სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ანგარიში
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცულ პერსონალურ მონაცემთა ბაზების შესახებ ანგარიშს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 162 განცხადება. აქედან, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 100, ა(ა)იპ - 41, მედია საშუალებების - 5, ადმინისტრაციული ორგანოების - 8, კომპანიების - 8.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის MY.GOV.GE-ს მეშვეობით. აღნიშნული სერვისით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 5 მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ დააკმაყოფილა 117 განაცხადი. 26შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნაწილში უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოში დაცული არ იყო ან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მათი გაცემისთვის გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, 5შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნაწილში გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 8 შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნული საკითხები არ განეკუთვნებოდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კომპეტენციას, ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. 6 განცხადება განხილვის პროცესშია. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის 1 ფაქტი.
ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას.
გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას შემდეგი პროგრამული (ელექტრონული) ბაზების მეშვეობით: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი, სამისამართო რეესტრი, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს). სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. სააგენტოში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
დ) 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე არ გამოვლენილა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის და, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
ე) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა შემდეგი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ დებულება.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე/მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების მანანა ცინაძისა და ვლადიმერ მაღნარაძის მიერ.
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის (ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების) შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით. წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
თ) საანგარიშო პერიოდში სააგენტოს არ ჰქონია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, არ მომხდარა სააგენტოსთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრება.
საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე