საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალაში შესვლა 31.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №721
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018340
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის დამტკიცების შესახებ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №721
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ.თბილისი
საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ და „ფ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ,,საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა
1. შესავალი
საქართველოს სწრაფვა ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობას გულისხმობს. ევროინტეგრაციის საწინდარი კი ევროკავშირის მოთხოვნებით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და საგანმანათლებლო სისტემების რეფორმირებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მომავალი განვითარებისათვის რეალური მიზნების დასახვა და მათი ეფექტიანად განხორციელებაა.
შრომის თანამედროვე ბაზარმა განვითარების სწრაფი ტემპითა და ტექნოლოგიების დანერგვის მზარდი ტენდენციებით როგორც განვითარებული, ასევე გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. სახელმწიფო ვალდებულია აქტიურად მიმართოს ძალისხმევა ადამიანური რესურსების მაქსიმალური გამოყენებისაკენ, რათა ფეხი აუწყოს განვითარების სწრაფ ტემპს და, ამასთანავე, იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, პიროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის მდგრადი პირობების შექმნაზე. ადამიანის ინტელექტუალური რესურსების მაქსიმალური გამოყენება, პირველ რიგში, გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის სათანადო პირობების შექმნას, რათა მათ შეძლონ ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა.
ევროპის განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები ევროკავშირის ხელშეწყობით 2007 წლიდან ჩართულნი არიან უწყვეტი განათლების პროგრამაში (Lifelong Learning Program), რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს უწყვეტი პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვის განვითარება წარმოადგენს. უწყვეტ პროფესიულ კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოს დონეზე. ამასთანავე, პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხები ადამიანისთვის აქტუალური ხდება იმ ასაკიდან, როდესაც ის იწყებს საზოგადოებასთან თვითიდენტიფიკაციას შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში უწყვეტი კარიერული კონსულტაცია დასაბამს იღებს სკოლამდელი განათლების საფეხურზევე. უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა ერთმანეთთან აკავშირებს: (1) ადამიანის რესურსსა და ამ რესურსის ნაყოფიერად გამოყენების შესაძლებლობას; (2) შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას; (3) დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს; (4) პროფესიასა და (მომავალ) პროფესიონალებს; (5) საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და განათლების მსურველებს. უწყვეტი პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა ემსახურება ერთის მხრივ, სახელმწიფოს ინტერესებს და მეორე მხრივ, თითოეული მოქალაქის ინდივიდუალურ ინტერესს.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა შექმნილიყო სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების ზოგადი ხედვა და კონცეპტუალური მიდგომები, არსებული პრობლემების პრიორიტეტიზაციის საფუძველზე მათი მოგვარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები და მათ მოგვარებაში სახელმწიფო სტრუქტურების როლი.
წინამდებარე კონცეფცია ეყრდნობა იმ საერთაშორისო და სახელმწიფო დოკუმენტებს, რომლებიც ეხმიანება პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის თემატიკას: ELGPN (European Lifelong Guidance Policy Network) Concept Note No. 1., No. 2., No. 3., No.4., შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (გაერო, 2006 წ.), საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი (2013 წ.), ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (2007 წ.), ,,საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (02.08. 2013წ საქართველოს მთავრობის №199-ე დადგენილება).
2. სიტუაციის ანალიზი და არსებული გამოწვევები
უახლოეს წარსულში ქვეყანაში არსებული მწვავე ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფონიდან გამომდინარე, პროფესიული კონსულტირება ყურადღების მიღმა დარჩა. განვითარებულმა ქვეყნებმა და განვითარებადი ქვეყნების დიდმა ნაწილმა უკვე მკაფიოდ გააცნობიერეს, რომ სახელმწიფო პროგრესის მთავარი დასაყრდენი ადამიანური კაპიტალია, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ერთის მხრივ, ადამიანური რესურსების დაგეგმვას, და მეორეს მხრივ, ადამიანური რესურსების განვითარებისათვის მდგრადი პირობების შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად კი პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის როლი განუზომლად დიდია. ამ მიმართულებით ქვეყანა რამოდენიმე დიდი გამოწვევის წინაშე დგას: ინფორმირებულობა - კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობა ქვეყანაში სათანადოდ არ არის გაცნობიერებული. ამასთანავე, დაბალია საზოგადოების ინფორმირებულობა მიმდინარე და განხორციელებული პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის გაგემვის პროექტებზე; კვალიფიციური კადრების სიმცირე და პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამების არ არსებობა და ტრენინგ-პროგრამების სიმწირე; მეთოდოლოგიური ლიტერატურის ნაკლებობა; შეფასების სისტემის არარსებობა ან/და სიმწირე; კვალიფიციური პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სიმწირე ან არარსებობა. ეს გამოწვევები თანმიმდევრულ და სინქრონულ მიდგომებს საჭიროებს. თანმიმდევრულობა მისაღწევი მიზნების პრიორიტეტულობის განსაზღვრას და კონცეფციის არსებულ ვითარებასა და კონტექსტზე მორგებას გულისხმობს. ამასთან, ყველა ძირითად გამოწვევაზე სინქრონული რეაგირებაა საჭირო მაგალითად, კვალიფიციური კადრების მომზადების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სერვისების შექმნა, საზოგადოების ინფორმირების და დაინტერესების გარეშე კი, კარიერული და პროფესიული კონსულტირების მომსახურების სერვისის არსებობა აზრს კარგავს.
,,სახელობო განათლების რეფორმის სტრატეგიის (სახელობო განათლებისა და მომზადების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებისათვის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბერის №342 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელობო განათლების რეფორმის სტრატეგიის“ განხორციელების ფარგლებში, 2009 წლის სექტემბერში, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული სწავლების ცენტრების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, ,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №1329 განკარგულებით შეიქმნა პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო. 2010 წელს ეროვნული პროფესიული საბჭოს ინიციატივით ჩამოყალიბებული 7 თემატური ჯგუფიდან ერთ-ერთს სწორედ „კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის“ თემატური ჯგუფი წარმოადგენდა, რომელსაც ორგანიზებას საერთაშორისო ორგანიზაცია IOM უწევდა. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის სამუშაო აღწერილობა და შესაბამისი სატრენინგო მოდული, რომლის მიხედვითაც მოხდა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საშტატო ერთეულით გათვალისწინებული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებისა და საქართველოს მასშტაბით არსებული სამი საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების გადამზადება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ”პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ”ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ქვეპროგრამის” ფარგლებში განხორციელდა სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი საინფორმაციო ცენტრებში, სადაც მოსწავლეებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების შესახებ. 2011 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი საჯარო სკოლის 2000-მდე (IX, X, XI, XII კლასის) მოსწავლე იყო ჩართული. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა ტრენინგთა ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით, აღნიშნული საკითხი თავისი მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კვლავ გამოწვევად რჩება.
პროფესიული განათლების განვითარების შუალედური (2009-2012 წლების) სტრატეგიის ანალიზისა და შეფასებისას გამოიკვეთა რეალობა, რომ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისის ჩამოყალიბების მიზნით განხორციელებული აქტივობები იყო ფრაგმენტული და არასისტემური. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემური ხედვის ჩამოყალიბება და საჭირო მექანიზმების შემუშავება-დანერგვა. აღნიშნული საჭიროების გათვალისწინება მოხდა პროფესიული განათლების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისას. სტრატეგიაში ხაზგასმულია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობა და ამ კუთხით ეფექტური სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება მსგავს სტრუქტურებს სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე აღნიშნულია, რომ პროფორიენტაციული მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროფესიული განათლების დაწყებამდე, პროცესში და სწავლის დასრულების შემდეგ. მან ხელი უნდა შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას სტუდენტების მხრიდან, სწავლის მიტოვების მაჩვენებლის შემცირებას, პროფესიული არჩევანით კმაყოფილებას, დაფინანსების ეფექტურ განკარგვას და სხვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების შესახებ. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ჩანაწერი საკმარისი არ არის ქმედუნარიანი პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სისტემურ დონეზე ამოქმედებისთვის. სასურველია პროფესიული განათლების შესახებ კანონის ახალ რედაქციაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებული მხარეებისა და ექსპერტების მონაწილეობით ამუშავებს, უწყვეტი განათლების კონტექსტში პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებიც აისახოს.
ა) განხორციელებული და მიმდინარე პროექტები
წინამდებარე კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების ხედვის ჩამოყალიბებას, რომელიც ეხმიანება აღნიშნული მიმართულებით დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს და განსაზღვრავს ორიენტირს სამომავლო ამოცანებისთვის. სამომავლოდ განსაზღვრული ამოცანები და რეკომენდაციები დაფუძნებული უნდა იყოს უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია უკანასკნელ პერიოდში კარიერის დაგეგმვისა და პროფკონსულტირების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა.
ბ) პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2014 წლიდან ამოქმედდა ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა’’ საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რასაც ასევე მოჰყვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების განხორციელება. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის მიზანია დაეხმაროს IX-XI კლასის მოსწავლეებს საკუთარი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, თუ განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით მაქსიმალურად სწორად აირჩიონ პროფესია. ამ მიზნის მისაღწევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა პროფორიენტაცისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო, შეირჩა 102 პროფორიენტაციის სპეციალისტი, რომლებიც სპეციალური გადასამზადებელი კურსის გავლის შემდეგ გადანაწილდნენ თბილისის და რეგიონების რესურსცენტრებში. ამასთანავე, უშუალოდ სკოლებში, მე-9- მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან პროფორიენტაციულ მომსახურებას ეწევიან კლასის დამრიგებლები, რომლებმაც ასევე გაიარეს მოსამზადებელი ტრენინგ - კურსი. პროფოერიენტაციის სპეციალისტების გარდა შეირჩა და გადამზადდა 5 კოორდინატორი, რომელთა მოვალეობას ამჯერად წარმოადგენს მეთოდოლოგიის შემუშავება, პროექტის კოორდინირება, ტრენინგ მოდულების შექმნა და ტრენინგის ჩატარება, საინფორმაციო ბაზების უზრუნველყოფა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და სპეციალისტების მონიტორინგი/შეფასება სკოლებში. პროფორიენტაციული მომსახურება მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას და არ გულისხმობს კარიერულ/პროფესიულ კონსულტაციას. შეიქმნა ეროვნული საგანმანათლებლო გეგმით გათვალისწინებული პროფორიენტაციის მოდული, რომლის მიხედვითაც თვეში ერთხელ ეწყობა საგაკვეთილო საათი, რომლის ფარგლებშიც კლასის დამრიგებელი მე-9, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საჭიროებების, საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების შესახებ. კლასის დამრიგებლის მიერ ჩატარებულ საგაკვეთილო პროცესს ესწრება პროფორიენტაციის სპეციალისტიც, რომელიც ავსებს დაკვირვების ფურცელს და აძლევს რეკომენდაციებს კლასის დამრიგებელს მომავალი გაკვეთილის მომზადებასთან დაკავშირებით. გაკვეთილების ჩატარების გარდა საჯარო სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა მოიცავს გაფართოებული შეხვედრების ორგანიზებას განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების გაცნობიერების მიზნით. გარდა ამისა, პერიოდულად ეწყობა ექსკურსიები პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებსა, თუ ორგანიზაციებსა და საწარმოებში საგანმანათლებლო და სამუშაო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით.
გ) მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა არაფორმალურ განათლების სექტორში
2013 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მის მიერ ინიცირებული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო „მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება, რომლის მთავარი მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, სტუდენტებისთვის და პროფესიის მაძიებელთათვის ყველასთვის ხელმისაწვდომი, პროფორიენტაციული ონლაინ მომსახურების შეთავაზება. ამ მიზნით შეიქმნა ვებგვერდი www.myprofession.ge, რომელიც ადამიანებს აწვდის ინფორმაციას კარიერის დაგეგმვის, კარიერული განვითარების და პროფესიის არჩევის შესახებ. ამავე პროგრამის ფარგლებში მომზადდა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო პროფესიის მაძიებელთათვის „აირჩიე პროფესია“, რომელიც მკითხველისთვის ერთგვარი გზამკვლევია კარიერის დაგეგმვის, უფრო მეტად კი პროფესიის არჩევის მიმართულებით. ვებგვერდზე განთავსდა ქართულ ენაზე ადაპტირებული თვითშეფასებაზე ორიენტირებული ორი კითხვარი, რომლებიც ვებგვერდის მომხმარებლებს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარებათ.
ვებგვერდზე განთავსებულია საკითხავი და სარეკომენდაციო მასალები კარიერის დაგეგმვისა და კარიერის განვითარების შესახებ და ასევე პროფესიათა მოკლე აღწერილობები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ეხმარებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ, რაც გააზრებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამავე მიზნით მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული 40 პროფესიების შესახებ, სადაც კონკრეტულ სფეროში წარმატებული ადამიანი საუბრობს საკუთარი პროფესიის მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული ინდივიდის თვითშეფასებაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები არ არის საკმარისი კვალიფიური პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების მისაღებად. საჭიროა შემუშავდეს ან/და ადაპტირდეს სტანტარტების შესაბამისი, სანდო და ვალიდური მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, როგორც პროფესიული კონსულტანტებისთვის პრაქტიკაში გამოსაყენების მიზნით, ასევე უშუალოდ დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომლებიც საჭიროებენ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას თვითშეფასების გზით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო “აირჩიე პროფესია“, გარკვეულწილად, მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა პროფესიული კონსულტაციის პრაქტიკის არარსებობის პირობებში. თუმცა, აუცილებელია თანამედროვე, პრაქტიკული და თითოეულ მიზნობრივ ჯგუფზე მორგებული სხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და დამხმარე მასალების მომზადება.
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები
გასულ წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - worknet.gov.ge, რომელიც წარმოადგენს სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მიმწოდებელთა მონაცემთა ბაზას, რომელსაც დასაქმების სამსახური/სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს. დღეისათვის Worknet.gov.ge-ზე შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია. სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს სამუშაოს მაძიებელთა მომსახურებას 10 რეგიონულ ოფისსა და 69 რაიონულ ცენტრში, სადაც მომუშავე სპეციალისტები სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობენ ზოგად კონსულტირებას შემდეგ თემებზე: სამუშაოს მოძიების ტექნიკები, თვითშეფასება, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის მომზადება და დასაქმების მიზნით გასაუბრებისთვის მომზადება.
დღეისათვის, აღნიშნული პორტალი სრულყოფილად ვერ ახერხებს დამქირავებლების მოთხოვნებისა და დასაქმებულების შესაძლებლობების დაკავშირებას, რადგან სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. შესაბამისად ის მოკლებულია შეფასების თანამედროვე სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც შეძლებს სამუშაოს მაძიებელთა შესაძლებლობების და კვალიფიკაციის შესწავლა/შეფასებას. მსგავსი რესურსების არ არსებობა ართულებს პორტალის მუშაობას და სასურველი მიზნის მიღწევას - დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების მოთხოვნების თანხვედრის შეფასება.
ე) საქართველოში სტუდენტური კარიერული სერვისების განვითარების პროგრამა
2012 წლის 15 ნოემბრიდან საქართველოში დაიწყო Tempus-ის საქართველოში სტუდენტური კარიერული სერვისების განვითარების (CASEDE) პროექტის განხორცილება. პროექტის კოორდინატორია ვილნიუსის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებისთვის კარიერის განათლების კურსის მქონე ქვეყნების (ბუდაპეშტი - კორვინუსის უნივერსიტეტი და დიდი ბრიტანეთი ესესის უნივერსიტეტი) გამოცდილებას ნერგავს 7 ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კარიერული განათლების დანერგვას. პროექტის ფარგლებში საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელში შეიქმნა კარიერული ცენტრები. ამასთანავე, პროექტის მომზადების საწყის ეტაპზე გადამზადნენ კარიერული ცენტრების თანამშრომლები. ცენტრების ინიციატივით სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგ-კურსები კარიერის დაგეგმვასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დასაქმების ცენტრები სტუდენტებს სთავაზობენ კარიერის დაგეგმვის საკითხებში დახმარებას დამიმართულებების მიცემას, დასაქმების პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული ღონისძიებების (მაგ. დასაქმების ფორუმები) ორგანიზებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შექმნილი კარიერული ცენტრები მკაფიოდ ორიენტირებულნი არიან დასაქმების სერვისების მიწოდებაზე (ზოგიერთ უნივერსიტეტში ცენტრს პირდაპირ აქვს მინიჭებული სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის ფუნქცია), რაც მისასალმებელია. თუმცა სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უწყვეტი კარიერული კონსულტაციის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, არც ამ შემთხვევაში გაგვაჩნია კვლევის მონაცემები, რათა დარწმუნებით ვისაუბროთ აღნიშნული პროექტის ეფექტიანობაზე, თუმცა აღნიშნული პროექტი უმაღლესი განათლების საფეხურზე კარიერული მომსახურების დანერგვის პირველი მცდელობაა და განვითარების/დახვეწის და პილოტირების საწყის ეტაპზეა.
იქიდან გამომდინარე რომ პროფესიული კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრები არ არის დანერგილი ყველა უმაღლესს სასწავლებელში, მაგრამ მათი არსებობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიძლიერის და ხარისხს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნაში უნდა აისახოს პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების უზრუნველყოფის და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
3. კონცეფციის მიზანი
კონცეფცია შეიქმნა სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს მოქალაქეების კეთილდღეობასა და მათი უნარებისა თუ კომპეტენციების შესაბამისობის ზრდას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, სწრაფად ცვალებადი გარემოს კვალდაკვალ. პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების გზით მოქალაქეებს მიეცემათ ფართო პროფესიული, კარიერული და საგანმანათლებლო კუთხით განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ევროპული გამოცდილებით გათვალისწინებული ეფექტიანობის შემდეგ პრინციპებს:
ა) პიროვნებაზე ცენტრირება (ორიენტაცია):
ა.ა) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი სისტემატური და პროგრესულია;
ა.ბ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია ეფექტიანია, თუ კი ის მნიშვნელოვნად განაპირობებს ბენეფიციარების ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და განვითარებას;
ა.გ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია ეფექტიანია, თუ კი ის ითვალისწინებს ადამიანების ინდივიდუალურ განსხვავებულობას და მომსახურება მორგებულია მათ საჭიროებებზე.
ბ) სწავლისა და პროგრესის ხელშეწყობა:
ბ.ა) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია არ ნიშნავს ერთჯერად ჩარევას. ის ეფექტიანია, როდესაც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ ინტერვენციულ ღონისძიებებს;
ბ.ბ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაციის მთავარი მიზანი უნდა იყოს ბენეფიციარებისთვის საკუთარი კარიერის მართვის უნარების შეძენა და განვითარება;
ბ.გ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია უნდა წარმოადგენდეს სხვა მხარდამჭერ მომსახურებებთან (პროფესიული სწავლება, მომზადება/გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.) ინტეგრირებულ ერთიან სისტემას;
ბ.დ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია უნდა ეფუძნებოდეს მიღებულ სამუშაო გამოცდილებას, შესაბამისად, მასში ჩართულნი უნდა იყვნენ როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულები.
გ) ხარისხის უზრუნველყოფა:
გ.ა) პროცესის წარმატებას ცალსახად განსაზღვრავს იმ სპეციალისტთა პროფესიონალიზმი, უნარები და განწყობები, რომლებიც უწყვეტ კარიერულ/პროფესიულ კონსულტირებას ანხორციელებენ;
გ.ბ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაციის წარმატება დამოკიდებულია შრომის ბაზართან დაკავშირებული დროულ, ხელმისაწვდომ, ხარისხიან ინფორმაციაზე;
გ.გ) უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია ხარისხიანია, როცა არსებობს თანამედროვე მეთოდური სახელმძღვანელოები და შეფასების სისტემები. უწყვეტი კარიერული/პროფესიული კონსულტაცია ნიშნავს მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
4. ძირითადი ამოცანები
კონცეფციის მიზანი უშუალოდ მიუთითებს, რომ უწყვეტი პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება მორგებული უნდა იყოს განათლების და ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანების საჭიროებებს. ამასთანავე, ითვალისწინებდეს სხვადასხვა სოციალურ-ეთნიკური და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების (შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანები, პატიმრები და ა.შ.) საჭიროებებს და მოთხოვნილებებს. ბენეფიციართა ნებისმიერი ჯგუფისათვის მაღალკვალიფიციური კარიერული/პროფესიული კონსულტაციის მომსახურების მიწოდება იმთავითვე გულისხმობს, აღნიშნული ჯგუფების საჭიროებების შესწავლასა და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გამოყენების საფუძველზე კონსულტაციის სპეციალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.
აღნიშნული კონცეპტუალური დოკუმენტით გაწერილი მიზნის მიღწევა გულისხმობს შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ცალკეული მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი თანმიმდევრული და/ან პარალელური ამოცანების შესრულებას.
ა) ამოცანა 1. ბენეფიციარების ინფორმირება პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საჭიროების შესახებ
პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების კვალდაკვალ უნდა მოხდეს ბენეფიციართა ინფორმირება განხორციელებული თუ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. საჭიროა პასუხისმგებელმა საჯარო უწყებებმა საკუთარი ბენეფიციარების ინფორმირების მიზნით გამოიყენონ მასშტაბური საინფორმაციო საშუალებები და დაგეგმონ საორგანიზაციო სამუშაოები, რომლებიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა მხრიდან ინტერესის გაზრდას, უწყვეტი პროფესიული კონსულტირების აუცილებლობის გაცნობიერებას, ამ მომსახურების ხელმისაწვდომობის გააზრებას და პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას. ცალსახად მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის საჭიროების გაცნობიერება, რათა მოხდეს შეთავაზებული სერვისების ათვისება და შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმების მიზნობრიობა.
ბ) ამოცანა 2. კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული კონსულტირების განვითარებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფა კონცეფციის მთავარი მიზნის მისაღწევად აუცილებელია შემუშავდეს პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციური ჩართულობის ფორმა და დაგეგმილ სამუშაოთა შესრულების ნორმატიული საფუძვლები. კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული კონსულტირების ერთიან სისტემაში ჩართულ მხარეთა მონაწილეობით შეიქმნას მართვისა და კოორდინაციის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა უწყებისა და ჩართული მხარის თანმიმდევრულ, ურთიერთშეთანხმებულ ოპერირებას ერთიანი ხედვისა და სამოქმედო გეგმის მიზნების განხორციელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციართა სხვადასხვა ჯგუფზე პასუხისმგებლობას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა ინაწილებს, აუცილებელია მათი კოორდინირებული მოქმედება და მიწოდებული მომსახურების ერთ სისტემაში მოქცევა, რამდენადაც პროგრამის თითოეული კომპონეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სტრუქტურების მიერ მომსახურების ერთგვაროვანი სტანდარტის შეთავაზება, რაც გულისხმობს ხარისხიანი, ყველასათვის ხელმისაწვდომი პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების მიწოდებას ინდივიდის შესაძლებლობების, სურვილების და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პროცესში ჩართული მხარეების უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობებს. პროგრამის განვითარებასთან ერთად აუცილებელია ხორციელდებოდეს ნორმატიული დოკუმენტების სისტემატური გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა, რათა არ შეფერხდეს მომსახურების სრულყოფისა და სიახლეების დანერგვის პროცესი.
გ) ამოცანა 3. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრა
ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, ინდივიდის შესაძლებლობების და სურვილების, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების მიწოდებისთვის საჭიროა: პროფესიული/კარიერული კონსულტანტის პროფესიული სტანდარტის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება არსებული პრაქტიკისა და რესურსების ანალიზსა და ევროპულ გამოცდილებას. აღნიშნული სტანდარტი აღწერს პროფესიული კონსულტანტის/კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის პროფესიას და განსაზღვრავს იმ აუცილებელ ცოდნა/უნარებსა და კომპეტენციებს, რომელთა ფლობა აუცილებელია ამ პროფესიაში მოღვაწე პირთათვის; ადეკვატური, თანამედროვე და აპრობირებული მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება (როგორც კარიერული/პროფესიული კონსულტანტებისთვის, ისე ბენეფიციარებისთვის) განათლების ყველა დონისათვის, სკოლამდელი აღზრდის ეტაპიდან ზრდასრულთა განათლების ჩათვლით. ასევე მნიშვნელოვანია სანდო და ვალიდური, სტანდარტების შესაბამისი ფსიქოლოგიურ-დიაგნოსტიკური ინსტუმენტების შექმნა/ადაპტაცია ან/და შესაფასებელი სისტემის შექმნა.
აღნიშნული ამოცანის შესრულება, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს განისაზღვროს სახელმწიფოს როლი ბენეფიცარებისათვის უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მიწოდების საქმეში. ამისთვის კი აუცილებელია ბენეფიციართა თითოეული ჯგუფისათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების ხარისხის სტანდარტების განსაზღვრა.
დ) ამოცანა 4. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კომპონენტების დანერგვა სკოლამდელი განათლების საფეხურზე
მთელი სიცოცხლის განმვალობში პროფესიული კონსულტაციის და კარიერის დაგეგმვის მომსახურება მისი უწყვეტობიდან გამომდინარე მოიაზრებს კონსულტაციის ელემენტების/კომპონენტების შემოტანას/დანერგვას სკოლამდელი განათლების საფეხურზე და მათ ინგეტრაციას აღზრდის და განათლების მიღების პროცესში, რათა ბავშვმა თავიდანვე შეძლოს სხვადასხვა პროფესიული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაანალიზება და გაცნობიერება. კონსულტაცია სკოლამდელი განათლების საფეხურზე მოიცავს ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების განალიზებას და შესაბამისი ღონისძიებების/აქტივობების დანერგვას; საბაზო, სოციალური და დასწავლის უნარების განვითარებასა და დახვეწას; ბავშვების ჩართულობას მათი სოციალური კეთილდღეობის და გარემო პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აქტივობებში/ღონისძიებებში; მშობლებთან (კანონიერ მეურვესთან) კონტაქტს საჭიროების შემთხვევაში და სასკოლო განათლების საფეხურზე გადასვლისთვის მომზადებას. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროფესიული ცხოვრების მნიშვნელობის და პროფესიათა მრავალფეროვნების შესახებ. ინფორმირება უნდა განხორციელდეს ასაკისათვის ადეკვატური ფორმით, შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ე) ამოცანა 5. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სრულყოფილი მომსახურების მიწოდება სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის
უწყვეტი პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა თავისთავად ნიშნავს მომსახურების მიწოდებას სასკოლო განათლების სამივე საფეხურზე ფორმალური და არაფორმალური განათლების[1] ფარგლებში. პიროვნების განვითარების ამ ეტაპზე კარიერის დაგეგმვასა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილების მიღებას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მომავალი კარიერული განვითარებისა და წარმატებისთვის. ამასთანავე, პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვის მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მიწოდებული პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგ სერვისებს: საკლასო გაკვეთილები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ფსიქოლოგიური შეფასება, სასწავლო მიღწევების შეფასება, ონლაინ და დისტანციური კონსულტაციები, საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების/ალტერნატივების შეფასება/შესწავლა ინფორმაციის მოპოვება, ჯგუფური კონსულტაცია, საკუთარი თავის შესწავლაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, სამუშაო ადგილზე სწავლება.
ვ) ამოცანა 6. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სრულყოფილი მომსახურების მიწოდება პროფესიული განათლების საფეხურზე მყოფი მოქალაქეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიული კონსულტაციის სერვისის დანერგვა უკანასკნელ წლებში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ აქტიურად იყო მხარდაჭერილი და დღესდღეობით ყველა საჯარო დაწესებულების სტუდენტები სარგებლობენ ამ მომსახურებით, აღნიშნული მიმართულება კვლავ საჭიროებს განვითარებას.
აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რათა პროფესიული განათლების საფეხურზე პროფესიული კონსულტაცია და კარიერის დაგეგმვა უზრუნველყოფდეს ინდივიდუალური და სელექციური მიდგომის საფუძველზე ამომწურავი ცოდნის მიღებას, სტუდენტების კონსულტაციასა და შემდგომი კარიერული განვითარების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რას გულისხმობს ეს განვითარება შემდგომ განათლებას, დასაქმებას თუ მეწარმეობას. მნიშვნელოვანია შემუშავდეს კარიერული გზამკვლევები და მუდმივად ხდებოდეს სტუდენტების წახალისება აქტიური პროფესიული ცხოვრებისთვის. აუცილებელია დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკული მიდგომები, რაც სტუდენტთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. ყველა ის აქტივობა, რომელსაც განახორციელებს პროფესიული კონსულტანტი, უნდა ეყრდნობოდეს კვლევასა და მონაცემთა ანალიზს. ამგვარი მეთოდოლოგიის დანერგვა უპირობოდ აუცილებელია ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფისთვის და ერთიანი სისტემის განვითარებისთვის.
სრულყოფილი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება პროფესიული განათლების საფეხურზე მყოფი მოქალაქეებისთვის უნდა მოიცავდეს შემდეგ სერვისებზე ხელმისაწვდომობას: ჯგუფური კონსულტაცია; ინდივიდუალური კონსულტაცია; ონლაინ და დისტანციური კონსულტაცია; საკუთარი თავის შესწავლაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია; საგანმანათლებლო, პროფესიული და შრომითი შესაძლებლობების შესწავლა/შეფასება/ინფორმაციის მოძიება; სამუშაო ადგილზე სწავლება (პროფესიული წვრთნა), სასწავლო პროცესში ინტეგრირებული კონსულტაცია; შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სწავლება; დასაქმების ხელშეწყობა ღირსეულ შრომის პირობებში და მეწარმეობის ხელშეწყობა.
ზ) ამოცანა 7. პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება უმაღლესი განათლების საფეხურზე მყოფი მოქალაქეებისთვის
ამჟამად პროფესიული კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ ათამდე უმაღლეს სასწავლებლებში და ამ შემთხვევაშიც უნივერსიტეტების კარიერული ცენტრები ძირითადად დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ, რაც კონსულტირების მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. უმაღლესმა სასწავლებლებმა სახელმწიფოს ტექნიკური მხარდამჭერით უნდა გააუმჯობესონ პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სერვისის ხარისხი და ხელმისაწვდომობა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით. უმაღლესი განათლების საფეხურზე პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების მთავარი მიზანი უნდა იყოს შრომის ბაზრის მახასიათებლების გათვლისწინებით სასწავლო კურსების მოდიფიკაცია, რათა სტუდენტებმა შეძლონ იმ ცოდნის და კვალიფიკაციის მიღება, რომელიც დაეხმარებათ დასაქმებაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნაში უნდა აისახოს პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების უზრუნველყოფის და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება უმაღლესი განათლების საფეხურზე მყოფი მოქალაქეებისთვის უნდა მოიცავდეს შემდეგი სერვისების არსებობას: ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია, სწავლებაში ინტეგრირებული კონსულტაცია, კარიერული და შერჩევის სერვისები, ონლაინ და დისტანციური კონსულტაცია, საგანმანათლებლო, პროფესიული და დასაქმების შესაძლებლობების შესწავლა/შეფასება/ინფორმაციის მოძიება, დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთოვნებზე მორგებული სწავლება.
თ) ამოცანა 8. პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება ზრდასრულთა განათლებაში
ზრდასრულთა განათლების საკითხებზე საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათგან მხოლოდ ერთეულების მომსახურება ითვალისწინებს პროფესიული კონსულტაციის კომპონენტებს. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ზრდასრულთა განათლებაში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით უზრუნველყოს მომსახურების განვითარება და ხელმისაწვდომობა, რათა ზრდასრულ ასაკში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს კარიერული კონსულტაციის სერვისით სარგებლობა და იმ ფორმალური/არაფორმალური განათლების მიღება, რაც მას შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდის. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ზრდასრულთა განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობა, რამეთუ მათი მონაწილეობა აღნიშნულ სექტორში პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.
ზრდასრულთა განათლებაში პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვის მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგის სერვისების მიწოდებასა და მათზე ხელმისაწვდომობას: ინდივიდუალური კონსულტაცია; სწავლაში ინტეგრირებული კონსულტაცია; ონლაინ და დისტანციური კონსულტაცია; ფსიქოლოგიური შეფასება და საკუთარი თავის შესწავლაზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის არსებობა/ხელმისაწვდომობა; პროფესიული, საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების შესწავლა/შეფასება/ინფორმაციის მოძიება; სამუშაო ადგილზე სწავლება (პროფესიული წვრთნა), შრომის ბაზრის მოთხოვნებზე/საჭიროებებზე მორგებული სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.
ი) ამოცანა 9. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სერვისის მიწოდება დასაქმებულთათვის
უწყვეტი პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება ნიშნავს მის საყოველთაო ხელმისაწვდომობას თითოეული ჯგუფისთვის. მნიშვენლოვანია დამსაქმებულებს შეეძლოთ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების მიღება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს აღნიშნული მიმართულებით კერძო სექტორის ჩართულობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საჯარო უწყებები თანამშრომლობდნენ დამსაქმებელთა ასოციაციასთან, პროფესიულ კავშირებთან, კერძო, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა საჯარო უწყებებთან.
სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურების სერვისის მიწოდებისთვის. რაც მოიცავს: კონსულტირების ინდივიდუალური სერვისის გაუმჯობესებას და სრულყოფას; ბენეფიციარებისთვის შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათ მომზადებას სამუშაოს ძიების ტექნიკების და შრომითი ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში; საკუთარი თავის შესწავლეზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის, ჯგუფური კონსულტაციის და დასაქმებაზე ორიენტირებული კონსულტაციის მომსახურების ხელმისაწვდომობას, სამუშაო პოზიციასთან შესაბამისობის დადგენას, ტრენინგის და საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრას და სამუშაოს დაკარგვის რისკების შეფასებას.
კ) ამოცანა 10. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სერვისის მიწოდება სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის პროფესიული რეაბილიტაციის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ხელმისაწვდომი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დადეგმვის მომსახურების შექმნა მნიშვნელოვანი რესურსია პროფესიონალურ კარიერული კონსულტაციაზე მზარდი მოთხოვნის პირობებში. ამ ამოცანის შესრულება სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა. სტანდარტით გათვალისწინებული კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების მომსახურების სერვისის მიწოდება დასაქმებულთათვის უშუალოდ უკავშირდება შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას, ზოგადი პროფესიონალიზმის ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, კარიერის დაგეგმვისა და კონსულტაციის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა რეგიონში/მუნიციპალიტეტში, ნებიმიერი დასაქმებული თუ სამუშაოს მაძიებელი მოქალაქისათვის.
პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სერვისი უნდა იყოს ორიენტირებული ბენეფიციარების გადამზადებაზე, დასაქმებასა და შრომით ბაზარზე დაბრუნებაზე. შესაბამისად მათზე მორგებული სერვისი უნდა მოიცავდეს: დასაქმებასა და შრომით რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ინდივიდუალურ ან ჯგუფურ კონსულტაციას, კარიერის დაგეგმვას, შესაძლებლობების შეფასებასა და ფსიქოლოგიური შეფასებას/თვითშეფასებაზე ორიენტირებული მეთოდოლოგის ხელმისაწვდომობას, კონსულტაციას სპეციალისტებთან /პროფესიონალებთან, შრომითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეფასებას/შესწავლას/ინფორმაციის მოძიებას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციას და სწავლებას სამუშაო ადგილზე.
ლ) ამოცანა 11. პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან
ნებისმიერი ტიპის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მორგებული სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები, მსჯავრდებულები, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები და ა.შ.) საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში (რასაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2006 წელს შემუშავებული „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენცია“, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოც) კონსულტაციის მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს მათ შესაძლებლობებს, მოთხოვნებსა და საჭიროებებს განათლების ნებისმიერ საფეხურსა და კარიერული განვითარების ნებისმიერ ეტაპზე როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით. ამასთანავე, ამ ტიპის ბენეფიციარებისთვის ნებისმიერი კარიერული მომსახურების გაწევისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინკლუზიური განათლების სპეციალისტის, სპეციალური მასწავლებლის (საგანმანათლებლო დაწესებულებებში) და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ასისტენტების მომსახურება.
ნაბისმიერი სახის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება ნებისმიერ ადგილზე, სადაც წარმოებს კარიერული კონსულტაცია, მორგებული უნდა იყოს ეროვნულ უმცირესობებზე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათ მშობლიურ ენაზე.
გარდა იმისა, რომ მსჯავრდებულები და ყოფილი მსჯავრდებულები უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ მომსახურებით, რომლითაც სარგებლობენ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები; ამასთანავე, მათ შემთხვევაში პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს მათი რესოციალიზაცია საზოგადოებასთან და შრომის ბაზარზე.
სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება უზრუნველყოს იმ პირთა პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც არ იმყოფებიან არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სასურველია შემუშავდეს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული შესაბამისი პროგრამები, რომელთა მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ბენეფიციართა დაბრუნება განათლების სისტემაში.
5. გადაჭრის გზები
საქართველოში პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ამოცანების შესრულება შემდეგი გზებით არის შესაძლებელი:
ა) სისტემის მართვა და კოორდინაცია
ვინაიდან პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების მიწოდებაზე პასუხისმგებელია სხვადასხვა უწყება კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან, მათ შორის სამი სამინისტრო: საქართველოს განათლების და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, აღნიშნული სისტემის ფარგლებში წარმართული აქტივობების კოორდინაცია გამოწვევას წარმოადგენს. კონცეფციით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია რეგულარულად მიმდინარეობდეს უწყებათაშორისი კომუნიკაცია, შესრულებული სამუშაოების შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა. ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია სამივე სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის/საბჭოს ფორმირება, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე პასუხისმგებელი იქნება კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების და მიზნების შესრულებაზე. აუცილებელია ჯგუფის წევრებმა ითანამშრომლონ პროფესიულ კონსულტირებასთან დაკავშირებულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ინდიკატორი: შექმნილია საბჭო/საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს საქართველოში კარიერული დაგეგმვისა და კონსულტირების განვითარების ეროვნული კონცეფციით გაწერილი მიზნების შესრულების მონიტორინგს, ასევე დაგეგმავს და გაუწევს კოორდინაციას უწყებათაშორისი აქტივობების განხორციელებას. საბჭოს/საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სამივე, პროცესებზე პასუხისმგებელი სამინისტრო და სისტემაში ჩართული სხვა მონაწილე/დაინტერესებული ორგანიზაციები.
ბ) კარიერული/პროფესიული კონსულტანტების მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება
ქვეყანაში პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს კვალიფიციური კარიერული/პროფესიული კონსულტანტების არარსებობა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო შესაძლებლობების სიმწირით არის განპირობებული. დღესდღეობით, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სტუდენტები რამდენიმე სასწავლო დიციპლინის ფარგლებში ეუფლებიან ცოდნას კარიერული/პროფესიული კონსულტაციის მიმართულებით, თუმცაღა ეს კომპონენტი პროგრამის მცირე ნაწილს წარმოადგენს და არ ხორციელდება ამ სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება. შესაბამისად, კარიერული/პროფესიული კონსულტანტის სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაციის დაუფლება რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში შეუძლებელია. ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს არც პრაქტიკული გამოცდილება, რაც ზღუდავს ასევე შრომის ბაზარზე არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას. აუცილებელია ევროპის ქვეყნების გამოცდილებისა და სახელმწიფოს არსებული რესურსებიდან გამომდინარე შემუშავებულ იქნას კარიერული/პროფესიული კონსულტანტის პროფესიული სტანდარტი და წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მიერ აპრობირებული, ამ მიმართულების სასწავლო კურსის მახასიათებლები. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნეს კარიერული/პროფესიული კონსულტირების სასწავლო კურსის კურიკულუმი, რომელზეც დაყრდნობით დაინერგება აღნიშნული მოდული უნივერსიტეტებში.
საწყის ეტაპზე, კვალიფიციურ კარიერულ/პროფესიულ კონსულტანტებზე მაღალი მოთხოვნის პირობებში, უმჯობესი იქნება თუ შეიქმნება აღნიშნული მიმართულების სამაგისტრო კურსი, რომელიც პროფესიულ სტანდატებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს პროფესიონალების მომზადებას. ამისთვის მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ჩატარდეს კვლევა, რომელიც გამოავლენს პროფესიული/კარიერული კონსულტანტების პროფესიის მახასიათებლებს, რომელთა დაფუძნებითაც შემუშავდება შესაბამისი სასწავლო პროგრამა. პროფესიული კონსულტაციისა და კარიერული მართვის სამაგისტრო კურსზე სწავლის გაგრძელების შანსი ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოპოვებული ექნებათ ბაკალავრის ხარისხი მონათესავე სოციალურ და განათლების მეცნიერებებში, მათ შორის: ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია და სხვ.
კარიერული/პროფესიული კონსულტანტების მოსამზადებელი სამაგისტრო კურსის შექმნა გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც მოითხოვს 2 წლიანი სამაგისტრო კურსის გავლას ან დაჩქარებული ინტენსიური 1 წლიანი კურსის მომზადებას. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებსა და სოციალური მომსახურების ცენტრებში პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, უმჯობესი იქნება მოკლევადიანი მიზნის დასახვა და პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი ტრენინგ მოდულის შექმნა. ტრენინგ კურსი ჩაუტარდებათ იმ სპეციალიტებს, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და/ან მიღებული აქვთ შესაბამისი (ან მონათესავე პროფესიაში) განათლება.
ინდიკატორი: შექმნილია საწყის ეტაპზე გადასამზადებელი/ტრენინგ კურსები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში სამაგისტრო კურსი პროფესიულ კონსულტაციასა და კარიერულ დაგეგმვაში, რომლებიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების ეფექტიანობასა და ხარისხს განაპირობებს.
გ) სახელმძღვანელოების, მეთოდური მასალების, საინფორმაციო ლიტერატურის შემუშავება პროფესიული კონსულტანტებისა და მომხმარებლებისათვის
საჭიროა მომზადდეს თანამედროვე, ევროპული საგანმანათლებლო პრაქტიკისა და უწყვეტი კონსულტირების პოლიტიკის შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები, როგორც პროფესიული კონსულტანტებისთვის, ასევე უშუალოდ ნებისმიერი მომხმარებლისათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში. უზრუნველყოფილ უნდა იქნას სახელმძღვანელოების შემუშავება და მორგება ცალკეულ ჯგუფებზე, როგორც კარიერული/პროფესიული კონსულტირების პრაქტიკოსებისათვის, ასევე ადამიანებისათვის, რომლებიც ცდილობენ კონსულტანტის დახმარების გარეშე თავად დაგეგმონ საკუთარი პროფესიული განვითარება. ამასთანავე, მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოები და საკითხავი მასალა მორგებული უნდა იყოს განათლების სხვადასხვა საფეხურსა და კარიერული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მოქალაქეების და სხვადასხვა სეგმენტზე მომუშავე კარიერული/პროფესიული კონსულტანტების საჭიროებებსა და მოთხოვნილებაზე. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები მორგებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საჭიროებების მქონე პირების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.
ინდიკატორი: შემუშავებულია პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სახელმძღვანელოები, მეთოდური მასალები და საკითხავი ლიტერატურა და ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის მისი საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. არსებული რესურსი ადამიანებს საშუალებას აძლევს სწორად დაგეგმონ საკუთარი კარიერა, ხოლო კარიერის კონსულტანტს ეხმარება ეფექტიანი მომსახურების განხორციელებაში.
დ) ფსიქოლოგიური შეფასების სისტემის შექმნა
კვალიფიციური პროფესიული კონსულტაცია წარმოუდგენელია ადამიანის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლის გარეშე. აუცილებელია შეიქმნას ან/და ადაპტირდეს თანამედროვე საკვლევი ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც პროფესიული კონსულტანტები ეფექტიანი პრაქტიკის განხორციელებას შეძლებენ, ხოლო მომხმარებლები საკუთარი თავის შესახებ ცოდნის ამაღლებას და ამის საფუძველზე კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას. რეკომენდირებულია შეიქმნას ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლის ერთიანი, შეფასების ონლაინ სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს და, ამავე დროს, იქნება სანდო და ვალიდური. ამასთან, ადაპტირდეს ეროვნულ უმცირესობებისათვის, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ადამიანისთვის.
ინდიკატორი: შექმნილია ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლის მეთოდური სისტემა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე კარიერულ/პროფესიულ კონსულტანტს საშუალებას აძლევს შეისწავლოს პიროვნების უნიკალური მახასიათებლები და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელოს კონსულტირება. ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, მორგებულია მათ საჭიროებებს და ემსახურება საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ე) საგანმანათლებლო და ტრენინგ შესაძლებლობების საძიებო სისტემის შექმნა
რეკომენდირებულია შემუშავდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი საძიებო სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების, ტრენინგ პროგრამების და სხვა სახის საგანმანათლებლო კურსების შესახებ. დასაქმების მიმართულების მომუშავე კარიერულ/პროფესიულ კონსულტანტს საშუალება ექნება გამოიყენოს საძიებო სისტემა და დასაქმებულებს ან სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზოს მათთვის შესაფერისი ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურეტუნარიანობას გაზრდის. მოცემული საძიებო სისტემა ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის რაოდენობის ზრდას და მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის შემცირებას, რაც დღესდღეობით სახელმწიფოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კარიერულ/პროფესიულ კონსულტანტებს და მომხმარებლებს კი საშუალებას მისცემს მარტივად მიიღონ საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია და გააზრებულად დაგეგმონ შემდგომი ნაბიჯები.
ინდიკატორი: შექმნილია საგანმანათლებლო შესაძლებლობების ბაზაზე დაფუძნებული ყველასათვის ხელმისაწვდომი საძიებო სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მარტივად მოიძინოს ინფორმაცია საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების, პროფესიულ სასწავლებელთა სასწავლო მიმართულებების, არსებული ტრეინინგ პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.
ვ) პროფესიათა საინფორმაციო სისტემის შექმნა
სრულფასოვანი პროფესიული კონსულტაციის საწარმოებლად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პროფესიათა აღწერილობების საინფორმაციო სისტემის არსებობა, რომელიც მოგვაწოდებს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში არსებული ყველა პროფესიის შესახებ. აღწერილობები შეიცავს პროფესიების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას: სამუშაო აღწერილობა (სამუშაო აქტივობები, დავალებები და ამოცანები); ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები; ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები; დასაქმების არეალი; განათლების დონე; შრომითი ღირებულებები, სამუშაოს სტილი, მონათესავე პროფესიები, ანაზღაურება და დასაქმება, დასაქმების შესაძლებლობები, დამატებითი ინფორმაცია. პროფესიათა აღწერილობების ქსელი წარმოადგენს პროფესიათა სამუშაო აღწერილობების სრულყოფილ ბაზას, რომელიც გამოიყენება სამუშაოს მაძიებლების, სამუშაო რესურსის განვითარების სამსახურების, ადამიანური რესურსის სპეციალისტების, მკვლევრების, სტუდენტების, სამუშაოს მაძიებლების, ორგანიზაციების, სოციალური პარტნიორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული პირების მიერ.
პროფესიათა საინფორმაციო სისტემის შექმნა საჭიროებს მასშტაბურ და მრავალრიცხოვან, ამასთან სისტემატურ კვლევით სამუშაოებს, რომელშიც ჩართულნი უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურები. ის მომხმარებლებს უნდა აწოდებდეს მუდმივად განახლებად და რეალობის შესატყვის ინფორმაციას. შრომის ბაზრის კომპონენტებში პროფესიათა აღწერილობების სისტემა ინფორმაციას უნდა იღებდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემისაგან.
ინდიკატორი: შექმნილია პროფესიათა აღწერილობების საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში არსებული ყველა პროფესიის შესახებ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
[1]ფორმალური განათლება: სტრუქტურული საგანმანათლებლო სისტემა ზოგადი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელმაც შეიძლება აგრეთვე მოიცვას პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამები.
*არაფორმალური განათლება: ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ფორმალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციების (ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების) განვითარებას. არაფორმალურ პროფესიულ განათლებად ითვლება საგანმანათლებო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად მიღებული პროფესიული განათლება.