„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2950
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 16/05/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ და „ფ2“ ქვეპუნქტები:

„ფ1) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან;

2) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები;“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესამოწმებლად წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის შედეგად საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ, შეინახოს მისი ნივთები და დოკუმენტები, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2950-Iს