„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.02.2015
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №208
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016079
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“
დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№208
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“
დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-82 მუხლის და მე-9 მუხლის 11 ნაწილის, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc-9870 მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესები“.
მუხლი 2🔗
1. ბრძანების ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფების შექმნის ორგანიზება დაევალოთ იმ აეროდრომების ექსპლუატანტებს, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა.
2. დაევალოთ საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ კომერციულ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებს და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, აეროდრომების ექსპლუატანტებს წარუდგინონ კანდიდატურები ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 თებერვლიდან.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის
სახელმძღვანელო წესები
მუხლი 1🔗.
„წესების“ მიზანი და რეგულირების სფერო
1. წინამდებარე „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ (შემდგომ - „წესები“) მიზანია ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება, ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის შექმნის და ჯგუფისათვის სამუშაო წესების დადგენის გზით.
2. წინამდებარე „წესები“ ვრცელდება:
ა) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებზე, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ კომერციულ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებს საქართველოს აეროდრომებზე;
ბ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე;
გ) საქართველოს იმ აეროდრომის ექსპლუატანტზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
„წესებში“ გამოყენებულ ტერმინებს, ამ „წესების“ მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული შესვლა - ნებისმიერი საავიაციო მოვლენა აეროდრომზე, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის (სხ),სატრანსპორტო საშუალების ან ფიზიკური პირის არამართებულ ყოფნასთან იმ დაცულ არეში, რომელიც განკუთვნილია სხ-ის აფრენისა და დაფრენის განსახორციელებლად.
ბ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადასვლა - ნებისმიერი საავიაციო მოვლენა აეროდრომზე, რომელიც უკავშირდება სხ-ის მიერ დაფრენისთვის განკუთვნილი ზედაპირიდან გადასვლას ან აფრენას არასწორ/უნებართვო პოზიციაში, როგორიცაა მიმართულებიდან გადახვევა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადასვლა, არადანიშნულების სამიმოსვლო ბილიკზე მოხვევა, ზღურბლამდე დაშვება.
გ) დაცული არე - აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დასაცავად განსაზღვრული ზონა, რომელშიც დაუშვებელია ნებისმიერი საჰაერო ხომალდის (სხ), ავტომანქანის ან საავიაციო პერსონალის არამართებული ყოფნა, აღნიშნული ზონის პარამეტრები დამოკიდებულია აეროდრომის კოდზე და მის აღჭურვილობაზე.
მუხლი 3🔗.
ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის შექმნა და მისი შემადგენლობა
1. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის შექმნა მიზნად ისახავს ადზ-ს უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას, ადზ-დან გადასვლის ევროპულ სამოქმედო გეგმის, მე-2 გამოცემის (European Action Plan for the Prevention of Runway Incursion, Edition 2.0, April 2011) და ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის ევროპული სამოქმედო გეგმის, პირველი გამოცემის (European Action Plan for the Prevention of Runway Excursion, Edition 1.0, January 2013) რეკომენდაციების და ICAO-ს Doc 9870 მოთხოვნების შესაბამისად.
2. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფი იქმნება საქართველოს ნებისმიერ აეროდრომზე, საიდანაც სრულდება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა.
3. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ავიასაწარმოების წარმომადგენლები.
4. საჭიროების შემთხვევაში, ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ (შემდგომ - სააგენტო), სახელმწიფო ავიაციის უწყებების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს, აეროდრომის მიწისზედა მომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს, ექსპერტებს (მეტეოროლოგი, ორნიტოლოგი, და სხვ).
5. საჭიროების შემთხვევაში, ადზ- ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, შესაძლებელია მოწვეული იქნან სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხმის მიცემის უფლების გარეშე.
6. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც არის აეროდრომის ექსპლუატანტის წარმომადგენელი და რომელსაც ირჩევენ ჯგუფის წევრები, ხმათა უმრავლესობით.
მუხლი 4🔗.
ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის ფუნქციები
ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის ფუნქციებია:
ა) ადზ-ს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ანალიზი;
ბ) შესაბამისი რისკების განსაზღვრა და პრევენციული ზომების შემუშავება;
გ) აეროდრომზე პოტენციური საფრთხის შემცველი ადგილების ამსახველი რუკების წარმოება, გავრცელება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება;
დ) აეროდრომის სამანევრო ფართის რეგულარული შემოწმებების წარმოება, ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ე) ადზ-ს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ტექნოლოგიური სიახლეების იდენტიფიცირება და დანერგვა;
ვ) ადზ-ს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჯგუფში წარმოდგენილ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების ინფორმირება და პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციების გაწევა;
ზ) პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება და მონიტორინგი;
თ) ადზ-ს უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების გატარება;
ი) სამუშაო პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფა ეროვნულ მოთხოვნებთან და ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდებულ პრაქტიკასთან მიმართებაში;
კ) ადზ-ს უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
ლ) ადზ-ს უსაფრთხოების წლიური ანგარიშის შედგენა და მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოსთვის წარდგენა;
მ) ადზ-ს უსაფრთხოების პროგრამის შემუშავება;
ნ) მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი განახლება.
მუხლი 5🔗.
ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის მუშაობის წესი
1. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრები იმართება სულ მცირე კვარტალში ერთხელ.
2. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიმართოს რიგგარეშე სამუშაო შეხვედრა ადზ-დან გადასვლა/არასანქცირებული შესვლის ან ნებისმიერი ისეთი მოვლენის დადგომისას, რომლის პრევენციის მიზნით აუცილებელია ჯგუფის შეხვედრა.
3. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის შეხვედრებს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
4. ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობა და შედეგები ფორმდება ოქმით, რომელიც, მოთხოვნის შემთხვევაში ეგზავნება სააგენტოს.
მუხლი 6🔗.
ადზ-ს უსაფრთხოების პროგრამა
ადზ-ს უსაფრთხოების ადგილობრივმა ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს ადზ-ს უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც არის ღონისძიებებისა და წესების ერთობლიობა და მიმართულია კონკრეტულ ადზ-ზე უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად და ეფუძნება რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის პრინციპებს. პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ზოგადი დებულებები.
ა.ა) ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის შემადგენლობა;
ა.ბ) ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი
ა.გ) ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის თავმჯდომარის და წევრების ფუნქციები და პასუხისმგებლობები;
ა.დ) ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობა;
ა.ე) ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის დოკუმენტაცია.
ბ) საფრთხის გამოვლენა.
ბ.ა) უსაფრთხოების მონაცემების შეგროვება;
ბ.ბ) უსაფრთხოების კვლევები;
ბ.გ) უსაფრთხოების აუდიტები/ინსპექტირება;
ბ.დ) მიღებული მონაცემების/ანგარიშების შესწავლა და დამუშავება.
გ) უსაფრთხოების რისკის მართვა.
გ.ა) უსაფრთხოების რისკის შეფასება და შემცირება;
გ.ბ) რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
დ) ინფორმაციის გავრცელება.
დ.ა) ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფში გაზიარებული ინფორმაციის დაცვა არამიზნობრივი გამოყენებისა და საჯაროდ გავრცელებისგან;
დ.ბ) ინფორმაციის გავრცელება.
ე) ადზ-ს უსაფრთხოების პროგრამის მუდმივი გაუმჯობესება.
ე.ა) ადზ-ს უსაფრთხოების პროგრამის შესრულების მუდმივი მონიტორინგი.
ე.ბ) ადზ-ს უსაფრთხოების პროგრამის განახლება.
მუხლი 7🔗.
ადზ-ს უსაფრთხოების გეგმა
1. ადზ-ს უსაფრთხოების გეგმა წარმოადგენს ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც აისახება რეკომენდაციები, რისკების შემცირების ღონისძიებები, მათ დანერგვასა და შესრულების თარიღები და პასუხისმგებელი პირები.
2. გეგმა უნდა მოიცავდეს ადზ-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის:
ა) სხ-ის დაფრენისას ადზ-ზე არასწორი შეხება;
ბ) ფრინველებთან შეჯახება;
გ) სხ-ის მიწაზე მომსახურებისას გამოვლენილი ხარვეზები;
დ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადასვლა;
ე) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული შესვლა;
ვ) სხ-ის მიწისზედა ობიექტთან ან სხვა სხ-თან შეჯახება და სხვა.
3. ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფი საჭიროებისამებრ ანახლებს ადზ-ს უსაფრთხოების გეგმას.
4. სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ადზ-დან გადასვლის ევროპულ სამოქმედო გეგმის, მე-2 გამოცემის (European Action Plan for the Prevention of Runway Incursion, Edition 2.0, April 2011) და ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის ევროპული სამოქმედო გეგმის, პირველი გამოცემის (European Action Plan for the Prevention of Runway Excursion, Edition 1.0, January 2013) რეკომენდაციებს.
მუხლი 8🔗.
მონაცემთა ბაზა
1. ადზ-ს უსაფრთხოების ჯგუფმა, გამოვლენილი საფრთხეების, საავიაციო მოვლენების და მაკორექტირებელი ღონისძიებების სათანადოდ აღრიცხვის მიზნით, უნდა აწარმოოს მონაცემთა ბაზა.
2. მონაცემთა ბაზის მართვაზე პასუხისმგებელია კონკრეტული აეროდრომის ექსპლუატანტი.
მუხლი 9🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე
1. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.