საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №691
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №691
2014 წლის 23 დეკემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-8 მუხლის პირველი ნაწილისა და 82 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
1. შეიქმნას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი №1).
2.დამტკიცდეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის დებულება (დანართი №2).
3.დამტკიცდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებები (დანართი №3).
4. დამტკიცდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებები (დანართი №4).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
სსიპ - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი - კომისიის წევრი;
სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი - კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის მდივანი.
დანართი №2
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების
მუდმივმოქმედი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს.
2.კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ამ დებულების ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მათ მინიჭებული აქვთ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია) მე-19 დანართით - „უსაფრთხოების მართვა“.
მუხლი 2🔗. კომისიის მიზნები და ამოცანები
კომისიის მიზნები და ამოცანებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) შემუშავება;
ბ) პროგრამის დანერგვის გეგმის შემუშავება;
გ) პროგრამის განახლების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება;
ე) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი
1.კომისია ახორციელებს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას პროგრამის განხორციელებისა და განახლების უზრუნველყოფის მიზნით.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3.კომისია იკრიბება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით და პასუხისმგებელია შემდეგ საკითხებზე:
ა) საავიაციო რისკების იდენტიფიცირება, განხილვა, დამუშავება და მათი სისტემატიზაცია პრიორიტეტულობის მიხედვით;
ბ) საჭიროებისამებრ გამოსასწორებელ (მაკორექტირებელ) ღონისძიებათა ინიციირება;
გ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრა და მონიტორინგი;
დ) პროგრამის შემუშავება და მისი განახლების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) პროგრამის დანერგვის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება და მისი განახლების თაობაზე წინადადებების მომზადება.
4.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5.კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6.კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიაზე დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება კომისიისა და სამუშაო ჯგუფის წევრებს. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
7. კომისიას თავისი საქმიანობის განსახორციელებლად შეუძლია შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა. სამუშაო ჯგუფის წევრებად შესაძლებელია, მოწვეულ იქნენ სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, სხვა პირები, რომელთა საქმიანობა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან.
8. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს კომისიის სხდომების ორგანიზებას, მომზადებასა და მისი შედეგების გაცნობას დაინტერესებულ პირთათვის;
ბ) ახდენს პროგრამის განხორციელების კოორდინირებასა და მონიტორინგს;
გ) ახდენს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესრულების კოორდინირებასა და მონიტორინგს.
9. კომისიის წევრი:
ა) უფლებამოსილია, კომისიას წარუდგინოს წინადადებები პროგრამაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს კომისიას პროგრამის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის განხორციელების ანგარიშს;
გ) უფლებამოსილია, კომისიას წარუდგინოს წინადადებები სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს საავიაციო მოვლენათა ანალიზის ანგარიშს.
მუხლი 4🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.
3. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. პროგრამის მიზანი და ძირითადი დებულებები
1. პროგრამის შექმნის მიზანია, სახელმწიფოში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის ამაღლება, მათ შორის, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, უსაფრთხოების დასაშვები დონის მიღწევა და უსაფრთხოების მართვის უზრუნველყოფა.
2. პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს შემდეგს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების პოლიტიკასა და მიზნებს;
ბ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების რისკების მართვას;
გ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
დ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
3. პროგრამის ძირითადი დებულებები მოცემულია ამ დადგენილების მე-3 დანართში.
4.პროგრამა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. პროგრამის დანერგვის გეგმა
1.პროგრამის დროულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, კომისია შეიმუშავებს დანერგვის ოთხწლიან გეგმას.
2. პროგრამის დანერგვის გეგმის შემუშავებამდე, კომისიის მიერ ხორციელდება არსებული ხარვეზების ანალიზი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემის - Doc. 9859 (უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო) მეთოდოლოგიის მიხედვით.
მუხლი 7🔗. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა
1. კომისია შეიმუშავებს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმას, რომელიც მოქმედია მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
2. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესრულების შეფასება, განახლება და შესაბამის (სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს) ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება კომისიის მიერ ყოველწლიურად, ყოველი წლის ბოლოს.
3.სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
4. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებები უნდა მოიცავდეს სულ მცირე დადგენილების მე-4 დანართით განსაზღვრულ საკითხებს.
დანართი №3
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებები
მუხლი 1🔗. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის კომპონენტები და ნაწილები
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამა უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისა და ნაწილებისგან:
ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები:
ა.ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა;
ა.ბ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება;
ა.გ) საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა;
ა.დ) აღსრულების პოლიტიკა;
ბ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების რისკების მართვა:
ბ.ა) ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
ბ.ბ) ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლებზე შეთანხმება;
გ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
გ.ა) უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა;
გ.ბ) უსაფრთხოების მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და გაცვლა;
გ.გ) უსაფრთხოების მონაცემებზე დაყრდნობით, ზედამხედველობის მიმართვა პრობლემატურ სფეროებზე;
დ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება:
დ.ა) შიდა სწავლება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება;
დ.ბ) გარე სწავლება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება.
მუხლი 2🔗. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები
1. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა - საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, უნდა დადგინდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოწესრიგება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მართვა ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული მოიცავს საავიაციო სფეროში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულებების/ორგანიზაციების ჩართულობას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მართვის კონკრეტულ ღონისძიებებში და მათი როლების, პასუხისმგებლობისა და ურთიერთქმედების დადგენას. უსაფრთხოების საკანონმდებლო ძირითადი დებულებები და სპეციალური ნორმატიული აქტები ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი აქტუალურობა და შესაბამისობა.
2. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება - უნდა დადგინდეს, განისაზღვროს და დოკუმენტურად აისახოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების მოთხოვნები, პასუხისმგებლობები და ანგარიშვალდებულებები, რაც ასევე, მოიცავს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის დაგეგმვას, ორგანიზებას, განვითარებას, განახლებას, კონტროლსა და მუდმივ გაუმჯობესებას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მიზნების შესაბამისად. იგი ასევე, მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას.
3. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა - უნდა განისაზღვროს საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის დამოუკიდებელი პროცესი, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს შემდგომში, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე. აღნიშნული მოკვლევა ხელს უწყობს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მართვას სახელმწიფოში. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას, სახელმწიფო უზრუნველყოფს საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ორგანოს დამოუკიდებლობას სხვა სახელმწიფო საავიაციო დაწესებულებებისაგან/ორგანიზაციებისაგან.
4. აღსრულების პოლიტიკა - უნდა განისაზღვროს აღსრულების პოლიტიკა, რომელიც ადგენს პირობებსა და გარემოებებს, რის საფუძველზეც ავიასაწარმოებს უფლება ენიჭებათ, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის მისაღები ფორმით, განიხილონ და გადაწყვიტონ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გადახვევის კონკრეტული შემთხვევები მათი უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში. აღსრულების პოლიტიკა ასევე, განსაზღვრავს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა ფარგლებშიც მოხდება ავიასაწარმოების მიერ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გადახვევის შემთხვევებში, სახელმწიფოში დადგენილი აღსრულების პროცედურების გამოყენება.
მუხლი 3🔗. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების რისკების მართვა
1. ავიასაწარმოების უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები - უნდა დადგინდეს კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს ავიასაწარმოების მიერ საფრთხეების განსაზღვრასა და უსაფრთხოების რისკების მართვის განხორციელებას. იგი ასევე, მოიცავს ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, კონკრეტულ დარგობრივ ნორმატიულ აქტებსა და დანერგვის პოლიტიკას. აღნიშნული მოთხოვნები, დარგობრივი ნორმატიული აქტები და დანერგვის პოლიტიკა პერიოდულად გადაიხედება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტუალურობა და შესაბამისობა ავიასაწარმოს მიზნებთან.
2. ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლებზე შეთანხმება - თითოეულმა ავიასაწარმომ უნდა შეუთანხმოს შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს თავისი უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლები. ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლები პერიოდულად გადაიხედება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ავიასაწარმოსათვის მათი აქტუალურობა და შესაბამისობა.
მულხი 4. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1.უსაფრთხოების ზედამხედველობა - უნდა დადგინდეს მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით განსაზღვრული რვა კრიტიკული ელემენტის ეფექტური მონიტორინგი. სახელმწიფო ასევე, შეიმუშავებს მექანიზებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ავიასაწარმოების მიერ გამოვლენილი საფრთხეებისა და უსაფრთხოების რისკების მართვის მოქცევას შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოში. აღნიშნული მექანიზმები ითვალისწინებს ინსპექტირებას, აუდიტს და კვლევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოების რისკების მართვის სათანადო ინტეგრირება ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემაში.
2. უსაფრთხოების მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და გაცვლა - შემუშავებულ უნდა იქნეს საფრთხეებისა და უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული მონაცემების მიღებისა და შენახვის მექანიზი, როგორც ინდივიდუალურ, ასევე, სახელმწიფო დონეზე, ასევე, ავიასაწარმოებსა და სხვა სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, შეგროვებული მონაცემების გადამუშავებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. უსაფრთხოების მონაცემებზე დაყრდნობით, ზედამხედველობის მიმართვა პრობლემატურ სფეროებზე - გამოვლენილი საფრთხეებისა და რისკების ანალიზის საფუძველზე და უსაფრთხოების ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, შემუშავებულ უნდა იქნეს ინსპექტირების, აუდიტისა და კვლევისათვის პრიორიტეტულობის მინიჭების პროცედურა.
მუხლი 5🔗. სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება
1. შიდა სწავლება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება - სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ეფექტური რეალიზაციის მიზნით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო სწავლება, ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში.
2. გარე სწავლება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება - ავიასაწარმოებში უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტური დანერგვის მიზნით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო სწავლება, ავიასაწარმოებში უსაფრთხოების რისკების თაობაზე ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.
დანართი №4
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებები
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებები უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს:
ა.) საავიაციო უსაფრთხოების სტატისტიკას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებას, რისკის ანალიზსა და რისკის წარმოქმნის ტენდენციებს;
ბ.) უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს:
ბ.ა.) უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ შედეგებს;
ბ.ბ.) შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასა და მონაცემებს;
ბ.გ.) უსაფრთხოების მოსალოდნელ ზრდას;
ბ.დ.) ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლებს;
ბ.ე.) უსაფრთხოების შედეგებზე პასუხისმგებელ პირს/ორგანიზაციას;
ბ.ვ.) საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის საავიაციო უსაფრთხოების გლობალურ და ევროპულ გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანას.