საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №163/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016898
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „აისის“ წესდების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ წესდების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „მერმისის“ წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№163/ნ
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (№1016‑Iს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ3“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების პირველი მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის N389 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამართალმემკვიდრედ.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანება.
მუხლი 5🔗
ამ ბრძანების მიღება არ უკავშირდება ამავე ბრძანების პირველი მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას.
მუხლი 6🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ცენტრის სამართლებრივი სტატუსი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0167, გმირ კურსანტთა ქ. №1.
მუხლი 2🔗.
ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობები
1. ცენტრის მიზანია:
ა) მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება საქართველოში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;
ბ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, განვითარებისა და მასწავლებლობის უფლების მინიჭების ერთიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
გ) მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში (შემდგომში - სამინისტრო) დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება;
ე) იმ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით.
2. ცენტრის საქმიანობის სფეროა:
ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება:
ბ) საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;
გ) მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
დ) მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლისა და მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია.
ვ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდაციების მომზადება;
ზ) მაძიებლების და სტაჟიორების სკოლაში გამოსაცდელი პერიოდის შესახებ წინადადებების შემუშავება;
თ) მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციების მომზადება;
ი) სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;
კ) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევა.
3. მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) ქმნის სკოლაში არსებული მასწავლებლების ვაკანსიების რეგისტრაციის სისტემებს. ადგენს ვაკანსიების რეგისტრაციის პროცედურებსა და წესებს. ქმნის და ავრცელებს სარეგისტრაციო გზამკვლევებსა და ფორმებს სხვადასხვა მომხმარებლისათვის;
ბ) ამზადებს და ავრცელებს რეკომენდაციებსა და გზამკვლევებს მასწავლებლების, დირექტორებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
გ) მაძიებლების და სტაჟიორების სკოლაში გამოსაცდელი პერიოდის შესახებ ამზადებს და ავრცელებს სხვადასხვა სარეკომენდაციო სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის გამჭვირვალეობას, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ორმხრივ კავშირს;
ე) ქმნის, ავრცელებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უკეთებს რეალიზებას საინფორმაციო ბუკლეტებს, პერიოდულ გამოცემებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს, სასკოლო სახელმძღვანელოებს და თავისი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მასალას;
ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს;
ზ) ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ცენტრებთან, ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;
ი) უზრუნველყოფს იმ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით;
კ) ახორციელებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების მომზადებას/გადამზადებას;
ლ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირებთან;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;
ნ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტების მესაკუთრე;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხავს მასწავლებელთა პერსონალურ მონაცემებს;
ჟ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტის მომზადებას და დასამტკიცებლად სამინისტროსათვის წარდგენას;
რ) შეიმუშავებს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით შეიმუშავებს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ტ) შეიმუშავებს მასწავლებელობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
უ) შეიმუშავებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ფ) ამტკიცებს მასწავლებლის პორტფოლიოს ნიმუშს და მისი მომზადების წესს;
ქ) აცხადებს კონკურსებს;
ღ) მონაწილეობას ღებულობს და ითანხმებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში;
ყ) შეიმუშავებს პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესის პროექტს და ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
შ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ცენტრი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ცენტრის საქმიანობის ანგარიშების დროული მომზადება და წარდგენა სამინისტროსათვის;
ბ) განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები ეფექტურად და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის გამჭირვალობა, საჯაროობა.
მუხლი 3🔗.
ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დირექტორი პასუხისმგებელია ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დირექტორი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას მუდმივმოქმედი კომისია, შეიმუშაოს მისი დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს.
5. დირექტორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ცენტრის თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ხელშეკრულებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. ამოღებულია.
7. დირექტორი ადგენს დაწესებულების შინაგანაწესს. ცენტრის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას შინაგანაწესი.
8. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 4🔗.
ცენტრის ფულადი სახსრები
1. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის მიმდინარე ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
მუხლი 5🔗.
ცენტრის ქონება
ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗.
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში – ყოველკვარტალურად.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗.
ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის წესი
1. ცენტრი წყვეტს საქმიანობას დასახული მიზნის მიღწევის, ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას.
2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
5. ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.