საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 31.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №156
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილების დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი დეკემბრის №645 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №5 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა (შემდგომში – მეურნეობა) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მეურნეობას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
3.
მეურნეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
4.
მეურნეობას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ლოგო, ასევე საბანკო ანგარიშები, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
5.
მეურნეობის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა.
მუხლი 2🔗.
მეურნეობის მიზნები
მეურნეობის მიზნებია:
ა)
ტყის, დეკორატიული და კულტურული სარგავი და სათესი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში ტყის კულტურებისა და ქარსაფარი ზოლების გაშენება.
მუხლი 3🔗.
მეურნეობის ფუნქციები და ამოცანები
მეურნეობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია და განვითარება;
ბ)
ტყის, დეკორატიული და კულტურული სარგავი მასალის გამოყვანა, ასევე შესყიდვა საკუთარი საჭიროებისათვის და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ)
რულონური გაზონის (ბალახის საფარის) წარმოება;
დ)
სახელმწიფო ტყის ფონდის დადგენილი წესით განაშენიანებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე)
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ შემუშავებული ტყის გაშენების პროექტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიების გასუფთავების, შეღობვისა და დარგვის სამუშაოების განხორციელება;
ვ)
საჭიროების შემთხვევაში საჯარო მიზნებისათვის, ასევე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამწვანების ან/და განაშენიანების ღონისძიებებისათვის, მინისტრის დავალებით, სარგავი მასალის უსასყიდლოდ გაცემა;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე სარგავი და სათესი მასალის მიწოდება;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიულ პირებისთვის ფასიანი მომსახურების გაწევა;
ი)
სარგავი და სათესი მასალის მიწოდებაზე, ფასიანი მომსახურების ან/და ქონების სარგებლობის უფლებით გაცემიდან მიღებული შემოსავლის გამოყენება კანონმდებლობის შესაბამისად;
კ)
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნერგების და ჩითილების გამოყვანა, დარგვა, მათი და მათგან მიღებული პროდუქციის რეალიზება;
ლ)
სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსის შესწავლა და გამოყენება;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება;
ნ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
მეურნეობის მართვა
1.
მეურნეობას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2.
მეურნეობის დირექტორი:
ა)
მოქმედებს მეურნეობის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს მეურნეობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ბ)
კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მეურნეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად მეურნეობის ყველა თანამშრომლისათვის;
გ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის თანამშრომლებს;
დ)
განკარგავს მეურნეობის შემოსავლებს;
ე)
პერსონალურად აგებს პასუხს მეურნეობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ვ)
უფლებამოსილია ბრძანების საფუძველზე განსაზღვროს მეურნეობის საკუთრებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირები;
ზ)
ამტკიცებს მეურნეობის შინაგანაწესს;
თ)
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მეურნეობის თანამშრომელთა წახალისებას, დადგენილი წესით, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ასევე განსაზღვრავს დანამატის ოდენობას;
ი)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს მეურნეობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ)
ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც მინისტრთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის დირექტორი.
4.
მეურნეობის დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს მეურნეობის დირექტორის მოადგილე.
5.
მეურნეობაში საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება მეურნეობის „მთავარი ინსპექტორი“. მთავარი ინსპექტორის უფლებამოვალეობები განისაზღვრება მეურნეობის დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 5🔗.
მეურნეობის სტრუქტურა და მათი ფუნქციები
1.
მეურნეობის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
სატყეო მეთესლეობისა და ტექნოლოგიების სამსახური.
2.
მეურნეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის დირექტორი.
3.
ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა)
მეურნეობის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენა;
ბ)
მეურნეობის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
გ)
მეურნეობის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
მეურნეობის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ე)
მეურნეობის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ)
კანონმდებლობის შესაბამისად მეურნეობის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ზ)
წლიური კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა;
თ)
მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი)
მეურნეობის არაფინანსური აქტივების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
კ)
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან მეურნეობის ურთიერთობის კოორდინაცია;
მ)
მეურნეობის საქმისწარმოების განხორციელება, მეურნეობის საერთო საქმისწარმოების ორგანიზება, კონტროლი და კოორდინაცია;
ნ)
მეურნეობის საკადრო საკითხების განხორციელება, ამ მიზნით ასევე მეურნეობის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ო)
მეურნეობის დირექტორის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;
პ)
კომპეტენციის ფარგლებში მეურნეობის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
რ)
მეურნეობის წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა ორგანოებში;
ს)
მეურნეობის დირექტორის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
4.
სატყეო მეთესლეობისა და ტექნოლოგიების სამსახური.
ა)
აგროვადებში საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესებისათვის მიწის ფართობის მომზადება;
ბ)
კონტეინერული მეთოდით ნერგების მოყვანისთვის საჭირო მასალების (ტორფი, სასუქი, პერლიტი და ა.შ.) ადგილმდებარეობის დადგენა, შემოტანა, შეძენა, ასევე, ტორფის ბაზაზე სუბსტრატის წარმოება;
გ)
კონტეინერების მომზადება თესვისთვის (გარეცხვა, დეზინფექცია);
დ)
ტორფის დამუშავება, საჭირო კომპოსტის მომზადება და ხე-მცენარეთა თესლების ჩათესვა კონტეინერებში;
ე)
აგროვადებში სათესი მასალის დამზადება-შესყიდვა საკუთარი საჭიროებისათვის და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ)
დამზადებული სათესლე მასალის გადამუშავება და მათი დაყვანა კონდეციაზე და დასაწყობება;
ზ)
აგრო ვადებში სათესი მასალის დათესვა კონტეინერში და ღია გრუნტში;
თ)
საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების (გამარგვლა, მოხნა, კულტივაცია, მორწყვა) ჩატარება;
ი)
სასუქების შეტანა, როგორც თესვის წინ, ისე თესვის შემდგომ;
კ)
მცენარეებში დაავადების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება;
ლ)
გამხმარი, დაავადებული, გადაზრდილი და ა.შ. - არალიკვიდური ნერგების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
მ)
სანერგე სკოლებისა და დასაკალმებელი პლანტაციების გაშენება;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში ტყის კულტურებისა და ქარსაფარი ზოლების გაშენება;
ო)
რულონური გაზონის წარმოების, მოვლის და გამოყენების ორგანიზება;
პ)
მეურნეობის დირექტორის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
მეურნეობის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1.
მეურნეობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2.
სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მეურნეობის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3.
მეურნეობის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სამინისტროს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4.
მეურნეობა ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
მუხლი 7🔗.
მეურნეობის ფინანსები და ქონება
1.
მეურნეობას დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2.
მეურნეობის დაფინანსების წყაროა:
ა)
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ)
სახელმწიფო ან სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ)
მეურნობის მიერ გამოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
დ)
გრანტები;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლინად ხმარდება მეურნეობის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
მეურნეობის საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
1.
მეურნეობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2.
მეურნეობის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
მეურნეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1.
მეურნეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
მეურნეობის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.