⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.08.2018)
გაუქმებულია:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2014
ძალის დაკარგვა 02.08.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,888 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2014 მიღება
02.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №85 2014 წლის 22 დეკემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61–ე მუხლის მეორე ნაწილის, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის  7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.        მუხლი 2🔗       დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები. 1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია (შემდგომში – კომისია) არის  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის კოლეგიალური ორგანო. კომისიის  ფუნქციაა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების,  წესისა და პირობების, აგრეთვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის შესაბამისად. 1.2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის  "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის",  "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის, "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. მათი შესრულების უზრუნველსაყოფად კომისია წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 1.3. კომისიის კომპენტენცია, უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და კომისიის წინამდებარე დებულებით. 1.4. კომისია ანგარიშვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს  წინაშე. 1.5.   კომისიის იურიდიული მისამართია: ქ, წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25. მუხლი 2🔗. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი. 2.1. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს და ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 9 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი  –  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2.2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. 2.3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული პირი. გამგებლის  გადაწყვეტილებით, სატენდერო კომისიას შეიძლება ყავდეს კომისიის თავმდომარის მოადგილე, რომელიც   თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომას. 2.4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 2.5. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. აპარატი პასუხისმგებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით სატენდერო დოკუმენტაციის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა/განთავსებაზე. აპარატი ვალდებულია თითოეულ ტენდერთან დაკავშირებით, აგრეთვე კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წარმოადგინოს დასკვა სატენდერო დოკუმენტაციის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის, "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. სატენდერო კომისიის აპარატს ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.  2.6. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს  კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს  წერილობით წარადგინოს თავისი განსხვავებული აზრი, რაც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას (ოქმს). ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.  2.7. სატენდერო კომისიის აპარატის წევრის მიერ სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი, მათ შორის კომისიის ის  წევრიც, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას (ხელმოწერასთან შესაბამისი მითითებით). სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის (ტე ნდერის სტატუსი "წინადადებების მიღება დაწებულია") შემდეგ, სატენდერო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ოქმის შეცვლა/დამატება შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 2.8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (შემსყიდველ ორგანიზაცია) და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. მუხლი 3🔗. სატენდერო კომისიის მიერ ტენდერის გამოცხადება. 3.1. მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის,   მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მომართვის (ინიცირების) საფუძველზე, კომისია  ტენდერის გამოსაცხადებლად შეიმუშავებს სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას და ადგენს შესყიდვის პირობებს, კონკრეტული შესყიდვის სპეციფიკის გათვალისწინებით. სატენდერო კომისიის აპარატი, სხდომამდე წინასწარი გაცნობისათვის საჭირო გონივრული ვადით ადრე, კომისიის წევრებს  წარუდგენს (შესაძლებელია ელექტრონული ქსელის მეშვეობით ) სხდომის დღის წესრიგისა და სათანადო დოკუმენტაციის პროექტებს.  3.2.  სატენდერო განცხადების შევსება და მასზე დართული სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება ხდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით,  სატენდერო კომისიის აპარატის უფლებამოსილი წევრის მიერ. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღიდან. 3.3.   გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში,  სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ სამუშაო დღეს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპით და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება ერთ სამუშაო დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება. 3.4. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება თხუთმეტ დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება. 3.5.   სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტენდერის ტიპი (გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი); ბ) სატენდერო განცხადების ნომერი; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება; დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ზ) მითითება – წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე; თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი; ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი     CPV კოდი; კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა; ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო; პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა; ჟ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); რ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა.  3.6.  ამ მუხლის 3.5. პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმით გათვალისწინებულ შესაბამის ერთგვაროვან შესყიდვის ობიექტთა ჯამურ ღირებულებას. 3.7.   სატენდერო განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგება დღგ-ს გათვალისწინებით ან მის გარეშე. 3.8. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა მითითებულ უნდა იქნეს მხოლოდ ლარში. 3.9. სატენდერო განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 3.10. ამ მუხლის 3.5. პუნქტის „ა“, „ე“-„ზ“, „ი“–„მ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სატენდერო განცხადებაში შეტანილ უნდა იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო ამ მუხლის 3.5. პუნქტის  „ბ“ – „დ“,  „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირდება სატენდერო განცხადებაში. 3.11. სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. 3.12. შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "ტენდერი გამოცხადებულია") შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში მითითებულ მონაცემებში, გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილებისა. 3.13. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სატენდერო განცხადება ამ მუხლის 3.9. პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზე. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს, სატენდერო განცხადების ყველა ველში მოცემული ინფორმაციის ამ მუხლის 3.9. პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა. 3.14.  სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ)შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ)შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; დ)ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ე)მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ვ)სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; ზ)სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; თ)მითითებას საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი)მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3.15. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "ტენდერი გამოცხადებულია"), სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 4🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ  და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი. 4.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის 4.4. პუნქტის გათვალისწინებით. 4.2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 4.3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნით პრეტენდეტს მიმართავს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია. 4.4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში , ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით . 4.5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია. 4.6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4.7. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში: ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი”, „ეკვივალენტური” და სხვა; ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მუხლი 5🔗. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განმარტების მიღების უფლება. 5.1. ტენდერისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან (ტენდერის სტატუსი "ტენდერი გამოცხადებულია") ამავე პუნქტის „მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის (ტენდერის სტატუსი "წინადადებების მიღება დასრულებულია") მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, ნებისმიერ მიმწოდებელს უფლება აქვს სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ("წინადადებების მიღება დასრულებულია") მინიჭებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 საათისა შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღების დასრულებამდე, სისტემის მოდულის  – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი დაზუსტება/განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერებულმა პირმა. 5.2. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დაზუსტება/განმარტების განხორციელების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება ასევე ტენდერისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ("შერჩევა/შეფასება") მინიჭებიდან ამავე პუნქტის  „ჟ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ("ხელშეკრულება დადებულია") მინიჭებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დაზუსტება/განმარტება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში. მუხლი 6🔗. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევა/შეფასება.  6.1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 6.2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე (ტენდერის სტატუსი "წინადადებების მიღება დასრულებულია"). ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება ხდება ამავე წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "შერჩევა/შეფასება"), ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება ხდება ამავე წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "გამარჯვებული გამოვლენილია"). 6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "წინადადებების მიღება დასრულებულია") სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დაჯგუფებას წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 6.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "შერჩევა/შეფასება") სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე (ტენდერის სტატუსი "წინადადებების მიღება დაწყებულია") სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის 6.5. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6.5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. 6.6. ამ მუხლის 6.5. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე. 6.6.1. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის"  შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6.6.2. თუ დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამავე წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6.6.3. იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამავე წესის შესაბამისად, მე- 13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6.7. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით (სატენდერო დოკუმენტაციაში ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში), რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს: ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის (ტენდერის სტატუსი "ტენდერი გამოცხადებულია") დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა; ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის   „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის (ტენდერის სტატუსი "წინადადებების მიღება დაწყებულია") დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამავე ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა. 6.8. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში ხდება სისტემის მეშვეობოთ. 6.9. ამ მუხლის 6.8. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოსთხოვოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის. 6.10. თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ მუხლის 6.7. პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს. თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს ტენდერი. მუხლი 7🔗. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.  7.1.  სატენდერო კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის 7.2. პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. 7.2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა)  თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; ბ)    თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; დ)  თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე)  თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით ; ვ)  თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი. 8.1.  ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებს ამ მუხლის 8.4. პუნქტის თავისებურებათა გათვალისწინებით. 8.2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. 8.3.  თითოეულ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრები ვალდებულნი არიან წერილობით დაადასტურონ მათ და პრეტენდენტებს შორის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და აღნიშნული დოკუმენტი ატვირთონ სისტემაში ასატვირთ პირველივე ოქმთან ერთად. 8.4. თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე–3 მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ამავე  კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა. მუხლი 9🔗. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება და შეწყვეტა.  9.1. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სააგენტოს და პრეტენდენტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. 9.2.   ამ მუხლის 9.1. პუნქტში აღნიშნულ ცნობებად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის (ოქმის) ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მუხლი 10🔗. შავ სიაში მიმწოდებლის შეყვანის მიზნით სააგენტოსათვის შეტყობინებით მიმართვის  წესი და პირობები. 10.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის"  მე-13 მუხლის   მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ან/და მიმწოდებელმა ვერ შეასრულა/არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს აღნიშნული გარემოებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ,  შესაბამისი მიზეზების მითითებით. ამ პუნქტით განსაზღვრული მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანეს – მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს: ხელშეკრულების დადებამდე – სატენდერო კომისია, ხოლო ხელეკრულების დადების შემდეგ –  მიღება – ჩაბარების კომისია. 10.2. ამ მუხლის 10.1 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტაციას: ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში – შესყიდვის განხორციელების დაწყების და დასრულების დრო, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც დისკვალიფიცირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო, ან იმ პირის რეკვიზიტები, რომლის მიერაც ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ანდა იმ პირის რეკვიზიტები, რომელმაც ვერ შეასრულა/არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები; ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა  და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად პირის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ), ანდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არასრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; ვ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/ არასრულად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი. მუხლი 11🔗. თეთრ სიაში შეყვანის მიზნით მიმწოდებლისათვის რეკომენდაციის გაცემის წესი და პირობები. 11.1. თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის,  შემსყიდველი ორგანიზაციისაგან შეიძლება გაიცეს   რეკომენდაცია მხოლოდ იმ მიმწოდებელზე, რომლის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სრულადაა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასეთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარი. რეკომენდაციის ფორმა დადგენილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" დანართი №3-ით. რეკომენდაცია უნდა იყოს შესრულებული შემსყიდველი ორგანიზაციის ბლანკზე.  მიმწოდებლის შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, რეკომენდაციის გაცემისათვის სათანადო საფუძვლების არსებობისას, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს – მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს  მიღება – ჩაბარების კომისია.