„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2940
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.002.214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 15/05/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;“.

2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, მოსამართლის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა განხორციელება დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში

1. პროკურორს უფლება აქვს:

ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შევიდეს შესაბამის დაწესებულებებში ნებისმიერ დროს;

გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ხასიათის ღონისძიებები;

დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები არიან დაკავებულნი, დაპატიმრებულნი, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ხასიათის ღონისძიებები;

ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: საქართველოს გენერალური პროკურორი და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში.“.

5. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2940–Iს