„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №13

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) გამარჯვებული გამოვლენილია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით აიტვირთება სისტემაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შეთხვევაში) შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ამ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;“.

 

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა ან წილის 100%-იან მმართველთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარეს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა ან წილის 100%-იანი მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“.

 

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ამ წესის მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად.“.

 

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. შერჩევა/შეფასება

1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება წინადადებების მიღების დასრულებისთანავე. ტექნიკური დოკუმენტაცია ფასდება შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემები ფასდება გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპზე.

3. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე სისტემა ავტომატურად აჯგუფებს პრეტენდენტებს (მათი არსებობის შემთხვევაში) წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია ყველაზე დაბალი თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების ყველაზე დაბალი ფასი.

4. სატენდერო კომისიამ, ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წინადადებების მიღების ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

7. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულ ვადაში, მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში დაზუსტებული დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. დაუშვებელია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.

10. ხარჯთაღრიცხვის/განფასების (შემდგომში – ხარჯთაღრიცხვა) დაზუსტება დასაშვებია:

ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად – თუ დაზუსტებას აგრეთვე საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

გ) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში.

11. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში)  მიმართავს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე.

12. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. ამ პუნქტში მითითებული ვადები ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც ექსპერტიზას ატარებს შემსყიდველი ორგანიზაცია.

13. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან უნდა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენლობა ან შეუსაბამობა სატენდერო განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

14. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

15. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შეთხვევაში) სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს შესაბამის პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს:

ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა;

ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

16. წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

17. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება სისტემის მეშვეობით.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის. ასეთი დოკუმენტაციის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

19. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტი ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად დისკვალიფიცირებულ იქნება ტენდერიდან, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, ასეთი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციიდან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული ვადის დაცვით, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მომდევნო პრეტენდენტს. თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს ტენდერი.

20. ამ მუხლის, აგრეთვე ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ვადების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ვადების დარღვევა არ იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ვადის დარღვევა ემსახურება უპირატესობის მინიჭებას იმ პრეტენდენტისთვის, რომლის მიმართაც გამოტანილია ასეთი გადაწყვეტილება.“.

 

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. დისკვალიფიკაცია

1. სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.

2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;

ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;

გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;

დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში;

ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით;

ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.“.

 

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას – სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა მოთხოვნილი არ არის, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.“.

 

8. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა:

ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით;

ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით – თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.“;

 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა დაუშვებელია.“;

 

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის ოდენობა ნახევრდება.“.

 

9. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გამო;

ბ) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ;

გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო;

დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე.“;

 

ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

 

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, განუხილველად დატოვოს შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება, თუ იგი არ შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.“;

 

დ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები;“.

 

მუხლი 2
1. ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3–მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 15 თებერვლიდან.

3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3–მე-7 პუნქტების მოქმედება არ გავრცელდეს 2015 წლის 15 თებერვლამდე გამოცხადებულ ტენდერებზე.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე