განჩინება შპს „ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1966-14წ .
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2014 წლის9 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი’’; (საიდენტიფიკაციო კოდი – 245423091 )
დირექტორი – მერაბ ფუტკარაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ გაკოტრების საქმის წარმოების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა მერაბ ფუტკარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 5744 ლარის ოდენობით, მათ შორის 640,27 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. მოვალის ბალანსზეა 1 დასახელების ძირითადი საშუალება ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 155 ლარი, სხვა მოძრავი ქონება საზოგადოებას არ აქვს. შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს’’ საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,თიბისი ბანკში’’, სადაც ერიცხება 0,10 ლარი. ამავე დროს საწარმოს გააჩნია 6 პირის მიმართ დებიტორული დავალიანება 3260 ლარის ოდენობით, რომელთაგან 1844 ლარი არის შემოსავლების სამსახურთან არსებული ზედმეტობა. ამავე თანხებშია (3260 ლარი) გათვალისწინებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოსათვის’’ შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრებული 1103 ლარი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის დებიტორული დავალიენაბა 313 ლარი, თუმცა ამ უკანასკნელი თანხის ამოღება ვერ ხერხდება ვინაიდან მოვალე უარს აცხადებს დავალინების დაფარზე ხანდაზმულობის გამო.
განმცხადებელი ითხოვს შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმი მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან), ბალანსზე ერიცხება მხოლოდ 1 დასახელების ძირითადი საშუალება ნარჩენი ღირებულებით 155 ლარი, ხოლო სხვა მოძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება (დანართი 1 და ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან), საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი აქვს მხოლოდ ,,თიბისი ბანკში’’ და ერიცხება 0,10 ლარი (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი ანგარიშიდან). საზოგადოებას ერიცხება კრედიტორული დავალინება 5744 ლარი, რომელთაგან საბიუჯეტო დავალიანება შეადგენს 640,27 ლარს. საზოგადოებას ერიცხება დებიტორული დავალიანება 3415 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს’’ უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე