„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3087
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.002.242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 09/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინვესტიცია – სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოში, საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტებში კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება;

ბ) სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკა – სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, რომლის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;

გ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამა – ცალკეული დარგისა და საწარმოს განვითარების, აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული საფინანსო-ეკონომიკური გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს;

დ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტი – საწარმოო-საინვესტიციო პროგრამით განსაზღვრული დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული კონკრეტული მოქმედებების გეგმა;

ე) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემა – ამ კანონით განსაზღვრული  ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას და განსაზღვრავს მათი განხორციელების პრინციპებს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი (შემდგომში – ფონდი) – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების ძირითადი წყარო;

ზ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაცია – რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საწარმოო-საინვესტიციო პროექტს წა-რადგენს ამ კანონის შესაბამისად;

თ) პრეტენდენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დაფინანსება ფონდის სახსრებიდან და ამ მიზნით მონაწილეობს  საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსში;  

ი) სუბვენცია – განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად;

კ) თავდებობა – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების წინაშე იმ საწარმოს თავდებად დადგომა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნებს სამეწარმეო საქმიანობის რისკის ან/და საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ;

ლ) სუბსიდია – ფულადი ან სხვა მატერიალური სახის დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გასცემს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დასაფარავად, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით;

მ) მცირე საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა – 500 000 ლარს;

ნ) საშუალო საწარმო –  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 100 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა –  1 500 000 ლარს;

ო) მცირე და საშუალო საწარმოთა წლიური ბრუნვა – მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი ამონაგები.

 2. საწარმო არ ჩაითვლება მცირედ ან საშუალოდ, თუ:

ა) მისი საწესდებო კაპიტალის 25 პროცენტზე მეტი ეკუთვნის პირს (პირებს), რომელიც არ აკმაყოფილებს მცირე და საშუალო საწარმოთათვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. მცირე ან საშუალო საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა

1. მცირე ან საშუალო საწარმოში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შეთავსებით მომუშავეთა (სეზონურად დასაქმებულთა გამოკლებით) და იურიდიული პირის წარმომადგენლობების თანამშრომელთა გათვალისწინებით, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში წარდგენილ მცირე საწარმოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის წლიურ აგრეგირებულ (ნაერთ) ფორმებში.

2. წინა ფინანსური წლის არმქონე ახლად შექმნილ საწარმოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრება მათი რეგისტრაციიდან წლის ბოლომდე პერიოდისათვის.

3. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რაოდენობის გადამეტების დღიდან საწარმო აღარ ჩაითვლება მცირე ან საშუალო საწარმოდ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით მცირე საწარმოებს არ დაეკისრებათ დამატებითი ანგარიშგების წარმოების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულის გარდა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 მაისი.

№3087-Iს