განჩინება შპს „ქეთ ივენთსი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/17398-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლი ს 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ”ქეთ ივენთსი” (ს/კ 404379392)
წარმომადგენელი: ინგა გაბრიელიანი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”ქეთ ივენთსის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 07 ოქტომბერს განცხადებით მომართა შპს ”ქეთ ივენთსის” წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და ითხოვა შპს ”ქეთ ივენთსის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ ორგანიზაციას უზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს. საწარმოს ერთადერთ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება 29 442,58 (ოცდაცხრა ათას ოთხას ორმოცდაორი მთელი ორმოცდათვრამეტი მეასედი) ლარის ოდენობით. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შპს ”ქეთ ივენთსს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამავე განჩინებით,კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ქეთ ივენთსის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 15 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 19-20), ხოლო შემოსავლების სამსახურს კი ჩაბარდა 2014 წლის 10 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 18) განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ”ქეთ ივენთსის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”ქეთ ივენთსის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მომართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია აღნიშნული საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ”ქეთ ივენთსი” (ს/კ 404379392) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს ,,ქეთ ივენთსს” (ს/კ 404379392) დაევალოს მითითებული განჩინების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,#6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე