⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.12.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.12.2014
ძალაში შესვლა 15.12.2014
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 300030000.57.069.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,221 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2014 მიღება
15.12.2014 ძალაში შესვლა
14.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2014 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 მარტის №8 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 20​2 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2.  ეს წესი ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების (შემდგომში – სტანდარტული კომპიუტერი) სახელმწიფო შესყიდვაზე. 3. იმ შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სტანდარტული კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით შეუძლია მიმართოს კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები. 4. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რომლებზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სტანდარტული კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ სტანდარტული კომპიუტერის შესყიდვისა. 5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას. 6. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. 7. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაძლებელია განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს. 8. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 2🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება 1.  კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. 3. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 4. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სტანდარტული კომპიუტერის ერთეულის ფასზე. 5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა. მუხლი 3🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 19​1 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური). 2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. 3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. მუხლი 4🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადება ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ, ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. სატენდერო წინადადების შეფასებისას და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პრინციპები. 3. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული  პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ თანაბარი უმცირესი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ფასი. 5. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. 7. კონსოლიდირებული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მიმწოდებლის წინადადების ფასი  მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული მიმწოდებლის წინადადების ფასს, ასევე სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი. მუხლი 5🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას. 2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. იმ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით უნდა მიმართოს სატენდერო კომისიას, რაზეც სატენდერო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით. 3. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ის შემსყიდველი ორგანიზაცია,  რომელზეც   სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება,  სხვა მიმწოდებლისაგან სტანდარტული კომპიუტერის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, სტანდარტული კომპიუტერის შესყიდვა ხორციელდება კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს შესასყიდი სტანდარტული კომპიუტერის ჯამური საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სტანდარტული კომპიუტერის მიწოდებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იმ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადით. მუხლი 6🔗. ანგარიშსწორების პირობები 1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ  ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სტანდარტული კომპიუტერის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს ან უარი თქვას მის ხელმოწერაზე. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული დასაბუთებულ უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. 2. სტანდარტული კომპიუტერის მიწოდების გეოგრაფიულ არეალთან, ტრანსპორტირების ხარჯებსა და ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით. 3. სატენდერო კომისია, ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდულობით, უფლებამოსილია, გადახედოს მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული კომპიუტერის ფასს და ბაზარზე შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შესთავაზოს მიმწოდებელს ერთეულის ფასის ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ დაეთანხმება სატენდერო კომისიის მიერ შემოთავაზებულ ახალ გონივრულ ფასს, აღნიშნული გამოიწვევს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტას მიმწოდებლის მიმართ რაიმე სანქციის გამოყენების გარეშე. მუხლი 7🔗. ხელშეკრულების შეუსრულებლობა 1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი  შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. 2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგად მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) სტანდარტული კომპიუტერის  საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.