წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისის მუნიციპალიტეტი) შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი;
დ) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით;
ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
თ) მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
ი) პრივატიზაციის გეგმა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
კ) წარმომადგენელი (რწმუნებული) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიმღების მოძიებას და პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ინიცირების გზით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ხელშეწყობას, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. წარმომადგენელი (რწმუნებული), საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს, ხოლო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემისას - აუქციონის ორგანიზებას, ამ წესით დადგენილი წესით;
ლ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
მ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ნ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ო) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
პ) აუქციონატორი - მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/წარმომადგენელი (რწმუნებული);
ჟ) განაცხადი - აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
რ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
ს) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ტ) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული წილები და აქციები;
უ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში;
ფ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება;
ქ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი;
ღ) საგარანტიო თანხა - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხ