ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალის დაკარგვა 29.11.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.171.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სარგებლობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.11.2022
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „
ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი №1
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო
აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა’’ პუნქტის, 115-120-ე მუხლებისა და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
მუხლი 2🔗.
ქონების საპრივატიზაციოდ მომზადება
1. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება (შემდგომში „ქონება’’) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებული, სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადაცემული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი და რეგისტრირებული ქონება.
2. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას ქ. ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, საპრივატიზაციო ქონების საწყის გასაყიდ ფასს ადგენს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
4. განმეორებით აუქციონზე გამოტანილი ქონების საფასურის 50%-მდე შემცირებულ ფასს ადგენს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
5. განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა ქონება, საფასურის შემდგომში შემცირების ფასს განსაზღვრავს საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
6. ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის წესით პრივატიზების თაობაზე საკრებულოს თანხმობით, გადაწყვეტილებას იღებს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.
7. ქონების პრივატიზებისთვის საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია’’, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი,კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები.
8. ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადასცეს მესამე პირს (რწმუნებულს, შუამავალს), რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას, რეგისტრაციასა და განკარგვას.
მუხლი 3🔗.
საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი (გარდა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა) შეიძლება იყოს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრული პირი.
2. საჯარო აუქციონის ფორმით ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააუქციონო კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააუქციონო კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ქ. ოზურგეთში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა:
„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური, დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით“.
4. საჯარო აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო, რომელთა შერჩევის თაობაზეც გადაწყვეტილებას საკრებულოს თანხმობით იღებს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.
5. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
6. საჯარო აუქციონის ფორმით ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და www. Auqcion.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში.
7. უძრავი ქონების საჯარო აუქციონით პრივატიზების შესახებ განცხადების გამოქვეყნების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზების შემთხვევაში არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს.
8. ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.
9. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით განსაზღვრავს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
10. საჯარო აუქციონის შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ქონების მესაკუთრის ვინაობას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) საპრივატიზებო, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) გამარჯვების შემთხვევაში საბოლოო საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადებს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
11. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს ან შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო ქონების შესახებ კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე, დაათვალიეროს იგი.
მუხლი 4🔗.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულ ვადებში და მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო უქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს.
პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) „ბეს“ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან მონაწილის მიერ აუქციონის წესისა და პირობების
დარღვევის შემთხვევაში), ან უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
3. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და ასევე ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. პირს უფლება აქვს, ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს და ბიჯს.
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. საჯარო აუქციონის დასრულების შემდეგ არაუმეტეს 3 (სამი) დღისა დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი), რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი და ქ. ოზურგეთი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე გამარჯვებულ პირსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში სააუქციონო კომისიის მიერ დგება ასევე „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმი’’ სადაც ქრონოლოგიურად და დეტალურად იქნება აღწერილი აუქციონის მიმდინარეობა. ასევე აუქციონში მონაწილე და დამარცხებული პირებისთვის ბეს და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაბრუნების საკითხი. აღნიშნულ „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმს” ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, მდივანი და კომისიის ყველა სხვა წევრი. „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმი“ თანდართული, გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით და კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე წარედგინება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი, საჯარო აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში, თუ საჯარო აუქციონის მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონის დასრულებიდან დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
მუხლი 6🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარისა და საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2.ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია ქონების პრივატიზების ძირითადი პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულებას ხელს აწერს გამარჯვებულ პირი და საჯარო სააუციონო კომისიის თავმჯდომარე.
3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში და ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული საბოლოო საპრივატიზაციო თანხა დაფაროს და შეიტანოს მითითებულ საბანკო ანგარიშზე (ნებისმიერი სახის ქონებაზე) 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში – ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
4. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარმოდგენის შემდგომ და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
6. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, მერსა და მყიდველს შორის შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
7. დამატებითი წერილობით ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
8. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა ასახავდეს დადგენილ საპრივატიზებო პირობებს და თანხის გადახდის ვადებს.
9. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ოქმით გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების მოწმობის გაცემისას, ხოლო მოძრავი ქონების, აქციების ან წილების პრივატიზებისას საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა თანხის სრულად გადახდის და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ.
11. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია განიხილოს ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 7🔗.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში:
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ყოველთვიურად, საჭიროების შემთხვევაში კი მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია.
2. ქონების შემძენს, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს ის. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. ხოლო ქონების მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესრულებულად ითვლება ქონების მესაკუთრის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
5. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის) ბათილობის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება მესაკუთრეს და ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 8🔗.
წილების და აქციების, ასევე ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საჯარო აუქციონის წესით
1. საჯარო აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულოს თანხმობით იღებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.
2. სარგებლობის უფლებით გადაცემის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმები: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სარგებლობის სხვა ფორმები.
3. საჯარო აუქციონის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დროს გამოიყენება საჯარო აუქციონის ჩატარებისა და ორგანიზების ზემოაღნიშნული წესები.
4. წილებისა და აქციების პრივატიზება და მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება პირობებიანი ან უპირობო საჯარო აუქციონის წესით .
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტების (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.
6. ქალაქ ოზურგეთის მუნიცპალიტეტის ქონების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხები სრულად ირიცხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 9🔗.
გარიგებათა ბათილად ცნობა
1. საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 (სამი) წელი.