საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლოინიციატივის წესით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2014 წლის 18 დეკემბერი
№116–უ.ს.შ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისმფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N29, 27.07.2007, მუხ. 318) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 71 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების აღიარების დამატებითი პირობები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი ასევე ითვლება თვითნებურად დაკავებულად,თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის , საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არაუმეტეს 0,2 ჰა-ს ოდენობით მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი ითვლება თვითნებურად დაკავებულად , მიუხედავად იმისა , ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
თბილისი,
2015 წლის ...........................
N ...........................................
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელება ფაქტიურად ორჯერ ჩაიშალა. (1992-1999 და 2004-2006 წლებში). აღნიშნულის გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2007 წლის 28 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და მას დაემატა 71 მუხლი „ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრები კომლების (ოჯახების) მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესი (28.12,2007 N5673)”, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.”
მიუხედავად ამ რედაქციისა, 71 მუხლით მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები კომლების (ოჯახების) მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რაც გამოწვეული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლში შესული არაერთი ცვლილებების გამო. აღნიშნულის გამო ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს განცხადებით მიმართეს კანონში შესულ ცვლილებამდე) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ იმ კომლებს (ოჯახებს), რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ., ასევე , თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 71 მუხლში შევიდეს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება , თუ რომელი მიწის ნაკვეთი ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ცვლილებების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო, შეძლონ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარება, მიუხედავად იმისა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე ითვლება თვითნებურად დაკავებურად თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის 1 იანვმრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არა უმეტეს 0,2 ჰა-ს ოდენობით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“.
ხოლო 71 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი ითვლება თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერსებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი დამატებით ხარჯებს არ იწვევს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ასეთები არ არსებობენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოს სპეციალისტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ:
კანონპროექტი არ ყოფილა წარდგენილი სხვა ორგანიზაციისათვის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.