,,უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.12.2014
ძალაში შესვლა 01.02.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2023
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| 2.1 უსაფრთხოების მართვის სისტემის კომპონენტის ან/და ელემენტის ცვლილების მიზეზი | 2.2 უსაფრთხოების მართვის სისტემის კომპონენტის ან/და ელემენტის ცვლილების მიზანი |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.03.2023
დოკუმენტის ტექსტი
,,უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№206
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესი.“
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 თებერვლიდან.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი
წესის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოებისათვის უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენით სამოქალაქო ავიაციაში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗.
ტერმინები და განმარტებები
წესში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს ამ წესის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა - დოკუმენტი, რომელიც აღწერს ორგანიზაციის სტრუქტურას, გარე და შიდა სისტემებს, პასუხისმგებელ მხარეებსა და მათ ფუნქციებს, კომუნიკაციის პროცედურებს, უსაფრთხოების აღჭურვილობასა და ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს საავიაციო მოვლენების საპასუხოდ, სტანდარტულიდან საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებაზე ეფექტურად გადასვლის უზრუნველსაყოფად.
ბ) საფრთხე - ნებისმიერი მდგომარეობა, მოვლენა ან გარემოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა.
გ) საფრთხის იდენტიფიცირება - პროცესი, რომლის მეშვეობითაც დგინდება, თუ რა შეიძლება მოხდეს, რატომ და როგორ.
დ) რისკის შემცირება - საფრთხის აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ამცირებს რისკს დასაშვებ დონემდე.
ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პერსონალი - ავიასაწარმოს პერსონალი, რომელიც ჩართულია საავიაციო საქმიანობაში და გააჩნია საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების შესაძლებლობა.
შენიშვნა: უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პერსონალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: სხ-ს ეკიპაჟის წევრ(ებ)ს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალს, საჰაერო ხომალდის დამპროექტებელ და დამამზადებელ პერსონალს, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურების პერსონალს, სააეროდრომო უზრუნველყოფის პერსონალს.
ვ) უსაფრთხოება - მდგომარეობა, რომლის დროსაც საჰაერო ხომალდის უშუალო ექსპლუატაციასთან ან ექსპლუატაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული რისკები შემცირებულია უსაფრთხოების დასაშვებ დონემდე და არის მართვადი.
ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემა - წარმოადგენს ფრენის უსაფრთხოების მართვისადმი სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს.
თ) უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა - ავიასაწარმოს გეგმა, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ორგანიზაციის უსაფრთხოების მიზნებს და ამავდროულად ხელს უწყობს მომსახურების მიწოდების ეფექტურობასა და შედეგიანობას.
ი) უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებელი - ავიასაწარმოს მიერ მიღწეული უსაფრთხოების დონე, რომელიც განსაზღვრულია მისი უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნებითა და ინდიკატორებით.
კ) უსაფრთხოების ეფექტურობის მიზანი - უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორების დაგეგმილი ან განსაზღვრული დონე მოცემული პერიოდისათვის.
ლ) უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორი - მონაცემებზე დაფუძნებული პარამეტრი, რომელიც გამოიყენება უსაფრთხოების ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასებისათვის.
მ) უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება - უსაფრთხოების კულტურის, სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირებას.
ნ) უსაფრთხოების რისკი - საფრთხის თანმდევი მოვლენების ან შედეგების სავარაუდო ალბათობა და სიმძიმე.
ო) რისკის შეფასება - პროცესი, რომელიც ადგენს, რომ მიღწეული ან სავარაუდო რისკი დასაშვებია.
პ) უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ყველა დაგეგმილი და სისტემატიური მოქმედება, რომელიც ადასტურებს,რომ პროდუქცია, მომსახურება, ორგანიზაცია ან ფუნქციონალური სისტემა აღწევს უსაფრთხოების მისაღებ ან დასაშვებ დონეს.
ჟ) უსაფრთხოების მიზანი - რაოდენობრივი ან ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელიც ადგენს საფრთხის სავარაუდო ხდომილების მაქსიმალურ სიხშირეს ან ალბათობას.
რ)უსაფრთხოების პოლიტიკა - ორგანიზაციის დეკლარირებული მიდგომა უსაფრთხოების მისაღები ან დასაშვები დონის მისაღწევად.
ს) სისტემა - ფიზიკური კომპონენტების, პროცედურებისა და ადამიანური რესურსების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზებულია ფუნქციის შესასრულებლად.
მუხლი 3🔗.
რეგულირების სფერო
ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება შემდეგ ავიასაწარმოებზე:
ა. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებებზე, რომელთა სასწავლო პროცესი დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან;
ბ. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ საჰაერო გადაყვანა - გადაზიდვებს;
გ. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოებზე;
დ. აეროდრომის ექსპლუატანტებზე;
ე. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებზე.
შენიშვნა: თუ სააერნაოსნო მომსახურების საწარმო გარდა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებისა, ასევე ახორციელებს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას, კავშირგაბმულობას, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას, მეტეოროლოგიურ მომსახურებას ან/და საძებნ-სამაშველო მომსახურებას, მისი უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს აღნიშნულ მომსახურებებს.
მუხლი 4🔗.
უსაფრთხოების მართვის სისტემის მინიმალური მოთხოვნები
ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ავიასაწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, გაწეული მომსახურების კომპლექსურობას და შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები;
ბ) უსაფრთხოების რისკების მართვა;
გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
მუხლი 5🔗.
უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები
1. ავიასაწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისგან:
ა) ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
ბ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებული პირები;
გ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალის დანიშვნა;
დ) საგანგებო ვითარებებში მოქმედების გეგმის კოორდინირება;
ე) უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია.
2. ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ავიასაწარმო განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც უნდა:
ა) ასახავდეს ორგანიზაციის მიდგომას უსაფრთხოების მიმართ;
ბ) მოიცავდეს მკაფიო ჩანაწერს უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე;
გ) ითვალისწინებდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების სისტემის არსებობას;
დ) მიუთითებდეს მოქმედებებზე, რომლებიც მიუღებელია ავიასაწარმოს საავიაციო საქმიანობასთან მიმართებაში და მოიცავდეს გარემოებებს, რომლის დროსაც არ იქნება გამოყენებული დისციპლინარული სანქციები;
ე) იყოს ხელმოწერილი ავიასაწარმოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის მიერ;
ვ) გავრცელდეს ავიასაწარმოში გასაცნობად;
ზ) ექვემდებარებოდეს პერიოდულ გადახედვას ავიასაწარმოს საქმიანობასთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით.
3. ავიასაწარმოში უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებების იერარქიის დადგენის მიზნით უნდა:
ა) განისაზღვროს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უმაღლესი ხელმძღვანელი პირი;
ბ) მკაფიოდ გაიმიჯნოს პერსონალის ანგარიშვალდებულებები მთელი ავიასაწარმოს მასშტაბით უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების ანგარიშვალდებულება უსაფრთხოებაზე;
გ) განისაზღვროს ყველა ხელმძღვანელი პირის და პერსონალის ანგარიშვალდებულებები უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით;
დ) ასახოს დოკუმენტ(ებ)ში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, ანგარიშვალდებულებები და უფლებამოსილებები ავიასაწარმოს პერსონალისათვის და გააცნოს მათ;
ე) განისაზღვროს ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების რისკთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
4. ავიასაწარმოში უნდა დაინიშნოს უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეფექტური უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე.
5. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმის სათანადო კოორდინაცია იმ ავიასაწარმოების საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებთან, რომლებთანაც აქვს ურთიერთობა მომსახურების გაწევის დროს.
6. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურად აღწერილ ღონისძიებებს, განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, შესრულების თარიღებს და განსაზღვრავს ორგანიზაციის მიდგომას უსაფრთხოების მართვის სისიტემის მიმართ ისე, რომ დააკმაყოფილოს მისი უსაფრთხოების მიზნები.
7. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და აწარმოოს მისი უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა აღწერდეს:
ა) უსაფრთხოების პოლიტიკას და მიზნებს;
ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს;
გ) უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესებს და პროცედურებს;
დ)ანგარიშვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესებსა და პროცედურებთან მიმართებაში;
ე) უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირების შედეგებს.
8. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და პერიოდულად განაახლოს უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის ნაწილს და შეესაბამება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9859 მე-5 თავის მე-4 დამატებას.
მუხლი 6🔗.
უსაფრთხოების რისკების მართვა
1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესი, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების რეაქტიულ, პროაქტიულ და პროგნოზირების მეთოდების ერთობლიობას.
2. უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და შემცირების უზრუნველსაყოფად, ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს იდენტიფიცირებულ საფრთხეებთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების ანალიზის, შეფასებისა და კონტროლის პროცესი.
მუხლი 7🔗.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. ავიასაწარმოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების მონიტორინგს და გაზომვას, ცვლილებების მართვას და უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესების ღონისძიებებს.
2.უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების მონიტორინგის და გაზომვის უზრუნველსაყოფად, ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შეფასების მექანიზმი და მოახდინოს უსაფრთხოების რისკების კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.
3.ავიასაწარმომ უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შეფასება უნდა განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებულ უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნებთან და ინდიკატორებთან მიმართებაში.
4. ცვლილებების მართვის უზრუნველსაყოფად, ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს იმ ცვლილებების იდენტიფიცირების პროცესი, რომლებიც გავლენას მოახდენენ საავიაციო პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებზე და ასევე შეიმუშაოს და დანერგოს ამ ცვლილებებით გამოწვეული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის პროცესი.
5. უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და შეფასება.
მუხლი 8🔗.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ავიასაწარმო უზრუნველყოფს დასაქმებულთა სწავლებას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას.
დასაქმებულთა სწავლების მიზნით, ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მომზადებას და კომპეტენციის ამაღლებას მათ მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. უსაფრთხოების სასწავლო პროგრამის შინაარსი და მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს თითოეული დასაქმებულის ფუნქციური დატვირთვის მოცულობას უსაფრთხოების მართვის სისტემაში.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასავრცელებლად, ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ:
ა) უსაფრთხოების მართვის სისტემას გაცნობას ავიასაწარმოს პერსონალისათვის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ბ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტიკული ინფორმაციის გავრცელებას;
გ) უსაფრთხოების კონკრეტული ღონისძიებების გატარების მიზეზის განმარტებას;
დ) უსაფრთხოების პროცედურების შემუშავების ან ცვლილებების მიზეზის განმარტებას.
მუხლი 9🔗.
უსაფრთხოების მენეჯერის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უსაფრთხოების მენეჯერს უნდა ჰქონდეს:
ა) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მართვის სისტემის ან/და ხარისხის მართვის სფეროში;
ბ) შესაბამისი საავიაციო წესების, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების და რეკომენდაციების და ევროგაერთიანების რეგულაციების/დირექტივების ცოდნა;
გ) გავლილი უსაფრთხოების მართვის სისტემაში სათანადო სწავლება.
მუხლი 10🔗.
უსაფრთხოების მართვის სისტემის დამატებითი მოთხოვნები
ამ წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ), დ) და ე) ქვეპუნქტში მითითებული ავიასაწარმოები, უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, დამატებით მონაწილეობას იღებენ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფ(ებ)ის მუშაობაში, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
უსაფრთხოების მართვის სისტემის შეთანხმება
1. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული ავიასაწარმოები ვალდებულნი არიან სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინონ ორ ეგზემპლარად უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა.
2. უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა უნდა იყოს გაწერილი არაუმეტეს 3 წლის პერიოდზე.
3. სააგენტოს მიერ ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის შეთანხმება ნიშნავს, რომ ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და მოიცავს უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის შესწავლასა და ავიასაწარმოს ადგილზე შემოწმებას.
4. სააგენტო ითანხმებს უსაფრთხოების მართვის სისტემას არაუმეტეს 60 დღის ვადაში, გარდა სერტიფიცირების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა.
5. სააგენტოს მიერ შეთანხმებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, ხოლო ერთი უბრუნდება ავიასაწარმოს.
მუხლი 12🔗.
ცვლილებები უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციაში
1. ავიასაწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციაში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილება თანხმდება სააგენტოსთან.
2. ავიასაწარმო სააგენტოს წარუდგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციაში დაგეგმილი ცვლილების განაცხადს შესაბამის თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ამ წესის დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 13🔗.
ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“
ამ წესის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავიასაწარმოებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდელობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗.
გარდამავალი დებულებები
ავიასაწარმო, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მართვის სისტემა, ამ წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ვალდებულია განახორციელოს ამ სისტემის შესაბამისობის ანალიზი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, წარმოადგინოს ანალიზის შედეგები და არაუმეტეს 18 თვეზე გაწერილი შეუსაბამობათა აღმოფხვრის გეგმა სააგენტოში შესათანხმებლად.
დანართი
განაცხადი უსაფრთხოების მართვის სისტემაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ
1.ავიასაწარმოს მონაცემები
ავიასაწარმო
მისამართი
სერტიფიცირების თარიღი
უსაფრთხოების მენეჯერი
ტელეფონი და ელ-ფოსტა
თარიღი
2. ცვლილების დასაბუთება და მოკლე შინაარსი
2.1 უსაფრთხოების მართვის სისტემის კომპონენტის ან/და ელემენტის ცვლილების მიზეზი
2.2 უსაფრთხოების მართვის სისტემის კომპონენტის ან/და ელემენტის ცვლილების მიზანი
2.3 დაგეგმილი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი
(ცვლილება N1)
2)
...
3. განაცხადის თანმხლები დოკუმენტაცია
ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციაში ცვლილებ(ებ)ის პროექტი;
ბ) ცვლილებ(ებ)ის დანერგვის გეგმა;