურესად გადაუდებელ შემთხვევაში, ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე. ნებისმიერი ზეპირი მოთხოვნა უნდა დადასტურდეს წერილობით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ ზეპირი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათისა. მომთხოვნი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მოთხოვნაში უნდა მიუთითოს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციის დაწყების ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ, საგანგებო სიტუაციის ხასიათისა და მასშტაბის შესახებ და მიმდინარე ვითარების შეფასების შესახებ, აგრეთვე უკვე გატარებული ზომების, დაგეგმილი და საჭირო მხარდაჭერისა და დახმარების პრიორიტეტების შესახებ.
2. დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევის შესაძლებლობის შესახებ და აცნობოს მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მისი იმავდროული შესაძლებლობების, პირობებისა და დახმარების მასშტაბის შესახებ.
3. დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტური ორგანო მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობით აცნობებს იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტის შესახებ, რომლის გადაკვეთაც დაგეგმილია დახმარების გამწევი ჯგუფის მიერ, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთის დროისა და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
მუხლი 6🔗
ურთიერთდახმარება და კოორდინირებული ღონისძიებები
1. დახმარების აღმოჩენა შეიძლება განხორციელდეს დახმარების გამწევი ჯგუფების, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნით ან საჭირო ინფორმაციისა და გამოცდილების გადაცემით.
2. მომთხოვნი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოახდინოს დახმარების გამწევი მხარის დახმარების გამწევი ჯგუფების საქმიანობის კოორდინირება, მართვა და ზედამხედველობა ზემოაღნიშნული დახმარების გამწევი ჯგუფების დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით.
3. მომთხოვნი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს დახმარების გამწევი ჯგუფის დანიშნულ წარმომადგენელს საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული ვითარების ცვლილების შესახებ, უნდა განსაზღვროს საქმიანობის თანმიმდევრობა და საჭიროების შემთხვევაში, უფასოდ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დახმარების გამწევი ჯგუფები თარჯიმნებით, სხვა აუცილებელი მხარდაჭერითა და საშუალებებით.
4. დახმარების გამწევი ჯგუფების აღჭურვილობა უნდა იყოს საკმარისი საგანგებო სიტუაციის ზონაში დამოუკიდებლად მოქმედებისთვის მათი ჩასვლის მომენტიდან სულ მცირე 72 საათის განმავლობაში.
5. მომთხოვნმა მხარემ უნდა უზრუნველყოს დახმარების გამწევი ჯგუფების უსაფრთხოება, უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, კვება და განთავსება, აგრეთვე ძირითადი საარსებო საშუალებები, მას შემდეგ რაც ამოიწურება დახმარების გამწევი ჯგუფების მარაგი.
6. დახმარების გამწევმა ჯგუფებმა მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას პატივი უნდა სცენ მომთხოვნი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
მუხლი 7🔗
საზღვრის გადაკვეთა
1. სწრაფი და ეფექტიანი დახმარების გაწევის მიზნით, მხარეებმა უნდა შეზღუდონ საზღვრის გადაკვეთის პროცედურის ფორმალობები შეძლებისდაგვარად ყველაზე დაბალ დონემდე.
2. დახმარების გამწევ ჯგუფებს შეუძლიათ რიგში დგომის გარეშე გადაკვეთონ მომთხოვნი მხარის სახელმწიფო საზღვარი საერთაშორისო მიმოსვლისთვის ღია სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებით.
3. დახმარების გამწევი ჯგუფების დანიშნულ წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რწმუნებულება, რომელშიც უნდა იქნეს მითითებული დახმარების გამწევი ჯგუფის უფლებამოსილება და დახმარების გამწევი ჯგუფის წევრების სია. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოქმედ სამგზავრო დოკუმენტთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა.
4. ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, საქართველოს დახმარების გამწევი ჯგუფის წევრებზე ვიზები უნდა გაიცეს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ.
5. დახმარების გამწევი ჯგუფების მიერ სამაშველო ძაღლებით მომთხოვნი მხარის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურა და მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ყოფნა უნდა განისაზღვროს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი საკარანტინო წესების შესაბამისად.
6. ნებისმიერი შესაფერისი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება იქნეს გამოყენებული დახმარების გამწევი ჯგუფების, მათი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების ტრანსპორტირების მიზნით, რათა მათ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიაღწიონ დანიშნულების ადგილს.
7. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა, წინამდებარე მუხლში მოცემული პირობების გათვალისწინებით, ძალაშია მაშინაც, როდესაც მხარეების ერთ-ერთი სახელმწიფო არის სატრანზიტო სახელმწიფო იმ მესამე სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც ითხოვს დახმარებას საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით და თუ ტრანზიტი აუცილებელია ეფექტური დახმარების აღმოჩენის მიზნით. წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა კომპეტენტურმა ორგანოებმა დროულად უნდა შეატყობინონ ერთმანეთს მესამე სახელმწიფოსთვის დახმარების აღმოსაჩენად ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ და კოორდინაცია უნდა გაუწიონ აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების ტრანზიტის პროცედურას.
მუხლი 8🔗
აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების საზღვარზე ტრანსპორტირება
1. აღჭურვილობა, უზრუნველყოფის მასალები და დახმარების გამწევი ჯგუფის წევრების პირადი ნივთები, რომლებიც იმპორტირებული ან ექსპორტირებულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნეს გათავისუფლებული საბაჟო გადასახადებისგან და სხვა მოსაკრებლებისგან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
2. დახმარების აღმოჩენის დროს დახმარების გამწევ ჯგუფებს მგზავრობისთვის საჭირო თავიანთი პირადი ნივთების გარდა შეუძლიათ მოახდინონ მხოლოდ თავიანთი დავალების შესრულებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი.
3. ნებისმიერი აღჭურვილობა და უზრუნველყოფის მასალა, რომელიც არ იქნა გამოყენებული ან განადგურებული, უნდა დაუბრუნდეს დახმარების გამწევ მხარეს.
4. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები შეიძლება იყოს იმპორტირებული მხოლოდ სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი რაოდენობით მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მედიკამენტები უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამისი წესების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, დახმარების გამწევი ჯგუფის დანიშნულმა წარმომადგენელმა საბაჟო კონტროლის ორგანოებს უნდა წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც უნდა იქნეს მითითებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების სია და აგრეთვე მათი ნომენკლატურა და რაოდენობა.
5. დახმარების გამწევი ჯგუფის დანიშნულმა წარმომადგენელმა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს მომთხოვნი მხარის საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს დახმარების გამწევი ჯგუფის მიერ დავალების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობის ცალკე სია და უზრუნველყოფის მასალების ცალკე სია.
6. მომთხოვნი მხარის შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ გააკონტროლონ ზემოაღნიშნული მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება და შენახვა.
7. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, რომლებიც არ იქნა გამოყენებული მისიის დროს, უნდა იქნეს გატანილი მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან. დახმარების გამწევი მხარის დახმარების გამწევი ჯგუფის დანიშნული წარმომადგენლისა და ექიმის მიერ ხელმოწერილი და მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი გამოყენებული მედიკამენტების შესახებ უნდა წარედგინოს მომთხოვნი მხარის საბაჟო კონტროლის ორგანოებს მისიის დასრულებისთანავე.
8. წინამდებარე მუხლის პირობები აგრეთვე უნდა მოქმედებდეს ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების ტრანზიტულ გადატანაზე, როდესაც ხდება მესამე სახელმწიფოსთვის დახმარების აღმოჩენა.
მუხლი 9🔗
საჰაერო ხომალდის გამოყენება
1. დახმარების აღმოჩენის მიზნით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მეორე მხარეს დართოს ნება საჰაერო ხომალდის გამოყენებაზე და ტრანზიტულ ფრენაზე.
2. დახმარების გამწევი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა აცნობოს დახმარების აღმოჩენის მიზნით საჰაერო ხომალდის გამოყენების შესახებ და უნდა მიაწოდოს მას შემდეგი მონაცემები:
- საჰაერო ხომალდის სახეობა;
- საჰაერო ხომალდის წარმოშობისა და რეგისტრაციის ქვეყანა და მისი წარმოშობისა და რეგისტრაციის ნიშანი;
- ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების რაოდენობა და სია;
- ტრანსპორტირებული ტვირთის ხასიათი (აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების ზუსტი მითითებით);
- რეისის დაგეგმილი მარშრუტი, საჰაერო ხომალდის დაშვების განსაზღვრული ადგილი და რეისის მონაცემები.
3. დახმარების გამწევი მხარე თავისუფლდება გადაფრენის, დაშვების, პარკირების, აფრენისა და საჰაერო ხომალდის ნავიგაციის მომსახურების გადასახადისგან, როდესაც ეს საჰაერო ხომალდი ახორციელებს დახმარების აღმოჩენას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საჰაერო ხომალდის გამოყენება დახმარების აღმოჩენის მიზნით, მხარეების კომპეტენტური ორგანოები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე უნდა შეთანხმდნენ საჰაერო ხომალდის საწვავით უზრუნველყოფასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე.
4. საჰაერო ხომალდის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული კონტროლი და საბაჟო კონტროლი უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის დაშვების ადგილებში.
მუხლი 10🔗
დახმარების აღმოჩენის ანაზღაურება
იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების დებულებების მხედველობაში მიღებით, დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ.
მუხლი 11🔗
ზიანის ანაზღაურება
1. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ ნებისმიერ იმ უფლებაზე, რომელიც შეიძლება გააჩნდეთ მათ საკუთრებისთვის მიყენებული ზიანის, მათ შორის წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით დახმარების გამწევი ჯგუფის წევრის მიერ თავისი დავალების განხორციელების პროცესში გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნაზე, აგრეთვე იმ ნებისმიერი კომპენსაციის მოთხოვნაზე, რომელიც დაკავშირებულია დახმარების გამწევი ჯგუფის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებასთან ან სიკვდილთან, როდესაც ეს გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ამ წევრის მიერ თავისი დავალების განხორციელების პროცესში და მის განხორციელებასთან მიმართებით.
2. როდესაც დახმარების გამწევი მხარის დახმარების გამწევი ჯგუფის წევრი წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული დავალების განხორციელებისას მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აყენებს ზიანს მესამე პირს, პასუხისმგებლობა დაეკისრება მომთხოვნ მხარეს მისი იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება მისივე დახმარების გამწევი ჯგუფის მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში.
3. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ზიანი გამოწვეულია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად.
4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დახმარების გამწევი ჯგუფის მიერ გამოწვეულ იმ ზიანზე, რომელიც მიყენებულ იქნა მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი შესვლის მომენტიდან მის გამგზავრებამდე პერიოდში.
5. კომპეტენტურმა ორგანოებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა გაამარტივონ კომპენსაციაზე მოთხოვნების შეფასება. აღნიშნული მიზნით მათ უნდა გაცვალონ ყველა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ზიანის გამომწვევ გარემოებებს.
6. მხარეებმა წინამდებარე მუხლის დებულებები აგრეთვე უნდა გამოიყენონ სათანადოდ იმ შემთხვევაშიც, როდესაც რომელიმე მათგანი წარმოადგენს ტრანზიტის სახელმწიფოს.
მუხლი 12🔗
კოორდინაცია დახმარების აღმოჩენის დროს
კომპეტენტური ორგანოები გაატარებენ ყველა აუცილებელ პროცედურას, რათა დაამყარონ და შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირი კომპეტენტურ ორგანოებსა და დახმარების გამწევ ჯგუფებს შორის დახმარების აღმოჩენის დროს.
მუხლი 13🔗
დახმარების ოპერაციების დასრულება
დახმარების გამწევმა ჯგუფებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავიანთი ოპერაციები, თუ ამას მოითხოვს მომთხოვნი მხარე ან თუ მათ შეასრულეს თავიანთი დავალება. ამის შემდეგ, დახმარების გამწევი ყველა ჯგუფი დაუყოვნებლივ დატოვებს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას.
მუხლი 14🔗
ვიზიტებთან და ტრენინგებთან დაკავშირებული ხარჯები
1. მხარე, რომელიც მეორე მხარეს უგზავნის ექსპერტებსა და დამკვირვებლებს, ფარავს მათი მგზავრობის ხარჯებს, ხოლო მასპინძელი მხარე ფარავს განთავსებისა და მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. მხარეს, რომელიც მეორე მხარეს უგზავნის მონაწილეებსა და მსმენელებს, ფარავს მათი მგზავრობის ხარჯებს, ხოლო მასპინძელი მხარე ფარავს განთავსების, სამედიცინო დახმარებისა და მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს აღნიშნული პირების ტრენინგების დროს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მუხლი 15🔗
ინფორმაციის გამოყენება
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შედეგად, შეიძლება გაეცნოს მესამე მხარეს მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი მხარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე მხარეების სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით და შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ მხარეების კომპეტენტური ორგანოების წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში.
მუხლი 16🔗
საერთო კომიტეტი
1. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შექმნან საერთო კომიტეტი, რომელიც შეასრულებს შემდეგ მოვალეობებს:
a) შეთანხმების შესრულება შეთანხმების მხარეებს შორის თანამშრომლობის პროგრამების ფაზების მომზადებით და იდენტიფიცირებით, აგრეთვე მათ გაგრძელებასა და განვითარებაზე მუშაობით;
b) მხარეების სამომავლო მისწრაფებების გათვალისწინებით სათანადო რეკომენდაციების შემუშავება შეთანხმების განვითარებისთვის და მათი წარდგენა კომპეტენტური ორგანოებისთვის ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად სათანადო პროცედურების განსაზღვრის მიზნით.
2. საერთო კომიტეტი მონაცვლეობით შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წელიწადში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით. საერთო კომიტეტს ხელმძღვანელობს მასპინძელი მხარის დელეგაციის ხელმძღვანელი.
მუხლი 17🔗
ენის გამოყენება
წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად თანამშრომლობის განხორციელების პროცესში მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა.
მუხლი 18🔗
დავების გადაწყვეტა
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 19🔗
სხვა საერთაშორისო შეთანხმებები
წინამდებარე შეთანხმებამ გავლენა არ უნდა იქონიოს მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით.
მუხლი 20🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება წერილობითი ფორმით იქნეს შეტანილი ცვლილებები და დამატებები მხარეების ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. აღნიშნული დოკუმენტი ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში.
მუხლი 21🔗
ძალაში შესვლა
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება თავისი განზრახვის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
შესრულებულია ქ. ბათუმში 2014 წლის 30 მაისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.
საქართველოს მთავრობის ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია