1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც შეესაბამება ასეთი ადგილისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავს თავშესაფრის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, მათ შორის, თავშესაფრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
4. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3105 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022