სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ანგარიში მომზადებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და მოიცავს 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს.
ა) სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ რეგისტრირებულ იქნა 49 განცხადება.
როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2013 წლის სექტემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 1 მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში შემოსული განცხადებებიდან:
1. საჯარო ინფორმაცია გაიცა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად და მოთხოვნა დაკმაყოფილდა 45 განცხადებასთან მიმართებაში;
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ იქნა 1 გადაწყვეტილება (განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მათი გაცემის არცერთი საფუძველი). გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
3. 2 განცხადება განხილვის პროცესშია;
4. 1 განცხადებაში აღნიშნული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
5. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა;
6. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმაზე მიღებული არ ყოფილა;
7. ამასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 45 შემთხვევაში საჯარო ინფორმაცის გაცემით დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, ხოლო, 4 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოგვმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
ბ) საანგარიშო პერიოდში სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე. ასევე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლის 24 ნოემბრიდან 2014 წლის 17 მაისამდე ასრულებდა ლალი გზირიშვილი. ამის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის 47 შემთხვევიდან 46 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა თეა აბრამიძემ; ხოლო 1 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი გზირიშვილმა.
დ) სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატას“ გააჩნია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონული რეესტრი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას. პერსონალურ მონაცემთა გაცემა ხორციელდება მხოლოდ ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით.
ე) სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ აპარატის თანამშრომელთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, ამ საფუძვლით, პასუხისმგებელ პირებზე არ განხორციელებულა დისციპლინური სახდელის დაკისრება.
ე) სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.
აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ე. ჭელიძე